reportiori.ge - გიორგი ჟვანია: ოჯახს შეკითხვა გვაქვს – ზურას საქმეზე სასამართლო პროცესები რატომ იწელება?!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 23:44
პრეს-დაიჯესტი
გიორგი ჟვანია: ოჯახს შეკითხვა გვაქვს – ზურას საქმეზე სასამართლო პროცესები რატომ იწელება?!
ავტორი:
30 ნოემბერი, 2015. 15:29


იაშარ უსუპოვი: საბურთალოს ქუჩის 53ა-ში (სადაც ზურა და რაული მოკლულები მიიტანეს) გაზის სისტემაში წნევას მოუმატეს მთელი კორპუსის ასაფეთქებლად!


გასულ კვირას ზურაბ ჟვანიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოში ექსპერტ ლევან ჩაჩუას პროცესი უნდა გამართულიყო, ხოლო საქალაქოში - პროკურორების როსტომ ლაზარიას და მამუკა გვარამიასი. მაგრამ ორივე პროცესი გადაიდო. „არ ვიცი, ზურას საქმეზე სასამართლო პროცესები რატომ იწელება", - ამბობს ზურაბ ჟვანიას ძმა გიორგი ჟვანია და პროკურატურისგან სიახლეებს ელოდება:


- ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით მუშაობა გრძელდება, მოვლენებს წინ არ გავუსწრებ. ახლო მომავალში - ახალ წლამდე, პროკურატურა განცხადებას გააკეთებს, საზოგადოება სულ მალე ძალიან სერიოზულ სიახლეს გაიგებს.


- გამოძიების პროცესში ახალი პირები თუ ჩაერთნენ და პროკურატურის განცხადებამდე მოხდება თუ არა გვამის ექსჰუმაცია?

 

- მე მხოლოდ გამომძიებლებთან მაქვს ურთიერთობა. რაც შეეხება ექსჰუმაციას, პროკურატურის განცხადებამდე არ ჩატარდება.


- გასულ კვირას ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით ორი პროცესი უნდა გამართულიყო - ექსპერტ ლევან ჩაჩუასი და პროკურორების როსტომ ლაზარიას და მამუკა გვარამიასი. პროცესების გადადების მიზეზები იცით?

 

- ამასთან დაკავშირებით ოჯახსაც გვაქვს შეკითხვა რატომ იწელება ეს პროცესები? ამაზე კომენტარი სასამართლომ უნდა გააკეთოს.


- თქვენი ამჟამინდელი ინფორმაციით, დაიკითხება თუ არა მიხეილ სააკაშვილი?

 

- გასაგები მიზეზების გამო, ჯერჯერობით სააკაშვილი მიუწვდომელია, მაგრამ, ბუნებრივია, დადგება დრო და დაიკითხება.


- ჟვანიას საქმეში სამსახურებრივი გულგრილობისთვის მსჯავრდადებულ კობა ხარშილაძეს პატიმრობის ვადა დეკემბერში ეწურება, მიხეილ ძაძამია თავისუფალია. მათთან შეხვედრა თუ სცადეთ?

 

- მრავალი წელია, მათთან კონტაქტი არ მქონია. თავიდან შევხვდი, როდესაც ამ საქმის დეტალები მაინტერესებდა. ბევრი საგულისხმო ფაქტი მაშინვე ამოტივტივდა მას შემდეგ, რაც მათ ჩაიდინეს და რაც სასამართლოზე ილაპარაკეს, ჩვენი შეხვედრა სხვა შედეგით დამთავრდება, ამიტომ თავს ვიკავებ. ბუნებრივია, არც თვითონ უცდიათ ჩვენთან დაკავშირება.



