ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლების კორუფციულ საქმეებთან დაკავშირებით თათბირი გამართა. მან თათბირზე ოდესის ადმინისტრაციის 26 ხელმძღვანელი მიიწვია და წარუდგინა სქემა, თუ როგორ მიედინება ბიუჯეტის ფული ჩინოვნიკების ჯიბეებში.
მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პრემიერ-მინისტრი არსენ იაცენიუკი გააკრიტიკა. სააკაშვილმა იაცენიუკი ერთ-ერთი ავსტრიული ფირმის ლობირებაში დაადანაშაულა:
„კონტრაქტი ავსტრიულ კომპანიასთან, რომელიც ამ კორუფციული სქემის ნაწილია, გაფორმდა ჩვენს თვალწინ, დღისით-მზისით, რომელიც დაამტკიცა პრემიერ-მინისტრმა და ყველა წამყვან პოზიციაზე თავისი მეგობრები დანიშნა. საუბარია ჟვანიასა და მარტინენკოზე.
გუშინ ხელისუფლებამ, უფრო სწორად სახელმწიფო ქონების მართვის უწყებამ გვიპასუხა, რომ ამ კონტრაქტზე შეტევით, ჩვენ გვსურს საწარმოს ფასის დაგდება, რაც გარკვეული ოლიგარქების დაკვეთაა. ანუ, მთავრობის წინააღმდეგ ჩვენი შეტევა, იაცენიუკის ხელისუფლების განცხადების თანახმად, ჰგავს შეტევას მარგარეტ ტეტჩერის წინააღმდეგ, როცა მან პრივატიზაციის პროცესი დაიწყო. მაგრამ გარწმუნებთ, იაცენიუკი მარგარეტ ტეტჩერი არ არის", - თქვა სააკაშვილმა.