სტვენით შესრულებული საოპერო არია - სწორედ ამით გაითქვა სახელი. საკუთარ თავზე წლების განმავლობაში მუშაობდა, რომ ისეთი გენიალური შემსრულებელი შემდგარიყო, როგორიც დღეს არის. თუმცა ჩვენი რესპონდენტი თავის ორიგინალურობითა და ნიჭით სხვა შემოქმედებით საქმიანობებშიც გამოირჩევა... მუსიკოსი, მხატვარი, ბლოგერი, მობაილ-ფოტოგრაფერი და ჟურნალისტი... ზურა ბალანჩივაძე „რეპორტიორს" თავის მრავალმხრივ საქმიანობაზე უამბობს:
- დაახლოებით ორი წლის წინ ჩემს ძველისძველ რვეულს მივაგენი, სადაც 1989-90 წლების ჩანახატები მქონდა. ბავშვობიდან სულ რაღაცას ვხატავდი. სამხატვრო აკადემია არ მაქვს დამთავრებული, მეხუთე კლასში ხატვის წრეზე დავდიოდი, იქაც ცოტა რაღაცეები მასწავლეს. აკვარელით ხატვას მივეჩვიე, მაგრამ დიდად არ გამომდიოდა. ხატვისას მასალაზე ბევრი რამეა დამოკიდებული. კონკრეტული მასალა გვკარნახობს ხოლმე რაღაცეებს და ამ მასალაში თუ აზროვნებ, შესაბამისად, ხატვაც გამოგდის. ბავშვობაში უფრო მეტი სიგელი და დიპლომი ჩემი ხედვის წყალობით უფრო მაქვს აღებული, ვიდრე ტექნიკის.
ზოგადად, მე ლამაზ ნახატებს არ ვხატავ... თუმცა, ისეთი მაკმაყოფილებს, როგორიც არის... ზოგადად, მიგნება მეტ სტიმულს მაძლევს. ხელოვნებაში უფრო არამეინსტრიმი ვარ. ახლა პერიოდი მაქვს ისეთი, რომ რაღაც გამეხსნა და ხატვას უფრო მეტს დროს ვუთმობ.
პერიოდი არის, როდესაც მუსიკაში უფრო ვარ ჩაფლული, რომ იქ ამოვქაჩო მეტი რაღაცეები, მერე წერაში... ასე გრძელდება და იცვლება... შეიძლება ითქვას, რომ ვერთობი კიდეც. ზოგადად, ერთდროულად ბევრი რამის კეთება მიყვარს.
მანამდე უფრო ისტორიულ გმირებს ვხატავდი, ლიტერატურულ პერსონაჟებს, ან რაც იყო შეკვეთილი, რა კონკურსებშიც ვიღებდი მონაწილეობას, უფრო თემატური იყო. იყო გარემოს დაცვაზე, ეკოლოგიაზე და ასეთ რამეებზე... შემდეგ უკვე ბუნებრივია, სიყვარულის თემაც წამოვიდა... მერე რომანტიზმისკენ წავედი, მაგრამ ამ დროს ფუნჯისთვის თავი მქონდა დანებებული და გრაფიკით დაახლოებით 8-10 წელი ვხატე.
- გაზეთის ტექსტურაზე შესრულებული ნამუშევრებიც გაქვთ...
- გრაფიკის მერე, სიურრეალიზმისკენ წავედი, ასე ვთქვათ, რბილად გადავედი... მაგრამ მაინც გრაფიკულ ჟანრში ვხატავდი, ფანქრით. ფუნჯებით და ფერებით არა... ფერები ნაკლებად მქონდა. ამის მერე გაზეთი ავიღე, ხომ არ მეცადა-მეთქი და რაღაცეები დავხატე. რაღაცნაირად დალაგდა. მასალას ამიტომ აქვს დიდი მნიშვნელობა, რომ მასში აზროვნებას გასწავლის. ფურცელი მთლიანად თეთრია, გაზეთი ფაქტურაა და მასზე რომ ხატავ, უკვე შეგიძლია ფურცელში გაატარო, ასე რაღაცეებს შენს თავშიც ეძებ... ისე მოხდა, რომ ხალხმა აიტაცა ეს გაზეთი, რაღაც ახალიაო, მოეწონათ...