იაშარ უსუპოვი, რაულ უსუპოვის მამა: - სასამართლო პროცესების გადადების მიზეზები არ ვიცი, მაგრამ გამოძიება გრძელდება. ჩემთვის ცნობილია, რომ წლის ბოლომდე ჟვანიასა და უსუპოვის საქმის გადაკვალიფიცირება მოხდება. მოლოდინის რეჟიმში ვართ. ექსჰუმაციის საკითხი ისევ დღის წესრიგშია, მაგრამ თარიღზე საუბარი ჯერჯერობით არ ყოფილა. მთავარია, რომ საქმეს სხვა კვალიფიკაცია მიეცემა - გაზით გაგუდვა მკვლელობით შეიცვლება.


- აქამდე საქმე სამსახურებრივ გულგრილობას ეხებოდა...

 

- დიახ, ძაძამია, ხარშილაძე და ჩაჩუა სწორედ ამ მუხლით გაასამართლეს.როცა საქმე სხვა მიმართულებით წავა, მათი დაპატიმრება რთული არ იქნება. ეჭვი აღარ არის, რომ ჩაჩუამ ტყუილები თქვა და დავალება შეასრულა (მაგას არავინ შეეკითხებოდა, რა ეთქვა). ასევე მოიქცნენ ხარშილაძე და ძაძამია. პროკურატურა ყველაფერს მალე გამოააშკარავებს, მანამდე კი ძაძამიასა და ხარშილაძის ქმედებებს ნაფიცმა მსაჯულებმა მისცეს შეფასება - ისინი დამნაშავეებად ცნეს და ამით ჟვანიას მკვლელობაზე საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის აზრი დააფიქსირეს.


- ლევან ჩაჩუა ამბობდა, რაულ უსუპოვის მამას შევხვდები და თვალებში ჩავხედავო. შეგხვდათ?

 

- მაგას მაშინ ამბობდა, როცა დაჭერილი იყო და უჭირდა. სასამართლოში სიტყვის მასალად გამოიყენა, თითქოს მართალი კაცი იყო. ორი წელია, თბილისში ვარ, თვითონაც თავისუფალია, რომ მოენდომებინა, მნახავდა, არც ტელეფონის ნომრის გაგება გაუჭირდებოდა. ბოლო პერიოდში სასამართლოშიც დამინახა, ძაძამია-ხარშილაძის პროცესებზეც დადიოდა, რატომ არ მოვიდა, რატომ არაფერი მითხრა?! ჩემთან მოახლოებაც არ უცდია. მესალმებოდა ძაძამია, რომელიც სასამართლოს დერეფნებში მხვდებოდა. ძაძამიამ თვითონაც იცის, რომ მისი არცერთი სიტყვა სიმართლე არ არის.


- მიხეილ ძაძამია საქართველოშია?

 

- აქ იქნება, მაგისთვის მილიონები არ გადაუხდიათ, სადმე რომ წასულიყო და თავშესაფარი ეპოვა. ჩემი შვილისა და ზურაბ ჟვანიას მკვლელობით ფული სხვებმა იშოვეს, იგივე კობა ხარშილაძემ, რომელიც ციხეში კი ზის, მაგრამ ზურას ღალატით მილიონერი გახდა.


- სააკაშვილს პასუხისმგებლობა დაეკისრება?

 

- ყველაფრის თავი და თავი სააკაშვილია, ეს მკვლელობა მისი ხელმძღვანელობითა და მასთან შეთანხმებით განხორციელდა, მაგისი გეგმით იმუშავეს. სწორედ სააკაშვილს აწყობდა ზურაბ ჟვანიას მოშორება და არა - სხვებს. როცა ჟვანიაზე კითხვებს უსვამდნენ, იბნეოდა და ნერვიულობას იწყებდა, ისევე,როგორც ვანო მერაბიშვილი. მახსოვს, როცა ინგა გრიგოლიამ ჰკითხა - თქვენი აზრით, ეს მკვლელობა იყო თუ გაზით გაგუდვაო, მერაბიშვილი დაიბნა, ორი-სამი წუთი ხმა ვერ ამოიღო, მერე ძლივს ამოღერღა, გაზით გაგუდვა იყოო. დაცვის წევრებმა სააკაშვილს რომ დაურეკეს, ჟვანია უხერხულ სიტუაციაში ვნახეთო, იმან ჩვეულებრივად უპასუხა, ამ ყველაფერს ვანო მიხედავსო. ესე იგი, მკვლელობის შემდეგ ყველა სცენარი მერაბიშვილმა დადგა.


