გასულ კვირას ზურაბ ჟვანიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოში ექსპერტ ლევან ჩაჩუას პროცესი უნდა გამართულიყო, ხოლო საქალაქოში - პროკურორების როსტომ ლაზარიასა და მამუკა გვარამიასი, მაგრამ ორივე პროცესი გადაიდო. ამ ფაქტზე „ასავალ-დასავალს" ზურაბ ჟვანიას ძმა გოგლა ჟვანია ესაუბრა და განაცხადა, რომ აინტერესებს, რატომ იწელება ზურაბ ჟვანიას სასამართლო პროცესები.
აქვე გოგლა ჟვანია აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გარდაცვალების საქმეზე ახლო მომავალში პროკურატურა განცხადებას გააკეთებს და საზოგადოებისთვის სერიოზული სიახლე გახდება ცნობილი.
„არ ვიცი, ზურას საქმეზე სასამართლო პროცესები რატომ იწელება. ამასთან დაკავშირებით ოჯახსაც გვაქვს შეკითხვა - რატომ იწელება ეს პროცესები? ამაზე კომენტარი სასამართლომ უნდა გააკეთოს.
ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით მუშაობა გრძელდება, მოვლენებს წინ არ გავუსწრებ. ახლო მომავალში - ახალ წლამდე, პროკურატურა განცხადებას გააკეთებს, საზოგადოება სულ მალე ძალიან სერიოზულ სიახლეს გაიგებს", - აცხადებს გოგლა ჟვანია.
წყარო: „ასავალ-დასავალი"