ზოგადად, თუ რამეს აიტაცებენ, მაშინვე ფიქრს ვიწყებ, პოპულიზმი არ იყოს-მეთქი. არ მინდა, რაღაც იმიტომ გავაკეთო, რომ ხალხს უფრო მოეწონა. საკუთარ თავთან ბრძოლა მეწყება, ზედაპირულად ხომ არ შეხედეს-მეთქი... მე არ მინდა ზედაპირულად შევხედო და ამიტომ... ვფიქრობ, სად ვარ? სწორად ვაკეთებ თუ არა? და ა.შ. ჯერჯერობით მგონია, რომ სწორად ვაკეთებ...
გამოფენები ბევრჯერ მქონდა... მორიგ გამოფენას ვგეგმავ, ჯერ კიდევ გაზეთის მეშვეობით, რადგან სათქმელი კიდევ მიგროვდება... თუმცა ჩვეულებრივ ფურცელზე რასაც ვხატავ, ისიც მაინტერესებს.
ასევე ვხატავ ნუდებს, ანუ ჩემი ნახატებისთვის შიშველ ადამიანებს ვიყენებ, ეს არ ჩანს და არც მინდა, რომ გამოჩნდეს... არ აქვს მნიშვნელობა, ქალის სხეულია თუ კაცის. რატომ ვაკეთებ ამას? პირველ რიგში იმიტომ, რომ როცა ფსიქოლოგიურ პორტრეტს ვხატავ, სულ არ მაინტერესებს იმ ადამიანის ბიოგრაფია მე არ ვხატავ მის ცხოვრებას, ვხატავ იმას, რასაც ვიგრძნობ. ეს ხდება მაშინ, რასაც იმ მომენტში, იმ ადამიანიდან გამომდინარე ვგრძნობ. კონკრეტული პიროვნება არ მაინტერესებს, ეგ შეგიძლია ფოტოდანაც გადმოხატო და ა.შ... საერთოდ არაა ამისთვის საჭირო ადამიანის წვალება. მე მჭირდება გულწრფელობა, ემოციური კავშირი ცოცხალ ადამიანთან, თან ყველა ადამიანი ყველაფერს სხვადასხვანაირად გრძნობს. ამ დროს ვცდილობ, ერთგვარი გამტარი ვიყო და ის ემოცია გადმოვცე, რასაც ვგრძნობ და არა ზეპირად ვხატო, ასე ახლაც შემიძლია... ფაქტობრივად, ეს ჩემს ცხოვრებაში ექსპერიმენტია. სხვათაშორის, ამით ბევრი ნახატი გამიყიდია.
- მხოლოდ გამოფენებზე იყიდება ნახატები თუ კონკრეტული შეკვეთებიც გაქვთ?
- არის კონკრეტული შეკვეთებიც, გააჩნია სიტუაციას... ძირითადად, სოციალური მედიით.
- ხატვასთან მიმართებაში გავლენა თუ იყო?
- ისტორიული მოვლენების გავლენა იყო ძალიან დიდი. ისტორიულ რაღაცეებს ვხატავდი ხოლმე. იულიუს კეისრის მკვლელობა და აშ... ასევე ერეკლე მეორე მიყვარდა ძალიან, ისტორიებს ხშირად ვხატავდი. ილუსტრაციებიც მაქვს ჩემთვის დახატული, მაგალითად „დიდოსტატის მარჯვენა". არის რაღაცეები, რაც ახდენს გავლენას, მაგალითად, კონკრეტული ადამიანები, ჩერჩილი, რუზველტი... ასევე ყველაზე დიდ გავლენას მუსიკა ახდენს.
- მუსიკა, ოპერა და სტვენა...
