რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა NATO-ს მინისტერიალზე მიღებული გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა, რომ NATO-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის აღმოსავლეთისკენ ექსპანსია რუსეთის საპასუხო ქმედებებს გამოიწვევს.
„სხვადასხვა დონეზე მოსკოვი ყოველთვის უსვამდა ხაზს, რომ NATO-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის ექსპანსია აღმოსავლეთით, რა თქმა უნდა, გამოიწვევს საპასუხო ქმედებებს აღმოსავლეთიდან, ანუ რუსული მხრიდან, უსაფრთხოების ინტერესების უზრუნველყოფისა და ინტერესთა პარიტეტის დაცვის კუთხით", - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
მისი თქმით, ზომებზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია, რადგან პუტინს მონტენეგროს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებში მიწვევის შესახებ საკუთარი მოსაზრება ჯერ არ გამოუთქვამს.
მანამდე რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავდაცვისა და უსაფრთხოების თავმჯდომარე ვიქტორ ოზეროვმა სააგენტო „რია ნოვოსტის" განუცხადა, რომ მოსკოვი მონტენეგროსთან ერთობლივი პროგრამების განხორციელებაზე უარს იტყვის.