გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, გერმანია მზად არის, წელს თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხის განხილვა დაიწყოს და თურქეთთან უვიზო რეჟიმის შემოღების პროცესი დააჩქაროს.
თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმედ დავუთოღლუმ 29 ნოემბერს „ისტორიული დღე" უწოდა.
გუშინ, ბრიუსელში გამართულ ევროკავშირ-თურქეთის სამიტზე მხარეები მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის თურქეთისთვის ფინანსური დახმარების გაწევასა და თურქეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხზე მუშაობის დაწყებაზე შეთანხმდნენ.
„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ყოველწლიურად ორ სამიტს ჩავატარებთ და გაწევრიანების პროცესს დავაჩქარებთ, ასევე, უვიზო რეჟიმის საკითხზე კალენდარს შევადგენთ. ეს არის ისტორიული დღე და ისტორიული სხდომა", - განაცხადა აჰმედ დავუთოღლუმ.
ევროკომისიის თავმჯდომარის ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებით, თურქეთთან უვიზო რეჟიმი შესაძლოა 2016 წლის შემოდგომაზე დაწესდეს.
ევროკავშირი-თურქეთის სამიტზე ასევე გადაწყდა, რომ ევროკავშირი თურქეთს 3 მილიარდ ევროს გადასცემს იმისთვის, რომ ქვეყანამ საზღვრების კონტროლი გააძლიეროს და ის მიგრანტები მიიღოს, რომლებმაც ევროპაში ლტოლვილის სტატუსი ვერ მიიღეს.