- ბავშვობიდან ვმღერი, თუმცა ხმა ბოლომდე დამუშავებული არ მაქვს. მუსიკაზე დავდიოდი, მაგრამ ნოტები, სოლფეჯიო და ა.შ. არ მისწავლია. გიტარაზეც დავდიოდი ერთი წელი, თუმცა არ გავყევი.
ამის შემდეგ, დაახლოებით 2003 წლიდან, ოპერის მოსმენა დავიწყე. ფრანკო ძეფირელის ფილმი „კალასი სამუდამოდ" ვნახე, რამაც ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა. ზოგადად ფილმები ძალიან მიყვარს. მაშინ მივხვდი, რომ ოპერა არ არის კივილი... გადაფასება მოხდა ჩემში... მივხვდი, რომ ოპერა ბევრად მეტია და მეტ რამეს მოითხოვს, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. ჯერ თვითონ მარია კალასით დავინტერესდი, მის ცხოვრებას გავეცანი, როდესაც მის ცხოვრებას ვიკვლევდი, მისი პორტრეტების ხატვაც დავიწყე. შემდეგ სხვებსაც გავეცანი და მივხვდი, რომ ეს ყველაფერი მჭირდებოდა...
გარდატეხის პერიოდში ვერ ვმღეროდი, რადგან ხმა წასული მქონდა. ისე მოხდა, რომ სტვენა დავიწყე. ერთხელ „კარმენს" ავყევი სტვენით... თავიდან, ასე ვთქვათ, ვერთობოდი. დილით რომ ავდგებოდი, მარია კალასის არიებს ვუსმენდი. ზოგადად რაც მისწავლია ოპერაში, მოსმენით ვისწავლე. ნოტების კითხვა არ ვიცი, გაჟღერებულ მუსიკას ვუსმენ და ისე ვსწავლობ. მრავალი ვარჯიშის შემდეგ, სხვადასხვა მომღერლებზე, ნაწარმოებებზე გადავდიოდი, ჩემს ოთახში ვიკეტებოდი, ჩავრთავდი რომელიმე ჩანაწერს და 20-25 არიას ერთი ამოსუნთქვით ვასრულებდი.
- ახლობლები, მეგობრები, ოჯახის წევრები თქვენს გატაცებაზე რა აზრის იყვნენ?
- მეუბნებოდნენ, დაანებე თავი, ტვინი ნუ წაიღეო... უზრდელობაა, თავი გვეტკინაო და ა.შ... მთელი ოჯახის მასშტაბით ძალიან დიდი წინააღმდეგობა მქონდა.
ძალიან დიდი ენერგია, შრომა და ენთუზიაზმი მაქვს ამაში ჩადებული. ყველაზე მაგარია, სხვას რომ არ ესმის, რაშია საქმე და შენ იცი, რომ ის მაღალი დო აიღე... როცა აცნობიერებ, რომ ურთულესი რაღაცეების შესრულება გამოგდის, რასაც დიდი საოპერო მომღერლები ასრულებენ, მაგალითად, როგორიც პავაროტია, ეს ყველაზე მაგარი განცდაა. შინაგანად აპლოდისმენტებსაც ვგრძნობდი, სცენის მიღმა ხალხი ტაშს მიკრავდა... ჩაბნელებული დარბაზიდან ხალხის ხმა, ოვაციები ისმოდა, ეს ყველაფერი მერე ზუსტად ასე მოხდა...
ამ ყველაფერს დროდადრო youtube-ზე ვდებდი, მქონდეს, რატომაც არა-მეთქი...
სხვათაშორის, საერთოდ არ ვნერვიულობდი. რადგან შენ არ მღერი უიტნი ჰიუსტონის სიმღერას, რომელიც ყველამ იცის და არაერთხელ შეუსრულებიათ, ეს საერთოდ სხვა ჟანრია, უცხოა, ახალია და რაღაც მომენტში მე უფრო უკეთეს პოზიციაში ვიყავი, ვიდრე სხვები. სანერვიულოც არის, მაგრამ ჩემს თავს შემოვუძახე, როგორც სახლში აკეთებ, ისე გააკეთე სცენაზე, ოღონდ უფრო გამომსახველი იყავი, უფრო მეტი ჟესტი ჩართე, რადგან ასეა საჭირო-მეთქი. ამის მერე მართლა დავიჯერე რაღაცეები, რომელიც რეალობად იქცა. დავიჯერე, რომ მუსიკოსი ვარ.
