ისლამურ სახელმწიფოსთან შესაძლო კავშირის ბრალდებით ოზურგეთის რაიონში 23 წლის მამაკაცი დააკავეს. ჯამბულ აბდულაევის ასაყვანად დაბა ნასაკირალში სპეცოპერაცია ჩატარდა. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულის სახლის ჩხრეკისას ამოიღეს ISIS-ის დროშა, ხელმყუმბარა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი. ჯამბულ აბდულაევის ისლამურ სახელმიწფოსთან კავშირს კატეგორიულად უარყოფენ მისი ოჯახის წევრები.
„ლიმონკა, დროშა შენიაო, ამ რუქაზე აღნიშნულია ადგილებიო, ტერორისტებთან გაქვს კავშირიო და წაიყვანეს,"- აცხადებს დაკავებულის დედა მარინა ვანაძე.
სპეცოპერაციის დეტალებს იხსენებს დაკავებულის მამა ზეინაუ აბდულაევიც: „გვეძინა ჩვენ. კარები გატეხეს, ვითომ იარაღი ნახეს. ვლოცულობ მე რა ვქნა მეტი. სახლში იყო არ გადასულა არც თურქეთში, არც არსად. ჩემებთან მუშაობდა ჩაიში."