ევროსაბჭოში საქართველოს ყოფილი ელჩი მამუკა ჟღენტი დარწმუნებულია, რომ საქართველო ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს აუცილებლად მიიღებს. „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ჟღენტი განმარტავს, რას გულისმობს ვიზა-ლიბერალიზაცია.
„ვიზა-ლიბერალიზაცია არ გულისხმობს ევროკავშირის ტერიტორიაზე ხანგრძლივი ცხოვრების უფლების მიღებას, ის გვანიჭებს საშუალებას, ყოველ 6 თვეში 3 თვე ვიმოგზაუროთ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში. ამ პირობის დამრღვევებს საქართველოში დააბრუნებენ და მომავალში ევროკავშირის ტერიტორიაზე შეღწევაზე სანქციებიც დაეკისრებათ" , - აღნიშნა ჟღენტმა.
ამასთან, უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებს არ ანიჭებს ევროკავშირში მუშაობის საშუალებასაც. როგორც ჟღენტი განმარტავს, ის ქმნის შესაძლებლობას, მოკლევადიანი ვიზიტის ან ვიზიტების შედეგად, პირმა მოიძიოს სამუშაო და საქართველოში დაბრუნების შემდეგ, სხვადასხვა პროცედურის გავლის შემდეგ, ასევე კანონიერი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, სამუშაოდ წავიდეს.
„უვიზო რეჟიმით სარგებლობისთვის საკმარისი არ არის მხოლოდ პასპორტისა და სამგზავრო ბილეთის აღება. ევროკავშირის საზღვარზე ჩვენი მოქალაქეები ვალდებულები იქნებიან, მოთხოვნის შემთხვევაში წარადგინონ ყველა ის საბუთი და დააკმაყოფილონ ყველა ის პირობა, რასაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საკონსულოები ითხოვენ ვიზის გასაცემად. ევროკავშირის მესაზღვრეს ყოველთვის აქვს უფლება, უარი გვითხრას ტერიტორიაზე შეღწევაზე", - განაცხადა ჟღენტმა.
წყარო: გაზეთი „კვირის პალიტრა"
(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)