reportiori.ge - ISIS-ის მიერ განადგურებული უძველესი ძეგლები (ფოტოკოლაჟი)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 19:08
მსოფლიო
ISIS-ის მიერ განადგურებული უძველესი ძეგლები (ფოტოკოლაჟი)
ავტორი:
28 ნოემბერი, 2015. 20:10


„ისლამური სახელმწიფოს" შეიარაღებული მებრძოლები სირიასა და ერაყში რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის განადგურებას აგრძელებენ. ტერორისტები უძველეს არქეოლოგიურ ძეგლებს ბულდოზერებითა და ასაფეთქებელი მოწყობილებებით ანგრევენ.


აგვისტოში, ISIS-მა გაავრცელა ვიდეო, რომელმაც მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო. ვიდეოში ასახული იყო დღემდე ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული უძველსი ტაძრის - ბაალშამინის განადგურება პალმირაში. ამის შემდეგ, ასევე გაანადგურეს პალმირას კიდევ ერთი ტაძარი, რომელიც უძველესი ღმერთის - ბაალის სახელობის იყო. როგორც გაეროს სააგენტომ განაცხადა, თანამგზავრული ფოტოების საფუძველზე დადგინდა, რომ ტაძრების დაზიანების ხარისხი სასტიკად მძიმეა.


აღნიშნული ტაძრების განადგურება ტერორისტთა იმ პროპაგანდისტული კამპანიის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც, ერაყში მათ გაანადგურეს მოსულის მუზეუმი და უძველესი ქრისტიანული და ისლამური სალოცავები. ყველაფერი ეს მათ ფირზე აღბეჭდეს და ინტერნეტში განათავსეს.


ISIS-ი სირიის საკმაოდ დიდ ტერიტორიას, ასევე ჩრდილოეთ და დასავლეთ ერაყს აკონტროლებს. მათ უკვე მრავალი ძეგლი გაძარცვეს და გაანადგურეს თავიანთ კონტროლირებად იმ რეგიონში, რომელსაც მთელი მსოფლიო „ცივილიზაციის აკვანს" უწოდებს.


ISIS -ის ტერორისტები მხოლოდ ერთი ნაწილია იმ მრავალი ჯგუფისა, რომლებიც სირიის კონტროლისათვის იბრძვიან. ამ ქვეყანაში მიმდინარე სამოქალაქო ომმა უკვე 230 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მილიონობით კი უსახლკაროდ დატოვა.


ტერორისტების განცხადებით, უძველესი ძეგლების განადგურებას რელიგიური მოტივი აქვს. მათმა მებრძოლებმა მიზანში ასევე ამოიღეს სხვა მუსლიმური სექტების შედარებით ახალი სალოცავები, რადგან ISIS -ის მებრძოლებს ისინი კერპთაყვანისმცემლობად მიაჩნიათ. გარდა ამისა, ISIS -ი არც ძარცვაზე ამბობს უარს, რითაც შემდეგ სამხედრო ოპერაციებისათვის საჭირო ფულს შოულობს. 


„ამ ქმედებებს პროპაგანდისტული მიზანიც აქვს და ამავე დროს გულწრფელიცაა", - ამბობს კოლუმბიის უნივერსიტეტის ისტორიკოსი კრისტოფერ ჯონსი, რომელმაც ბარბაროსული აქტების ქრონოლოგია საკუთარ ბლოგზე გამოაქვეყნა. „მათ საკუთარი თავი ისლამის ადრეული ისტორიის განმმეორებლებად მიაჩნიათ".


წარმოგიდგენთ იმ კულტურულ ძეგლებს, რომლებიც ISIS -მა დააზიანა ან გაანადგურა.




სირია

პალმირა


ქაალაქი პალმირა საუკუნეების მანძილზე ყვაოდა დამასკოს აღმოსავლეთით, უდაბნოში. ძალზედ დიდი იყო მისი როლი, რადგან წარმოადგენდა აბრეშუმუს გზის ერთ-ერთ გაჩერებას. ეს ძალიან შეძლებული, განვითარებული ქალაქი მიეკუთვნებოდა რომის იმპერიას. განვითარების პიკს მიაღწია მე-3 საუკუნის ბოლოს, დედოფალ ზენობიას დროს; ამ პერიოდში ის რომის წინააღმდეგ აჯანყდა.