ხელოვნებას ძალიან დიდი მოფრთხილება და დრო სჭირდება, რამდენ ჟანრშიც ხარ, იმდენი ადამიანი ხარ...
- წერთ კიდეც...
- ბავშვობაში ხშირად ვწერდი, ახლა უფრო ბლოგერი ვარ. ადრე პატარა ესსეების კრებული სახელწოდებით „სილის სასახლე" გამოვეცი. წერა აბიტურიენტობის პერიოდში დავიწყე, ოპერის პერიოდს დაემთხვა. პირველად დავწერე „ოცნების ინტერვიუ მარია კალასთან". მაშინ ჟურნალისტიკაზე ჩაბარება გადაწყვეტილი მქონდა, თავს რაღაც მომენტში ვაძალებდი, რაღაცეებზე დავფიქრებულიყავი. იდეები ძალიან ჩქარ-ჩქარა მომდიოდა, ჩაწერას ვერ ვასწრებდი, ისე მოდიოდა აზრები. დღეს მეცინება ზოგ რამეზე...
- რატომ „სილის სასახლე"?
- „ქვიშის სასახლის" დარქმევა მინდოდა, თუმცა ბავშვობაში რადგან სილას ვეძახდი, ამიტომ „სილის" ვუწოდე.
ქუთაისში პატარაობისას მეზობლები როდესაც რემონტს აკეთებდნენ, სილა რომ მოჰქონდათ, ჭიშკართან ყრიდნენ, როგორც ხდება ხოლმე ასეთ დროს... მივდიოდი და ამ სილაში სასახლეებს ვაშენებდი, უფლისციხის, ვარძიის მსგავს რაღაცეებს ვაკეთებდი. ეს იყო მთელი ჩემი გატაცება. ფაქტობრივად, ქალაქებს ვაშენებდი. არქიტექტორობაც მიყვარს და ერთმანეთში გადახლართული რაღაცეები. წიგნი გასაყიდად არ გამომიცია. ძირითადად, დასარიგებლად. ჩემივე ილუსტირებული იყო. შემდეგ ჩემი მხატვრული ნაწილი თანდათან ჟურნალისტიკამ მოკლა...
ზოგადად ჩემი შემოქმედება ერთმანეთს გადამკვეთი ხაზებით მაინც უკავშირდება...
- თქვენს ჟურნალისტურ პროფესიაზე გვესაუბრეთ...
- ზოგადად მშობლებმაც მიბიძგეს, იქით წადი, რადგან წერა გიყვარსო... მეც მინდოდა და ეს პროფესია ავირჩიე.
ეს საქმეც მიყვარს. მომწონს, რასაც ახლა ვაკეთებ, ესეც ერთგვარი ჟურნალისტიკაა, უბრალოდ, დღეს მობაილ-ფოტოგრაფია ჰქვია ამას. დღესაც, როცა სურვილიც მაქვს და მავალებენ კიდეც ჟურნალისტურ სტატიებს და ინტერვიუებს, ჩვეულებრივად ვაკეთებ, თან ვიცი, რა და როგორ უნდა ვაკეთო.
გარდა ამისა, კომპანია „ჯეპრას" სოციალური მედიის მენეჯერი ვარ.
- ფოტოგრაფიითაც ხართ გატაცებული...
- მობაილ-ფოტოგრაფია უფრო მოსახერხებელია. ფაქტობრივად, დაბადებული ვარ, რაღაც გამონაკლისების მხარეს ვიყო, გაზეთზე ვხატავ, მუსიკით ვსტვენ, ფოტოგრაფია-მობილურით...
- და რას ასახავთ ფოტოებზე?
