პროკურორობის კანდიდატი ირაკლი შოთაძე პარლამენტის წინაშე წარსდგა და დეპუტატების კითხვებს უპასუხა. მას დეპუტატებმა ჰკითხეს, თუ რა ეტაპზეა პროკურატურაში მიხეილ სააკაშვილის, ზურაბ ადეიშვილის და დავით კეზერაშვილის სისხლის სამართლის საქმეების წარმოება:
„ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილს 4 ბრალი აქვს წაყენებული. პირველია „SDS"-ის ხარჯების გაფლანგვა, გირგვლიანის მკვლელების უკანონო შეწყალების ფაქტზე უფლებამოსილების გადამეტების კუთხით მიმდინარეობს ძიება, ვალერი გელაშვილზე ანგარიშსწორების მუხლით და ბრალდებულია ასევე 7 ნოემბრის საქმეზე, სადაც მას ბრალი ედება მშვიდობიანი მომიტინგეების დაშლაში, თავდაცვის სამინისტროს ძალების უკანონო გამოყენებაში, ასევე ტელევიზია „იმედში" სპეცრაზმის შეყვანაზე, მაუწყებლობის გათიშვაზე, ქონების განადგურებაზე. შემდგომ კი ბადრი პატარკაციშვილისთვის ქონებრივი აქტივების წართმევაზე. საკმაოდ მოცულობითი სისხლის სამართლის საქმეა. ყველა ეს საქმე სასამართლოშია და მიმდინარეობს არსებითი განხილვები.
ადეიშვილი და კეზერაშვილი 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილთან ერთად არიან ბრალდებულები. ზურაბ ადეიშვილი ბრალდებულია „ქართუს" გაკოტრების საქმეში, რომელზეც მიმდინარეობს პროცესი, ბრალდებულია სასჯელაღსრულების თანამშრომლების წამების წაქეზებაზე.
დავით კეზერაშვილი ბრალდებულია თავდაცვის სამინისტროს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე, რაც გულისხმობს უცხოურ კომპანიასთან გაფორმებულ ფიქტიურ ხელშეკრულებას თავდაცვის დანაყოფების სწავლებასთან დაკავშირებით, რაც რეალურად არ მომხდარა და მიითვისეს თანხები. 5 მილიონ ევროზე მეტი. კეზერაშვილი ასევე ბრალდებულია ნიჟარაძის აქტივების იძულებით დათმობის ფაქტზე", - აღნიშნა ირაკლი შოთაძემ.