ახ. წ. 273 წელს ზენობია დამარცხდა, პალმირა რომაელთა არმიამ გაანადგურა და ხელახლა დაიპყრო. უდაბნოს კლიმატის წყალობით, ქალაქის კოლონადები და შთამბეჭდავი ტაძრები საუკუნეების მანძილზე შემორჩა; მე-20 საუკუნეში, პალმირა სირიის ერთ-ერთი უმთავრესი ტურისტული ღირსშესანიშნაობა იყო.


2014 წელს, პალმირა და მიმდებარე ძეგლები ISIS -მა აიღო. ტერორისტები თავდაპირველად ძეგლის კოლონადებისა და ტაძრების ხელშეუხებლობის პირობას დებდნენ. თუმცა, პირობა ყალბი აღმოჩნდა: აგვისტოში, მათ სიკვდილით დასაჯეს სირიელი არქეოლოგი ხალედ ალ-ასაადი, რომელიც ათწლეულების მანძილზე ხელმძღვანელობდა პალმირაში მიმდინარე გათხრებს. ტერორისტებმა მისი ცხედარი კოლონადებზე ჩამოკიდეს.


ამის შემდეგ, ტერორისტებმა გაავრცელეს ფოტოები, სადაც ასახული იყო ბაალშამინის 1 900-წლოვანი ტაძრის აფეთქება. იგი პალმირას ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესოდ შემონახული ნაგებობა იყო, რომელიც თავის დროზე ფინიკიელებმა ქარის ღმერთის პატივსაცემად ააგეს. დღეისათვის, მის ადგილას მხოლოდ ქვების გროვაა.


რამდენიმე დღის შემდეგ, ტერორისტებმა ააფეთქეს ახლომდებარე ბაალის ტაძარიც. გაეროს სააგენტოს ცნობით, მისგან აღარაფერია დარჩენილი.



წმინდა ელიანის მონასტერი


ქრისტიანული მონასტერი „ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტებმა აგვისტოში აიღეს, როდესაც მათ პალმირასთან ახლომდებარე ქალაქი ალ-კარიატენი დაიპყრეს. მე-5 საუკუნის მონასტერი სირიელ ქრისტიან პილიგრიმთათვის მნიშვნელოვან სიწმინდეს წარმოადგენდა. ტერორისტებმა ტაძარი ბოულდოზერით დაანგრიეს, ამის ამსახველი ფოტოები კი ტვიტერზე გამოაქვეყნეს.



აპამეა


სირიის სამოქალაქო ომის დაწყებისთანავე, ჯერ კიდევ მაშინ, სანამ IშIშ-ი გამოჩნდებოდა, სასტიკად გაიძარცვა რომაული ეპოქის სავაჭრო ქალაქი აპამეა. თანამგზავრულ ფოტოებზე, მთელი ქალაქის მასშტაბით მრავალი ორმო ჩანს. ამოღებული და გაყიდულია რომაული მოზაიკები. ISIS -ი არც მალავს, რომ ის უძველეს არტეფაქტებს ყიდის, რითაც ის ოპერაციებისათვის საჭირო მილიონებს შოულობს.



დურა-ევროპოსი


ძველბერძნული დასახლება დურა-ევოპოსი მდინარე ევფრატზე, სირია-ერაყის საზღვარზე მდებარეობს. ბერძნების შემდეგ, ის რომაელთა ერთ-ერთი უკიდურესი აღმოსავლეთი ქალაქი გახდა. დურა-ევოპოსი განთქმული იყო მსოფლიოში უძველესი ქრისტიანული ტაძრით, ბრწყინვალედ დეკორირებული სინაგოგითა და რომაული პერიოდის სხვა მრავალი ტაძრითა და შენობით. თანამგზავრული ფოტოებით ნათელი ხდება ქალაქის მძიმე დაზიანებებისა და გაძარცვის შესახებ.



მარი


მარი ბრინჯაოს ხანაში ყვაოდა, ძვ. წ. 3000-1600 წლებში. არქეოლოგების მიერ აღმოჩენილია სასახლეები, ტაძრები და თიხის ნაჭრებზე შესრულებული მრავალი წარწერა, რომელიც ნათელს ჰფენს რეგიონის ცივილიზაციის ადრეულ დღეებს. როგორც თანამგზავრული ფოტოებიდან და ადგილობრივთა მონათხრობიდან ხდება ნათელი, ძეგლი, განსაკუთრებით კი სამეფო სასახლე სისტემატიურად იძარცვება.