- ვიღებ რეალობას, რაც ჩვენს გარშემოა. სოციალური ფოტოგრაფია, მაგალითად, ბაზრობაზე დავდივარ ხოლმე და დეტალებს ვიღებ... შთაბეჭდილებები ყოფილა ნახატებში, ინსპირაციებიც მოდის ხოლმე, ან პირიქით ხატვიდან მიდის იქით... ზოგადად ერთმანეთში არ ვურევ, არ სჭირდება, რომ ერთმანეთით ვასაზრდოო...
ამას გარდა, საქართველოში რთულია, მითუმეტეს სოციალურ თემებზე, ვიღაცებს ფოტო გადაუღო, უცხოეთშიც ასეა, თუმცა უფრო გახსნილები არიან. სხვათაშორის, ამაში ჩემი ჩაცმულობაც მეხმარება, შლაპით, ბაბთით და ა.შ... ბევრს უცხოელი ვგონივარ და უფრო მთანხმდებიან გადაღებაზე. იარე გაღიმებული სახით, გადაუღე ხალხს ფოტოები და კაციშვილი არ გეტყვის რამეს.
- რაც შეეხება სტვენას... მხოლოდ საოპერო არიების შესრულებას გააგრძელებთ თუ სხვა ჟანრშიც ცდით ძალას?
- ხანდახან როკსაც, ჯაზსაც ვასრულებ ხოლმე, გამოსვლები როცა მაქვს, ვცდილობ, ხალხი კლასიკით ძალიან არ გადავღალო. თუმცა, ტექნიკური თვალსაზრისით ოპერა იმდენად რთულია, გამოწვევაც უფრო მეტია. თავიდანვე რთულით რომ დავიწყე, შესრულება ძალიან მიადვილდება. ოპერას ბოლომდე გავყვები...
- რაიმე მასშტაბურ სოლო კონცერტს ხომ არ გეგმავთ საქართველოში?
- ამაზე ნაფიქრი მაქვს, მინდა, ორკესტრთან ერთად რაღაც გავაკეთო. თუმცა, დრო ჯერ არ მაქვს...
საქველმოქმედო კონცერტებზეც გამოვდივარ ხოლმე. თუმცა, მსგავსი რამეებით ჩემს პიარზე არასდროს ვმუშაობ, საქველმოქმედო კონცერტებით თავის გაპიარება ჩემი საქმე არაა... სამაგიეროდ, აქაც რომ ვარ, ესეც პიარია, ვიღაც კიდევ გაიგებს ჩემს სახელს, თუმცა ეს ჩემი თვითმიზანი არ არის.
ჩემს საქმეს ყოველთვის სიყვარულით ვაკეთებდი. პოპულიზმისთვის დრო არ მრჩება და არც სურვილი მაქვს. ბლოგზეც არასდროს მიწერია, მაგალითად, 17 ხერხი, როგორ უნდა გავხდეთ წარმატებული და მსგავსი რამეები... ასეთი ხერხი არ არსებობს, უბრალოდ, შეიძლება რაღაცეები დაემთხვას. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია. სხვა ცნობილი ადამიანებივით, შეიძლება უფრო სკანდალური ვყოფილიყავი, ამის სერიოზული ბაზა მქონდა, უბრალოდ, არ მცალია!!!.... არ მცალია!!! და არ მაინტერესებს მსგავსი რამეები... ჩემთვის სხვა თამასები იწევს ზევით... ახლა წავალ ფეხით, ვივლი ძალიან ბევრს... ჩავალ წიგნების ფესტივალზე, გზად რაღაცეებს გადავიღებ... ფესტივალზეც გადავიღებ რაღაცეებს, მერე სახლში წავალ, ფილმს ვუყურებ, მერე კიდევ გაჩნდება ახალი იდეები და ა.შ...
- ყველაზე მეტად მაინც სულიერ კავშირს თქვენს რომელ საქმიანობაში ხედავთ?
- საბოლოო ჯამში, მაინც ხატვა, მუსიკა და სტვენაა უფრო ახლოს... რომელთა იმედი საკუთარი თავის იმედის ტოლფასია...