reportiori.ge - ნონა გაფრინდაშვილი: დღევანდელი ხელისუფლების ყველაზე დიდ მიღწევად თავისუფლება მიმაჩნია!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 23:28
პრეს-დაიჯესტი
ნონა გაფრინდაშვილი: დღევანდელი ხელისუფლების ყველაზე დიდ მიღწევად თავისუფლება მიმაჩნია!
ავტორი:
30 ნოემბერი, 2015. 18:30


ჭადრაკის დედოფალმა ნონა გაფრინდაშვილმა იტალიაში გამართულ ვეტერან მოჭადრაკეთა ჩემპიონატში მორიგი გამარჯვება მოიპოვა და საქართველოში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდა. ჩვენი მილოცვის კვალდაკვალ ქალბატონმა ნონამ არც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შეფასებაზე გვითხრა უარი:


- ეს პირველი წარმატება არ არის. თუმცა, ჩვეულებრივ, შედეგი დაიწერებოდა ხოლმე და ამით მთავრდებოდა ყველაფერი. ახლა კი ისეთი აჟიოტაჟი მოჰყვა ამ გამარჯვებას, თითქოს ჩემპიონი პირველად გავხდი! აი, რას ნიშნავს პიარი. ჩემს მაგალითზე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რა კარგი იქნებოდა, ამ ხერხს ხელისუფლებაც რომ აქტიურად იყენებდეს.


- თქვენ რომ ჩემპიონი ხართ, და არა მხოლოდ დღეს, ამას პიარი ნამდვილად არ სჭირდება.

 

- აგიხსნით, რასაც ვგულისხმობ. ერთ-ერთმა საინფორმაციო საშუალებამ გადმოსცა, ორმოცი წლის შემდეგ ნონა გაფრინდაშვილი ისევ მსოფლიო ჩემპიონიაო. ისე გამოვიდა, თითქოს ორმოცი წლის შემდეგ ეს იყო პირველი მედალი, რასაც შედეგად მოჰყვა ის, რომ ჟურნალისტებს ვეღარ ავუდივარ. სწორედ ამიტომ ვამბობ, თურმე, რა ძალა ჰქონია პიარს-მეთქი. ცხადია, მაშინვე შესწორება შევიტანე, რომ ამ წლების განმავლობაში ასეთი ჩემპიონობა რამდენიმე მაქვს მოპოვებული. ჭადრაკი არის სპორტის ერთადერთი სახეობა, რომელიც საშუალებს გაძლევს, რაც შეიძლება დიდხანს ითამაშო. ვეტერანთა ჩემპიონატები ყოველ წელს ტარდება. 50-დან 65 წლამდე და ზევით. უკვე კარგა ხანია, ასეთ შეჯიბრებებზე დავდივართ და ძალიან ბევრი მედალი ჩამოგვაქვს. არც კი დამითვლია, პირადად მე რამდენი მედალი მაქვს მოპოვებული. ამჯერადაც ოქროს მედალი გადმომცეს და კიდევ - ორმეტრიანი თასი, რომლის წამოღება ერთი კურიოზი იყო. უშიშროებაც კი ჩაერთო საქმეში, განსაკუთრებულად შეფუთეს და იყო მთელი ამბავი...


- ითქვა,რომ ფინალში ისევ ქართველს, თამარ ხმიადაშვილს შეხვდით...

 

- არა, ესეც შეცდომით დაიწერა. თამრიკოს პირველსავე ტურში მოვუგე, თუმცა, მერე კარგად ითამაშა და მეორე ადგილზე გავიდა. ბოლო ორი პარტია ელენე ფატალიბეკოვასთან ვითამაშე, რომელიც უკვე კლასია ჭადრაკის სფეროში. ძალიან სწრაფი ყაიმები გავაკეთე, ბოლო ტურში, საერთოდ, შვიდ სვლაში დავამთავრე. ერთი სიტყვით, თამაში კარგად წამივიდა და მოვიგე კიდეც. ასეთ მედლებს კიდევ ბევრი წელი ჩამოვიტანთ.


- ამაში ეჭვიც არ გვეპარება და ჩვენც კიდევ ბევრ წარმატებას გისურვებთ. ქალბატონო ნონა, თითქმის წელიწადზე მეტია, პოლიტიკაზე საუბრისგან თავს იკავებთ. არადა, საინტერესო იქნებოდა თქვენი შეფასებები, რას ფიქრობთ არსებულ სიტუაციაზე?

 

- საპრეზიდენტო არჩევნების მერე წამოვედი ამ სფეროდან და მას შემდეგ პოლიტიკაზე მართლაც არ მილაპარაკია. რასაც ვფიქრობ, დასაწყისში გითხარით - დღევანდელი ხელისუფლება რომ პიარს სათანადოდ იყენებდეს, საზოგადოებაში სულ სხვა განწყობა იქნებოდა. იმ უმძიმეს სიტუაციაში, რომელიც მათ დახვდათ, შესაძლებელზე მეტი გააკეთეს, ხალხმა კი ამაზე არაფერი იცის. სააკაშვილი ერთსა და იმავე ობიექტს რამდენჯერმე ხსნიდა. მეტიც, ჯერ საერთოდ არდაწყებულ ობიექტზეც კი წითელ ლენტს ჭრიდა და ამათ რა სჭირთ, არ ვიცი. ამასწინათ სტუმრები მყავდა ზუგდიდიდან. ცხადია, პოლიტიკაზე საუბარს და კამათს ვერ ავცდით. რომ ჩამოვთვალე, რა გააკეთა და კიდევ რის გაკეთებას აპირებს დღევანდელი ხელისუფლება, ყველა გაჩუმდა, ვეღარავინ შემეკამათა. ხალხს ინფორმაცია არ აქვს, რეალურად რა ხდება.


- მაინც, რა მიგაჩნიათ დღევანდელი ხელისუფლების მიღწევად?

 

- ყველაზე მთავარი - თავისუფლება! ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დღევანდელ საქართველოში ის ხომ მაინც აღარ ხდება, რაც სააკაშვილის რეჟიმის დროინდელ ფირებზეა აღბეჭდილი. ეს იყო იმ რეჟიმის სახე და მე ვიცი, რომ იმაზე ბევრად უარესი ჩანაწერები არსებობს, რაც უკვე ვნახეთ. აი, მთავარი მონაპოვარი - თავისუფლად ვსუნთქავთ! დარწმუნებული ვარ, ასეთი სამარცხვინო ჩანაწერები საქართველოში არცერთი მომავალი ხელისუფლების პირობებში აღარ შეიქმნება.


„რუსთავი-2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პირდაპირ აცხადებდა - თუ სასამართლო ჩვენთვის არასასურველ გადაწყვეტილებას გამოიტანს, ბრძოლა კონსტიტუციურ ჩარჩოებს გასცდება და ქუჩაში გადაინაცვლებსო. წარმოიდგინეთ, სააკაშვილი რომ ყოფილიყო, რა დაემართებოდა გვარამიას და „რუსთავი-2"-ის მთელ ხელმძღვანელობას? ციხეში ჩაალპობდნენ. აი, რას ნიშნავს დემოკრატია და თავისუფლება.


- „რუსთავი-2" ახსენეთ და აქვე გკითხავთ, რას ფიქრობთ ტელევიზიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე?

 

- სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის პიკი ის იყო, რაც 2007 წელს ტელეკომპანია „იმედს" დამართეს. ვინ იყო მაშინ ნიკა გვარამია? გენერალური პროკურორის მოადგილე, რომელმაც ტელევიზიის დარბევა და ჟურნალისტების ცემა „გააპრავა". გვარამია იყო პროკურორი, რომელიც სცენარებს წერდა და ამ სცენარების მიხედვით სრულიად უდანაშაულო ადამიანებს იჭერდნენ, თანაც, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით. აი, ეს ადამიანი ითხოვს დღეს ქართველი ხალხისგან სოლიდარობას და თანაც რისთვის? იმისთვის, რომ კანონიერ მესაკუთრეს წართმეული ქონება არ დაუბრუნდეს. რაც შეეხება ჩემს აზრს კონკრეტულად ტელევიზიაზე, ის, რასაც „რუსთავი-2" აკეთებს, არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება და არა - თავისუფალი სიტყვის გამოხატულება. ღმერთს მადლობა უთხრან, რომ ხელისუფლებაში სააკაშვილი არ არის, თორემ რა მოელოდათ, სხვაზე უკეთ თვითონ იციან.