ერაყი

ჰათრა


ძვ. წ. მე-3 საუკუნეში აშენებული ჰათრა რომის იმპერიის განაპირა რეგიონების დამოუკიდებელი დედაქალაქი იყო. მის არქიტექტურაში კომბინირებულია ბერძნულ-რომაული მახასიათებლები. წარმოადგენდა მნიშვნელოვან სავაჭრო ცენტრს აბრეშუმის გზაზე. 1985 წელს, იუნესკომ ჰათრა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.


2014 წელს, ჰათრა ISIS -მა დაიკავა და როგორც ცნობილი გახდა, ის მას სანაგვედ და საწვრთნელ ბანაკად იყენებდა. 2015 წლის აპრილში გავრცელებული ვიდეოში ნაჩვენები იყო თუ როგორ ანგრევდნენ ტერორისტები უროებითა და ავტომატებით ძეგლის უმსხვილეს ნაგებობათა სკულპტურებს.


„ჰათრას დანგრევა საწყისი წერტილი აღმოჩნდა ტერორისტთა იმ საზარელი სტრატეგიისა, რომელიც ერაყში კულტურული მემკვიდრეობის სრულ განადგურებას გულისხმობს", - აღნიშნავს იუნესკოს ხელმძღვანელი ირინა ბოკოვა.



ნინევია


ერთ-ერთი ნამდვილი იმპერია - ძველი ასურეთი, ახლო აღმოსავლეთში იყო გადაჭიმული და ძველი მსოფლიოს ამ ვრცელ ტერირტორიას ძვ. წ. 900-600 წლებში აკონტროლებდა. ასურელი მეფეები სახელმწიფოს სხვადასხვა დედაქალაქებიდან მართავდნენ, რომლებიც თანამედროვე ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. ერთ-ერთი მათგანი იყო ნინევია, რომელიც ძვ. წ. 700 წლისთვის, იმპერატორ სინახერიბის ზეობისას ყვაოდა. იმ დროისათვის, ნინევია მსოფლიოს უდიდესი ქალაქი იყო.


ნინევიის ნანგრევებზე თანამედროვე ქალაქი მოსულია აშენებული, რომელიც ISIS -მა 2014 წელს აიღო, რის შედეგადაც, უძველესი ძეგლი ტერორისტთა ხელში აღმოჩნდა. ნინევიის ბევრი სკულპტურა მოსულის მუზეუმში ინახებოდა. ტერორისტების მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ანადგურებენ ისინი მუზეუმის ქანდაკებებს. მეცნიერთა ვარაუდით, მუზეუმში აღარეფერი გადარჩა.



მოსულის მუზეუმი და ბიბლიოთეკები


როგორც კი ISIS -მა მოსული დაიკავა, უმალ დაიწყო მისი ბიბლიოთეკებისა და უნივერსიტეტების ძარცვა. მოიპარეს საუკუნეების ხელნაწერები და ათასობით წიგნი, რომლებიც მსოფლიოს შავმა ბაზარმა შთანთქა. გასული წლის დეკემბერში დაწვეს მოსულის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა. თებერვლის ბოლოს, ISIS -ის კამპანია კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში შევიდა: ააფეთქეს 1921 წელს აშენებული მოსულის ცენტრალური ბიბლიოეთეკა, სადაც ათასობით წინგი და არაბ მეცნიერთა ხელსაწყოები ინახებოდა.


წიგნების დაწვა დაემთხვა ტერორისტთა მიერ გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ასახული იყო მოსულის მუზუემის განადგურება. ეს მუზეუმი მეორე უდიდესი იყო ერაყში, ბაღდადის მუზუემის შემდეგ. ქანდაკებებს შორის იყო შედევრები ჰათრადან და ნინევიიდან.


გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტის ერაყის საველე ოფისის ხელმძღვანელი, მარგარეტ ფონ ესის თქმით, დაკვირვებული თვალი ადვილად შენიშნავს, რომ მუზეუმში განადგურებულ ქანდაკებათა დიდი ნაწილი, რაც ვიდეოში ჩანს, მხოლოდ ასლია, ორიგინალთა დიდი ნაწილი ბაღდადის მუზუემში ინახება.



