უკრაინულ ტელეკომპანია „NEWSONE"-თან ინტერვიუში ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის ყველაფერს გააკეთებს კორუფციის აღმოფხვრისთვის და უკან არ დაიხევს არაფრის წინაშე.
„მე არ მეშინია ფიზიკური ლიკვიდაციის", - განაცხადა სააკაშვილმა. მან კიდევ ერთხელ ისაუბრა უკრაინის პრემიერ არსენ იაცენიუკსა და მის გარემოცვაზე და აღნიშნა, რომ პრემიერი იმ მეგობრებს მფარველობს, რომლებიც კორუფციულ გარიგებაში არიან მხილებულნი.
- მიმაჩნია, რომ უკრაინაში საკმარისი ხალხია. მე თავს უცხოდ არ ვგრძნობ უკრაინაში, წინააღმდეგი ვარ, საბაჟო გადავცეთ ამერიკელებს ან ინგლისელებს იმ მიზნით, რომ მათ უზრუნველყონ ადმინისტრირება.
- ამერიკელებს და ინგლისელებს რომ არა და ქართველებს მისცეთ?
- არსებობს გარკვეული სახის ქართული გამოცდილება. რაღაც მხრივ, ქართველები და უკრაინელები ერთ ბრძოლაში ვართ ჩართულები, ეს არის საერთო ბრძოლა ჩვენი მომავლისათვის. თუ უკრაინას მომავალი არ აქვს, მაშინ არც საქართველოს აქვს. მე მართლა მიმაჩნია, რომ სახლში ვარ, უცხოდ არ ვგრძნობ თავს, მე მიმაჩნია, რომ უკრაინას რომ ვეხმარები, ამით საქართველოსაც ვეხმარები, მოლდოვასაც და კიდევ სხვა ქვეყნებსაც.
- თქვენ ებრძვით ძველ სისტემას და არ გეშინიათ, რომ ერთ დღესაც მოგკლავენ?
- მე არ მეშინია ფიზიკური ანგარიშსწორების. როდესაც მე ოდესაში დავიწყე რაღაცების შეცვლა, ერთ-ერთმა ოლიგარქმა გამოიძახა თავისი ხალხი, რომლებსაც ჩვენც ვიცნობდით და უთხრეს, რომ აი, ჩვენ გიხდით მილიონ დოლარს და მიდით და მოკალით სააკაშვილიო. სინამდვილეში კი ეს იყო გაკეთებული ერთადერთი მიზნით, რომ მე შევეშინებინე. ხოლო როდესაც მე მაცნობეს ამის შესახებ, ვუპასუხე, რომ უბრალოდ არ მიექციათ ყურადღება. მსგავსი ადამიანები სინამდვლეში ძალიან სუსტები არიან. ის, რისიც მე მეშინია, ეს არის ერის რეაქცია. ჩვენ ყველას უნდა გვეშინოდეს ჩვენი ერის და არა ვიღაც ოლიგარქების.
- იგივე რომ ხდებოდეს საქართველოში, რაც ოდესაში ხდება, ჩაერეოდით?
- საქართველოში ეს ვერ მოხდება, რადგან საქართველოში ყველა სახელმწიფო საწარმოების პრივატიზება მოვახდინეთ ჩემი მმართველობის პირველივე წელს. როდესაც ყიდი სახელმწიფო საწარმოს, პირველ რიგში, შენ იღებ ფულს და ჩვენ მაშინ საერთოდ არ გვქონდა ფული. მერე ავაშენეთ გზები და სხვა რაღაცები, ინფრასტრუქტურა, ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები. მერე, ჩვენ ამ ფულით ვიხდიდით გადასახდებს. ჩვენთან კი უკრაინული სახელმწიფო საწარმოები არც ფულს იხდიან და არც გადასახადებს, ანუ ჩვენ ორმაგი ზარალი გვაქვს ბიუჯეტში.
- მაშინ, ამ საქმეში უკრაინის პრეზიდენტი რატომ არ ერევა?
- იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანია დაინტერესებული სტატუს-კვოს შენარჩუნებით.