პარლამენტის მიერ არჩეულმა მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას პროკურატურის მომავალზე ისაუბრა და განაცხადა, რომ იგი პროკურატურაში რეფორმების გაგრძელებას აპირებს.
"მადლობა მინდა გადავუხადო პარლამენტის იმ წევრებს, რომლებმაც ნდობა გამომიცხადეს. ვაპირებ პროკურატურის რეფორმირების გაგრძელებას, პროკურორების კვალიფიკაციის ამაღლებას და ასევე სამართლიანობის აღდგენის პროცესის მაქსიმალურად გაძლიერებას", - განაცხადა შოთაძემ.
მთავარი პროკურორის თქმით, მისთვის უცნობია სად გააგრძელებს მოღვაწეობას გიორგი ბადაშვილი.
„გიორგი ბადაშვილისგან ვიცი, რომ ის არ აპირებს პროკურატურაში მუშაობის გაგრძელებას. ჩემთვის ეს სრულიად გასაგებია, ვინაიდან როდესაც პიროვნება უწყების პირველი პირი იყო, ის მუშაობას იქ ვერ გააგრძელებს. მისი გადაწყვეტილება მისაღებია, თუმცა სად გააგრძელებს ბადაშვილი მუშაობას, ეს მისი არჩევანი იქნება", - განაცხადა შოთაძემ.
მისივე თქმით, ის აპირებს იმ მასალების გასაჯაროებასაც, რომელიც საზოგადოებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა.
"მე გაცხადებული მაქვს, რომ მომავალში ვაპირებ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას საზოგადოებისთვის ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით. ვაპირებ მასალების გასაჯაროებას ასევე იმ სისხლის სამართლის საქმეებზე, რომელზეც საზოგადოებაში ინტერესი არსებობს", - აღნიშნა მთავარმა პროკურორმა.