ნიმრუდი


ნიმრუდი ასურეთის პირველი დედაქალაქი იყო; დაარსდა 3 200 წლის წინ. მის მდიდარ დეკორაციებში ასახულია იმპერიის ძალაუფლება და სიდიადე. 1840-იანი წლებიდან ძეგლს ბრიტანელი არქეოლოგები იკვლევდნენ, რომლებიც დიდძალ ქვის სკულპტურებს მთელი მსოფლიოს მუზეუმებში გზავნიდნენ; მათ შორის, ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ-მუზეუმსა და ბრიტანეთის მუზეუმში (ლონდონი). მრავალი ორიგინალი ერაყში დარჩა.


თავის მხრივ, ძეგლი საკმაოდ მასიურია: თიხის კედელი დაახლოებით 890 აკრზეა გადაჭიმული. ერაყის ტურიზმისა და სიძველეთა მინისტრის განცხადებით, ISIS -მა ძეგლის გარკვეული ნაწილი ბულდოზერით დაანგრია, თუმცა დანარჩენი ნაწილის დაზიანების შესახებ არაფერია ცნობილი. იგი იმედოვნებს, რომ ქალაქის გარკვეული ნაწილი ჯერ კიდევ არაა აღმოჩენილი და მიწის ქვეშ ინახება.



დურ-შარუქინი


დურ-შარუქინი (იგივე ხორსაბადი) ასურეთის კიდევ ერთი დედაქალაქი იყო, რომელიც მოსულიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. ძვ. წ. 712-706 წლებში მეფე სარგონ II-მ სასახლე ააგო. მისი რელიეფები და ქანდაკებები განსაკუთრებით კარგად იყო დაცული. კარგად იყო შემორჩენილი თავდაპირველი მხატვრობაც და წარწერები, რომელნიც ასურელთა გამარჯვებებისა და სამეფო პროცესიების შესახებ იუწყებოდნენ.


რელიეფთა და ქანდაკებათა დიდი ნაწილი 1800-იან წლებში ფრანგმა არქეოლოგებმა წაიღეს, 1920-30-იან წლებში კი ჩიკაგოს აღმოსავლური ინსტიტუტის ჯგუფმა. დურ-შარუქინის მრავალი ქანდაკება დღეს დაცულია ბაღდადის მუზეუმში, ჩიკაგოსა და ლუვრში. უცნობია, რა ნაწილი გაანადგურა ISIS -მა.


„არ გვაქვს იმის დამადასტურებელი ფოტოები, თუ რა დონეზე მიდის დაზიანებები", - აღნიშნავს ფონ ესი. „ცნობები მის შესახებ მხოლოდ ადგილობრივებისა და ერაყის სიძველეთა სამინსიტროსგან გვაქვს".



მარ-ბეჰნამის მონასტერი


მე-4 საუკუნეში დაარსებული მონასტერი ადრეულ ქრისტიან წმინდანს ეძღვნებოდა. ეს წმინდა ადგილი 1800-იანი წლებიდან მასპინძლობდა სირიელ კათოლიკე ბერებს. აღსანშინავია, რომ მონასტერი 1200-იან წლებში მონღოლთა თარეშს გადაურჩა, მაგრამ 2015 წლის მარტში, ISIS -ის წინაშე უძლური აღმოჩნდა. ტერორისტებმა ის ააფეთქეს.



იონა წინასწარმეტყველის მეჩეთი


მოსულის იონა წინასწარმეტყველის მეჩეთი ბიბლიური პერსონაჟის, იონას პატივსაცემად იყო აშენებული, რომელსაც მრავალი მუსლიმი წინასწარმეტყველად აღარებს. თუმცა, ისლამის ISIS -სეული ინტერპრეტაციით, ისეთ წინასწარმეტყველთა თაყვანისცემა, როგორიც იონაა, აკრძალულია. 24 ივლისს, ტეროროსტებმა მეჩეთი ააფეთქეს.


ერაყის სხვა მრავალი ძეგლის მსგავსად, ეს მეჩეთის ისტორიის მთელ ფენებს ინახავდა. აშენებული იყო ქრისტიანული ტაძრის ნანგრევებზე, რომელიც თავის მხრივ ასურეთის ქალაქ ნინევიის ძეგლის ნანგრევებზე იყო აშენებული.



იმამ დურის მავზოლეუმი


ქალაქ სამარის სიახლოვეს მდებარე იმამ დურის მავზოლეუმი შუა საუკუნეების ისლამური არქიტექტურისა და დეკორირების ბრწყინვალე ნიმუში იყო. 2015 წლის ოქტომბრის ბოლოს, ის ISIS -ის ტერორისტებმა ააფეთქეს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო:   „საზოგადოებრივი მაუწყებელი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016