საკონსტიტუციო სასამართლო მალე ახალ სკანდალურ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც საქართველოში ადამიანის ორგანოების გაყიდვას ეხება, რაც დღეს არსებული კანონით აკრძალულია. როგორც გაზეთი „პრაიმტაიმი" წერს, არ არის გამორიცხული, ამ ინიციატივას მხარდამჭერები საპარლამენტო უმრავლესობაშიც გამოუჩნდნენ.
„ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა 31 წლის ლევან გვათუამ, რომელსაც ესაჭიროება ღვიძლის გადანერგვა, რაც მისი სიცოცხლის შენარჩუნებისთვის ერთადერთი საშუალებაა. „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ" კანონი მას უზღუდავს პირთა წრეს, რომელიც შესაძლებელია, მისი დონორი გახდეს. ესენი არიან მხოლოდ გენეტიკური ნათესავები, მეუღლე, მეუღლის ნათესავები. კანონი კრძალავს სხვა პირის დონორობას, თუ დონორი კანონით გათვალისწინებულ პირთა წრეში ვერ მოიძებნა. ზუსტად ასე მოხდა ლევან გვათუას შემთხვევაში, რომელმაც ჩათვალა, რომ დადგენილი ნორმა მას სიცოცხლის კონსტიტუციურ უფლებას ართმევს", - წერია სტატიაში.
რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმის მოქმედების პირობებში მოსარჩელე მხარის სიცოცხლეს რეალური საფრთხე ემუქრება, რის გამოც სადავო ნორმა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩერა.
ამ საკითხზე „პრაიმტაიმს" ვახტანგ ხმალაძე ესაუბრა. იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება დასაფიქრებელია და მის გაზიარებაზეც ფიქრიც მისაღებია.
„არის შესაძლებელი, რომ პირთა წრე გაფართოვდეს და მოფიქრებულ იქნას მექანიზმი, რითაც არ შეეწყობა ხელი ადამიანის ორგანოებით ვაჭრობას, მეორე მხრივ კი იმ ადამიანებს, ვინც სათანადო დონორს უახლოეს წრეში ვერ პოულობს, შესაძლებლობა ჰქონდეს, სხვაგან იპოვოს ის. საკითხი არაა მარტივად გადასაწყვეტი, თუმცა შევეცდებით, ოპტიმალური გამოსავალი ვიპოვოთ", - განაცხადა ხმალაძემ.
მისი თქმით, საკითხი სწრაფად გადასაწყვეტია „სამართალდამცველები ვერაფერს იზამენ დღეს, მე რომ გავყიდო ჩემი თირკმელი, დღეს ამას ვერავინ აღუდგება წინ, ამიტომ სწრაფად არის საკითხის გადაწყვეტა საჭირო", - განაცხადა ხმალაძემ.
წყარო: გაზეთი „პრაიმტაიმი"