- ბევრი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების საჭიროებაზე ლაპარაკობს. თქვენ რას იტყვით?

 

- როცა წავიდა, ეს მაშინაც ძალიან მეწყინა. თუმცა, არის თუ არა პრემიერი, ის მაინც ინარჩუნებს გავლენას ხალხზე და აქვს კიდეც ამის უფლება, ამ ქვეყნისთვის იმდენი რამ გააკეთა. არ ვიცი, დაბრუნდება თუ არა, მაგრამ ასეც რომ არ მოხდეს, „ქართული ოცნება" მაინც უალტერნატივო ძალაა.


- თუმცა, ჰორიზონტზე გამოჩნდა ახალი ძალა პაატა ბურჭულაძის მეთაურობით.

 

- ბურჭულაძეს ჯერ საბოლოოდ არ დაუფიქსირებია, რომ პოლიტიკაში მოსვლას აპირებს. რა ვიცი, რა გითხრათ? თუ ასეთი ხალხის შემოკრება გააგრძელა, პირდაპირ ვიტყვი, რომ საქმე კარგად ვერ წაუვა. ჩანაწერიც გავრცელდა, სადაც სააკაშვილი საუბრობს პაატას პოლიტიკაში შემოყვანაზე. ეს ჩანაწერები რომ ნამდვილია, ხომ ფაქტია? მათი ავთენტურობა არაერთხელ თავად ნაციონალებმა დაადასტურეს.


- არა მხოლოდ ჩანაწერი, ფოტოც გამოქვეყნდა, რომელიც უკრაინაში ბურჭულაძის სააკაშვილთან შეხვედრას ასახავს.

 

- მართლა? ეს არ ვიცოდი. ძალიან ცუდი, ძალიან. გახსოვთ, პაატამ რუსეთში რომ იმღერა და ქვეყნის მტრად გამოაცხადეს? მაშინ უსახლკარო ბავშვი მოძებნეს, რომელსაც პაატასთვის ათქმევინეს, თქვენგან მოცემული ბინა არ მინდაო. ამის შემდეგ ვერ წარმომიდგენია, ბურჭულაძის და სააკაშვილის ეს კავშირი როგორ უნდა შედგეს. თუმცა, როცა საქმე ქართულ პოლიტიკას ეხება, არასოდეს უნდა თქვა - „არასოდეს!" დაწერეთ, რომ მიჭირს ამაზე საუბარი. ჩანაწერი, ფოტო, ეს უკვე არ არის სასიამოვნო. პირადად მე მირჩევნია, ის ხალხისთვის საყვარელ შემოქმედად დარჩეს!


- ქალბატონო ნონა, უკრაინული სააგენტო ავრცელებს სააკაშვილის და მისი ყოფილი ჩინოვნიკების ფარულ ჩანაწერებს, საიდანაც ირკვევა, რომ ისინი საქართველოში არეულობის მოსაწყობად ემზადებიან. როგორ ფიქრობთ, სააკაშვილი საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს?

 

- იმ თვალსაზრისით,რომ შესაძლოა, ისევ ხელისუფლებაში დაბრუნდეს - ნამდვილად არა! მას კი ჰგონია, რომ ქართველ ხალხს მოკლე მეხსიერება აქვს, მაგრამ ძალიან ცდება. რამდენადაც ვიცი, წამებისა და გაუპატიურების ამსახველი 28 ათასი ფაილი არსებობს. მარტო იმ მსხვერპლთა ოჯახები ეყოფა, ვისაც ეს ჩანაწერები ეხება. ასე რომ, მისი დაბრუნების საფრთხე არ არსებობს. თუმცა, თავისი პროვოკაციული განცხადებებით და ქმედებებით მუდმივ დაძაბულობას ქმნის. ამიტომ ითხოვდა ხალხი, რომ რეჟიმი მთლიანად გასამართლებულიყო. ერთხელ და სამუდამოდ, ქვეყნის სიმშვიდისთვის რეჟიმი უნდა გასამართლდეს!

 

ესაუბრა ნონა ბენდელიანი

გაზეთი „ასავალ-დასავალი„


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016