- როგორ გგონიათ, ვინ არიან მკვლელობის შემსრულებლები - უცხოელები თუ საქართველოს მოქალაქეები?

 

- ჩვენების შემსრულებელი იქნება, მაგრამ არა მგონია, მკვლელობა უშუალოდ ძაძამიასა და ხარშილაძეს ჩაედინათ. ძაძამია გარკვეულ ადგილზე ჩამოსვეს და დავალება მისცეს, რა უნდა ელაპარაკა. რაც შეეხება ხარშილაძეს, ყველაფერი წინასწარ იცოდა,დაცვის უფროსი იყო, იმ საღამოს მცხეთის რესტორნიდან საეჭვო პირებს უკავშირდებოდა, ყველა ინფორმაციას ფლობდა. ზურას მკვლელობის მერე ამის გამო დააწინაურეს და მილიონერი გახადეს. დასკვნის სახით შემიძლია ვთქვა, რომ ეს საქმე რამდენიმე ათეულმა ადამიანმა ჩაიდინა, ნაციონალური მოძრაობის იმ წევრებმა, რომლებიც კიდევ გამოდიან, ამ მკვლელობას ხელს აფარებენ და ისევ იმ ჯგუფის - ბანდიტებისა და ყაჩაღების დავალებებს ასრულებენ. ბუნებრივია, ესენიც დანაშაულის თანამონაწილეები არიან, საკუთარი ნებით ისვრიან ლაფსა და ტალახს. ხალხს სწორედ ამიტომ ეჯავრება ნაციონალური მოძრაობა. ვისაც მამაკაცების სადისტური გაუპატიურება და ადამიანების წამება შეუძლია, მკვლელობა გაუჭირდება? ამათგან ყველაფერია მოსალოდნელი, მათ შორის, ტერორისტული აქტებიც. სააკაშვილი ყოვლად დაუნდობელია, ზურასა და რაულის მკვლელობის ღამეს, 2005 წლის 3 თებერვალს, იმ კორპუსში (საბურთალოს ქუჩა № 53ა), სადაც ზურა და რაული მოკლულები მიიტანეს, გაზის სისტემაში ხელოვნურად ასწიეს წნევა, მთელი მოსახლეობა გაზით ასაფეთქებლად და ჰაერში ასაწევად გაიმეტეს. ეს იყო მიზანმიმართული ქმედება, რათა მერე თავი ემართლებინათ, მარტო ზურა და რაული კი არა, მთელი კორპუსი გაზმა შეიწირაო. საქართველოს ყველა დღევანდელი პრობლემა და უბედურება სააკაშვილისგან მოდის. ხმამაღლა ვამბობ - სააკაშვილი ქართველი ერის მტერია!


- ლევან სამხარაულის მამასთან თუ გქონიათ საუბარი?

 

- ერთმანეთს არასოდეს შევხვედრივართ. ამ მკვლელობის შესახებ ყველაზე მეტი ინფორმაცია ლევანს ჰქონდა, მისი ზედამხედველობით მოხდა გვამების გაკვეთა, ამიტომაც მოიშორეს. დადგენილებაში სწორედ მან ჩაწერა, რომ შემთხვევის ადგილზე არც ზურას თითის ანაბეჭდები იყო, არც - რაულის. ფაქტობრივად, სიმართლე თქვა,რომ ეს ადამიანები იმ ბინაში გაზით კი არ გარდაიცვალნენ, არამედ მოკლულები მიიტანეს. მისი ინფორმციები საქმეშია ჩადებული.


- ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობა წყნეთის გზაზე მოხდა. რას იტყვით ამის შესახებ?

 

- რამდენიმე ვერსია განიხილება, ამ საკითხებზე პროკურატურა მუშაობს. დაველოდოთ შედეგებს.


- თქვენი ვაჟი სააკაშვილს ახლოს იცნობდა?

 

- ალბათ, შეხების წერტილი ჰქონდათ, სხვანაირად სააკაშვილი ვერ დაავალებდა, რომ იმ ღამეს რაულისთვის დაერეკათ. ჩემს შვილს თუ ვერ დაუკავშირდებოდნენ, სხვას დაურეკავდნენ. ის მოატყუეს.


- რაულის ვაჟი რამდენი წლისაა? ზურაბ ჟვანიას ვაჟმა ბუსამ მამის ყოფილ მეგობარს გიორგი ბარამიძეს მამის გამო პასუხი მოსთხოვა - მოკლედ რომ ვთქვა, სცემა...

 

- გიორგი ბარამიძე ზურას პირველი მოღალატეა. კარგად მახსოვს მისი სიტყვები: სანამ მივხვდები, რა მოხდა, სააკაშვილის გვერდზე ვიდგებიო. მიხვდა, რომ სააკაშვილმა მკვლელობა ჩაიდინა, მაგრამ დღესაც მის გვერდზე დგას. ბარამიძე გალახვის ღირსი იყო და გაილახა კიდეც - ჯერ სად არის, კიდევ ბევრჯერ უნდა გაილახოს. რაც შეეხება რაულის შვილს, ის ჯერ 12 წლისაა, ჭკუაში ჩავარდება და თავის სიტყვას იტყვის. როგორ ფიქრობთ, დამნაშავეებს პასუხი არ უნდა მოსთხოვოს? სააკაშვილი და ბარამიძე არამარტო დამნაშავენი არიან, არამედ ქვეყნისა და მეგობრის მოღალატეები.


P. S. ზურაბ ჟვანიას მკვლელობიდან 10 წლის შემდეგ, ამა წლის თებერვალში, ლევან სამხარაულის მამამ ვანო სამხარაულმა ტელეკომპანია „იმედის" ჟურნალისტთან შეხვედრისას ჟვანიას საქმესთან მისი ვაჟის დამოკიდებულების თაობაზე შემდეგი განაცხადა: „ ლევანს თავისი მოსაზრებები ჰქონდა, ის მოსაზრებები არ იყო სამსახურებრივი... თავისი მოსაზრებები ჟვანიაზეც ჰქონდა, რაღაც-რაღაცები... ეს არ იყო იმ ექსპერტიზის  - ექსპერტიზა რაც ევალებოდა, ის გააკეთებინა ბრწყინვალედ. შეიძლება, ეგ ცოცხალი რომ ყოფილიყო, რამე ეთქვა, ესაუბრა კიდეც..." რა თქმა უნდა, ლევან სამხარაული, ცოცხალი რომ ყოფილიყო, აუცილებლად ილაპარაკებდა. მაგრამ საინტერესოა, ნუთუ ვანო სამხარაული დღესაც იმას ფიქრობს, რომ დავით მჭედლიშვილმა მისი შვილი ყმაწვილობისდროინდელი წყენის გამო დახვრიტა? მითუმეტეს, ერთ-ერთი ინფორმაციით, ჟვანიასა და უსუპოვის მკვლელობიდან რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც ლევან სამხარაული გვამების ექსპერტიზის მასალებზე მუშაობდა, მასთან ყვარლიდან ჩამოსული იყო მისივე მომავალი მკვლელი, ანუ დავით მჭედლიშვილი. ვიზიტის მიზეზი უცნობია. ალბათ, გამოძიება ამ ფაქტზეც დადებს მასალებს.

 

 

 

მოამზადა ქეთევან ხამიცაშვილმა

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016