აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის მარკ ტონერის განცხადებაში, ნათქვამია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ რუსეთმა, ჯორჯ სოროსის დაფუძნებული ფონდი „ღია საზოგადოება" და ინსტიტუტი „ღია საზოგადოება ხელშეწყობის ფონდი" არასასურველი ორგანიზაციების სიაში შეიყვანა.
დოკუმენტის თანახმად, რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება „კიდევ უფრო შეზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობას რუსეთში, რომელიც რუსი ხალხის კეთილდღეობისკენაა მიმართული".
მარკ ტონერის მოსაზრებით, ეს ქმედება კიდევ ერთი მაგალითია, რომ რუსეთის ხელისუფლება შეგნებულად ცდილობს მოსახლეობის იზოლირებას დანარჩენი სამყაროსგან.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ აშშ ღრმად არის შეშფოთებული, რომ რუსეთში იზრდება შეზღუდვები დამოუკიდებელი მედიის, სამოქალაქო საზოგადოების, უმცირესობათა ჯგუფების და იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობენ ხელისუფლებას ხმა მიაწვდინონ.
„ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები, პატივი სცეს აზრის თავისუფლებას, მშვიდობიან შეკრებებსა და გაერთიანებებს, ასევე კანონის უზენაესობას", - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ფონდი „ღია საზოგადოება" და ინსტიტუტი „ღია საზოგადოება ხელშეწყობის ფონდი" არასასურველ ორგანიზაციებად გუშინ სცნო. უწყებაში განაცხადეს, რომ აღნიშნული ფონდების საქმიანობა „რუსეთის საკონსტიტუციო წყობასა და სახელმწიფოებრივ უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს".