reportiori.ge - სკანდალურ საქმეებსა და ფაქტებს გაახმაურებს ირაკლი შოთაძე ახალ წლამდე და არჩევნებამდე?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 22:43
პრეს-დაიჯესტი
სკანდალურ საქმეებსა და ფაქტებს გაახმაურებს ირაკლი შოთაძე ახალ წლამდე და არჩევნებამდე?
ავტორი:
01 დეკემბერი, 2015. 15:30

 

 

მესამე არჩევნებს, მეოთხე ახალ წელს და მეოთხე № 1 პროკურორს ხვდებიან ჟვანიებისა და უსუპოვების ოჯახები საქმის გახსნის მოლოდინით... ოპოზიცია ელოდება ბარბარე რაფალიანცის მკვლელობის გახსნას, კვინტრაძისა და ასათიანის ოჯახები - მკვლელების დასჯას, ქონებაწართმეულები - ქონების დაბრუნებას, პოლიტპატიმრები - რეაბილიტაციას, პოლიტდევნილები - სამშობლოში დაბრუნებას, ძალადობის მსხვერპლნი - მოძალადეების გისოსებს მიღმა ხილვას, შეურაცხყოფილები - ღირსების აღდგენას და ასე უსასრულოდ...


არის ისეთი საქმეებიც, რომლებიც დროში ნაკლებ ახალ წელს, არჩევნებს და №1 პროკურორს ითვლის, თუმცა ტენდენცია, რატომღაც, ძალიან ჰგავს წინას...


და მაინც, რამდენიმე დღის წინ 82 ხმით პარლამენტმა მთავარ პროკურორად ირაკლი შოთაძე დაამტკიცა...


ოპოზიცია მასში ხელისუფლების მონას ხედავს, შიგადაშიგ გვიჩიანის საქმესაც ახსენებენ და „ელიტ ელექტრონიქსის" და „სონის" „გაწეწვის" ხელშეწყობასაც...  შერჩევით სამართალსაც აყვედრიან... ჩიორა თაქთაქიშვილის გატეხილ ცხვირსაც ახსენებენ, რომელიც მისგან „წამლობის" გარეშე დარჩა...


„უნიკალური და უმწიკვლო ვერავინ იქნება. მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი კანდიდატურა იყო ბატონი შოთაძის სახით. მთავარი აქ არ არის პიროვნება, მთავარია ის, რომ ჩვენ რეფორმებს ვატარებთ. მთავარი არ არის ისიც, რასაც აკრიტიკებდნენ, თუ როგორი წესით აირჩა პროკურორი, თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.


აკრიტიკებდნენ, რომ ასეთი წესით არ უნდა არჩეულიყო. ამ პროცესში მთავარი გახლავთ ის, რომ ის კაცი არჩეულია და 6 წელი მას ვერავინ შეეხება, თუ მან თვითონ არ დაარღვია კანონი. ვფიქრობ, რომ პროცესები, რაც მიდის საქართველოში, არის ძალიან სწორი და მიზანმიმართული და ევროპისკენ სწორი გზაა სწორედ", - ესეც ივანიშვილის პასუხი ოპონენტებს...


თავად შოთაძე კი აცხადებს: „ვაპირებ პროკურატურის რეფორმირების გაგრძელებას. ვაპირებ პროკურორების კვალიფიკაციის ასამაღლებლად მუშაობის გაგრძელებას, სამართლიანობის პროცესის მაქსიმალურად დაჩქარებას და გაძლიერებას. უახლოეს მომავალში ვაპირებთ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებას ეროსი კიწმარიშვილის საქმესთან დაკავშირებით, ასევე, ნებისმიერი სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც საზოგადოებაში ინტერესი არსებობს. გამომდინარე იქიდან, რომ პარლამენტმა ამირჩია, ჩემი ანგარიშვალდებულება საკანონმდელო დონეზე გაზრდილია. მათ ექნებათ მეტი შესაძლებლობა, რომ საინტერესო ინფორმაცია მიიღონ პროკურატურისგან და მათ შორის ჩემგან".


თუმცა, აქამდე შოთაძისგან ინფორმაციის მიღება, მოადგილის რანგში, მხოლოდ მრავალთვიანი „რიგში დგომის" შემდეგ იყო შესაძლებელი და მისი „ოპერატიული რეაგირება" ცხელ კვალზე მხოლოდ ზოგიერთი სატელევიზიო გადაცემისთვის იყო ხელმისაწვდომი.... რაც შეეხება მოქალაქეებთან შეხვედრას, ამას პირობითად ჰქვია ასე, თორემ ძირითადად მასთან შეხვედრის მოლოდინში მყოფ მოქალაქეებს მისი წარმომადგენელი ხვდება ერთჯერადად, დასმული კითხვები კი დიდხანს რჩება უპასუხოდ. ზოგჯერ სასამართლოს განაჩენამდეც... ვფიქრობთ, მისი „გაზრდილი ანგარიშვალდებულება" უფრო მიუწვდომელს არ გახდის ბატონ შოთაძეს.


თუმცა, არის ისეთი საქმეებიც, რაც ახალი მთავარი პროკურორისთვის მომეტებული სენსიტიურობით გამოირჩეოდა და, ალბათ, სწორედ ამიტომაც იყო, რომ წლების განმავლობაში „ნაგორავები" საქმეების გრძელ სიას გამოაკლდა „კორტების საქმე". პროკურატურის ეს „მიღწევა" იმ ემოციის დამსახურებაა, რომელიც შოთაძეს ყარაფილაში შვილის საფლავზე აფეთქებული მამის დანახვისას წარმოეშვა...


ალბათ, მკითხველისთვის საინტერესო უნდა იყოს, რატომ გამოარჩია ათასობით საქმეებს შორის მაინცდამაინც კიწმარიშვილის საქმე და აღგვითქვა მისი გასაჯაროება:


მოგეხსენებათ, პროკურატურას ეს საქმე, დასკვნისთვის გამზადებული, შემთხვევიდან მალევე ჰქონდა, მაგრამ გარდაცვლილის ოჯახმა ამის საშუალება არ მისცა. უამრავი ახალი კითხვით მიმართა და გამოძიება კვლავ გაგრძელდა... ზოგიერთი ინფორმაციით, პროკურატურა, ერთი მხრივ ჩიხშია, მეორე მხრივ კი, კარგად აქვს გააზრებული, რომ საზოგადოებაში ინფორმაცია მხოლოდ ცალმხრივად, ეროსი კიწმარიშვილის ძმისგან ვრცელდება. შესაბამისად, შოთაძე ერთგვარ ხერხს მიმართავს და მის მიმართ საქმის გასაჯაროების დაანონსება ერთგვარი პრევენციაა იმისთვის, რომ იმ დასკვნისთვის ეტაპობრივად შეამზადოს საზოგადოება, რის გამოცხადებასაც დიდი ხნის წინათ აპირებდა, ანუ თვითმკვლელობა...


ეროსი კიწმარიშვილის ძმა, ზურაბ კიწმარიშვილი კი „პრაიმტაიმთან" საუბრისას რადიკალური განცხადებებისგან ხაზგასმით იკავებს თავს:


- თუ ის გაასაჯაროებს გარკვეულ ფაქტებს, ალბათ, მათ გარშემო ვერსიებსაც მოაყოლებს. შესაბამისად, ჩვენც გვექნება პოზიცია. ზოგადად, კარგია, თუ გამოძიება მიუახლოვდა ამ ეტაპს, როდესაც თავს ვალდებულად მიიჩნევს, საზოგადოებას მოახსენოს ვითარება და კონკრეტული ფაქტები გაასაჯაროოს. სჯობდა, ეს ადრე მომხდარიყო. დაველოდოთ, ეს ახალ წლამდე მოხდებაო, თქვა ბატონმა ირაკლიმ. ვნახოთ, აქამდე სამთვიანი პაუზა გვქონდა გამოძიებასთან ურთიერთობაში, მიუხედავად ჩვენი არაერთი მცდელობისა. ბოლო შეხვედრის დროს ვითხოვდით, მოეცათ ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. მათ შორის სატელეფონო ანძებზე, გვითხრეს, რომ არ იყვნენ საქმის კურთსში, არ იციან, რა ხდება, აზრზე არ არიან, რა იქნება და როდის. იმის მერე კიდევ რამდენჯერმე გვქონდა მცდელობა. გვეუბნებოდნენ, ვერ გხვდებით, რაღაც საქმეები გვაქვს, ახალი არაფერიაო. ასეთ რეჟიმში ვიყავით. ცოტა მოსაბეზრებელი გახდა ეს ყველაფერი. შესაბამისად, რაკი ახლა ირაკლი შოთაძისგან ასეთი მზაობაა, ეს ოპტიმიზმის საშუალებას გვაძლევს.


- საქმის მასალებს თქვენთან შეუთანხმებლად გამოაქვეყნებენ?

 

- ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ჯერ ჩვენ შეგვხვდებიან და მერე მოხდება საქმის გასაჯაროება. ასეთი შეთანხმება გვაქვს. ჩვენ არ დაგვირღვევია ის და გვაქვს მოლიდინი, რომ არც ისინი დაარღვევენ.


- თქვენ გაქვთ მოლოდინი, რომ შოთაძის მთავარი პროკურორობის დროს საქმეს კვალიფიკაცია შეეცვლება?

 

- ვერ გეტყვით, ირაკლი შოთაძის პიროვნული ფაქტორი აქ რა როლს თამაშობს. ზოგადად კი, პროკურატურისგან ეროსის საქმეზე კვალიფიკაციის შეცვლის მოლოდინი არ მაქვს. ჩვენს ხელთ არსებული მასალები, რაზე დაყრდნობითაც მიგვაჩნია, რომ უნდა შეიცვალოს კვალიფიკაცია, მათი მხრიდან იგნორირებულია. მაგალითად: თითის ანაბეჭდები იარაღის სასხლეტზე ჩემთვის ნიშნავს იმას, რომ იმ იარაღს ეროსის გარდაცვალების დროს, ან ახლო პერიოდში ვიღაც უცხო ადამიანი შეეხო. ისინი კი ამბობენ, არავინ შეხებიაო, მაგრამ ეს ანაბეჭდები აქ როგორ აღმოჩნდა, არ ვიცითო. მე არ მაქვს ზუსტი მტკიცებულება მკვლელობისა, ისევე როგორც ის არ აქვს გამოძიებას თვითმკვლელობის მტკიცებისთვის. თუმცა როცა ვითხოვთ რამის კვლევას, რომელიც, ჩვენი აზრით, კონკრეტულ სურათამდე მიგვიყვანს, ისინი გვეუბნებიან, ეს ჩვენთვის არ წარმოადგენს ინტერესის საგანსო.


- თქვენ რამე ეჭვი გაქვთ, რომ პროკურატურა მკვლელს მფარველობს?

 

- მე რადიკალური განცხადებების შედეგად სიკეთეს ვერ ვხედავ. ჩვენ თანამშრომლობის ფორმატში ვართ. რა შეიცვლება, თუ ვიტყვი, რომ იქ რაღაც ხელოვნური პროცესებია? შეიცვლება რამე? ყოველ შემთხვევაში, სანამ ბოლო საგამოძიებო მოქმედებები არ არის ჯერ დასრულებული, რადიკალიზმისგან და კონფრონტაციისგან თავს ვიკავებ.


არადა, შოთაძეს, მაშინ როდესაც არჩევნებამდე ძალიან ცოტა დრო რჩება, ჰაერივით სჭირდება გახმაურებული საქმის სუპერწარმატებული დასასრული. რაკი, სავარაუდოდ, ეს ვერ იქნება ეროსი კიწმარიშვილის საქმე, ვინაიდან ჯერჯერობით საზოგადოებისგან პროკურატურის ვერსიის მხარდაჭერის გეგმა მუშავდება, უნდა ვივარაუდოთ, რომ შესაძლოა, ეს გახდეს ისევ და ისევ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმე...


მით უმეტეს, უკვე ჟღერდება ახალი მესიჯები საქმის თავდაყირა დაყენების თაობაზე. მართალია, ეს მოლოდინი ახალი არ არის, მაგრამ იმასაც კარგად უნდა ხვდებოდეს ხელისუფლება, რომ მომავალი არჩევნებისთვის მხოლოდ ხმაურიან დაპირებებს, საქმის გაკეთების გარეშე, აღარავინ „ჭამს".


არადა, როდესაც პრემიერი გარდაიცვალა, შოთაძე ჯერ კიდევ დამამთავრებელი კურსის სტუდენტი იყო. როდესაც ჟვანიასა და უსუპოვის გარდაცვალების მიზეზად ყოფილი ხელისუფლება გაზით მოწამვლის ვერსიას გვახვევდა თავს, მისი კარიერა საგამოძიებო უწყებებში ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ წინ მიიწევდა.


საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის სპეციალისტი; საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურში, თავდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და სასჯელის მოხდის კანონიერებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის სტაჟიორი; დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი; მთავარი პროკურატურის ფინანსთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლის სამართლებრივი დევნის დეპარტამენტის ფინანსთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორი...


მაშინ როდესაც კბილაშვილს უნდა გადაეწყვიტა ამ საქმის ბედი და სხვადასხვა დროს აწესებდა საქმის გასახსნელად, შოთაძე ამ დროს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილეა, მერე - უფროსი...


როდესაც პროკურატურის სისტემა ფარცხალაძემ კბილაშვილისა და ნაცვლიშვილის კადრებისგან გაწმინდა, რომლებიც, როგორც გაჟღერდა ინფორმაცია, ხელს უშლიდნენ გახმაურებული საქმეების, მათ შორის ჟვანიას საქმის გამოძიებას, შოთაძე მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე ხდება. ეს ის პერიოდია, როდესაც ამ საქმეზე ახალი მოლოდინები გაჩნდა - დააკავეს ჟვანიას დაცვის წევრები, მოგვიანებით კი სოციალურ ქსელში გავრცელდა გარდაცვლილების სკანდალური ფოტოები... პრინციპში, მას შემდეგ სხვა მთავარი პროკურორის მთელმა ეპოქამ ჩაიარა, რომლის პირობებში განსხვავებული მხოლოდ ის მოხდა, რომ იგივე დაცვის წევრების მიმართ სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოაცხადა, მაგრამ სრული სურათი იმისა, რა მოხდა 2005 წლის 3 თებერვალს საბურთალოს ქუჩაზე, გასაშიფრად კვლავაც მომდევნო არჩევნების მოახლოებას ელოდება...


ერთი სიტყვით, დრო 2005 წლის 3 თებერვლიდან 27 ნოემბრამდე ეს არის დრო ჟვანიას გარდაცვალებიდან საქმის გახსნის მოლოდინამდე... და დრო ირაკლი შოთაძის სტუდენტობიდან მთავარ პროკურორამდე...


დღეს კი გარდაცვლილი პრემიერის ძმა, გოგლა ჟვანია აცხადებს:


„პრიორიტეტები, რა მიმართულებითაც  ირაკლი შოთაძემ უნდა იმუშაოს, ცალსახად ნათელი და გამოკვეთილია. ესაა ყბადაღებული თემა - სამართლიანობის აღდგენა. უამრავი ადამიანია დაზარალებული ყოფილი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში და ისინი ელიან სამართლიანობის აღდგენას. პრიორიტეტია გახმაურებული საქმეები, მათ შორის ჩემი ძმის, ზურაბ ჟვანიას საქმე. შოთაძეს პირადად ვიცნობ და მაქვს მოლოდინი, რომ ჩემი ძმის საქმე იქნება გამოძიებული და დასრულებული. ზოგადად, ირაკლი შოთაძეს საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა ერგო, თუმცა ის ახალბედა კადრი არაა. პირადი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, რომ შოთაძე პროცესებში კარგადაა ჩართული და ვფიქრობ, გამოწვევებს თავს გაართმევს. სწორედ ამიტომაც დავუჭირეთ მხარი მის კანდიდატურას".


რა მოლოდინი აქვს რაულ უსუპოვის ოჯახს? ამის შესახებ „პარიმტაიმს" გარდაცვლილის მამა, იაშარ უსუპოვი უამბობს:


- ჩვენ ვიცოდით, რომ მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე იქნებოდა...


- როგორ? ამის შესახებ წინასწარ ფლობდით ინფორმაციას?

 

- არა, წინასწარ როგორ გვეცოდინებოდა. უბრალოდ, ვიცოდით, რადგან სამთავრობო კანდიდატი იყო...


- გქონდათ შეხვედრა მასთან?

 

- ჯერ არა...

 

- უკვე მერამდენე მთავარი პროკურორის ხელში გადადის ეს საქმე, მაგრამ... რა მოლოდინები გაქვთ ამჯერად?

 

- ვფიქრობთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება... ახალ წლამდე ისედაც ველოდებით სიახლეებს...


- კონკრეტულად?..

 

- ამის შესახებ ჯერ ვერ გეტყვით... მაგრამ ფაქტია, რომ პროცესი არ გაჩერებულა. მართალია, ბოლო სასამართლო პროცესზე მნიშვნელოვანი გარდატეხა არ მომხდარა, მაგრამ მაინც დადგა განაჩენი დაცვის წევრების მიმართ... ახლაც გრძელდება გამოძიება და ახალ წლამდე მნიშვნელოვან ცვლილებებს ველოდებით, რაც საქმეს 90 პროცენტით შეაბრუნებს...


- უკვე მერამდენედ, ხან წინასაახალწლოდ, ხან წინასაარჩევნოდ არის ამ საქმის გახსნის მოლოდინი. მართალია, ახლა ახალი წელიც ახლოს არის და არჩევნებიც, მაგრამ მარტო ეს გაძლევთ იმედს, თუ არის რამე კონკრეტული დეტალები საქმეში?

 

- რა თქმა უნდა, კონკრეტულ დეტალებზე ვსაუბრობ, რომლებსაც, ბუნებრივია, ხმამაღლა ვერ გავამჟღავნებ. თუმცა, ერთი რამ ვიცი, საქმეს კვალიფიკაცია შეეცვლება...


- გინდათ თქვათ, რომ ჟვანიასა და უსუპოვის გარდაცვალების საქმეს ჟვანიასა და უსუპოვის მკვლელობის საქმე დაერქმევა?

 

- დიახ, კვალიფიკაცია შეიცვლება და გამოძიება ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის მკვლელობით გაგრძელდება.

 

მარიამ ნადირაძე

გაზეთი „პრაიმტაიმი"


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016