რეჟისორი გუგული მგელაძე „სპუტნიკთან" მისი ცხოვრების საგულოსხმო დეტალებს იხსენებს. მგელაძე ყველასთვის საყვარელი ფილმის, „ბურთი და მოედანი"-ის შექმნის ისტორიას მოგვითხრობს.
„მოსკოვიდან რომ დავბრუნდი, ფილმში არავინ მიღებდა. ერთხელ შემთხვევით მატარებელში სერგეი გერასიმოვი, ელა ბისტრიცკაია და პეტრე გლებოვი შემხვდნენ. გზად ჩემს ნოველებზე ვესაუბრებოდი, თავს გადახდენილ თუ შეთხზულ ამბებს ვუამბობდი და, - ეს უნდა გადავიღოთო, - დაიძახა ელამ. ავუხსენი, რომ რეჟისორის დიპლომი არ მქონდა და ფილმის გადაღების უფლებას არავინ მომცემდა. მაშინ გერასიმოვი საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტის დეკანი გახლდათ და უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა. მომიბრუნდა და მითხრა, - დიპლომს მიიღებო, - და სარეჟისორო ფაკულტეტის მესამე კურსზე დამსვა. ორ წელიწადს ვისწავლე.
თბილისში რომ დავბრუნდი, კინოსტუდიის იმჟამინდელმა დირექტორმა მიშა კვესელავამ მირჩია, სულიკო ჟღენტთან ერთად გადაიღე რამეო. დავსხედით, დავწერეთ და 25 დღეში „ბურთი და მოედანი" გადავიღეთ. წარმოგიდგენიათ? ამდენი ხნის წინ გადაღებული სურათი დღემდე ცოცხალია, არადა, ზოგიერთი შედევრად აღიარებული ფილმი არავის ახსოვს. მაშინ კომედიის გადაღება მოდური არ იყო, ეშინოდათ კიდეც, რადგან მასში სულ სატირას ხედავდნენ. არადა, ჩემს ფილმში მართლა იყო სატირა: მამაჩემი ხომ, ე.წ. ტროიკამ გაასამართლა. იმხანად სამ კაცს გამოჰქონდა განაჩენი. თუ გახსოვთ, „ბურთი და მოედანში" იპოლიტე ხვიჩიას გმირსაც სამი კაცი ასამართლებს. მეშინოდა, არაფერს მიმხვდარიყვნენ, მაგრამ ალბათ ხვდებოდნენ კიდეც და მაინც არაფერი თქვეს. ფილმმა აქაც მიიღო პრიზი და მოსკოვის ფესტივალზეც -„საუკეთესო კომედიური ფილმისთვის". იტალიაშიც დიდი წარმატება ჰქონდა. თურმე ეს ფილმი ჩარლი ჩაპლინსაც ჰქონია თავის ფილმოთეკაში და ამაში იპოლიტეს უდიდესი წვლილია. რა ფიუნესი, რის ფიუნესი? იპოლიტე მოვლენა იყო. რეჟისორი გია დანელია მას მე-20 საუკუნის უდიდეს კომიკოსს უწოდებს, არადა მისი წარმატება „ბურთი და მოედნიდან" დაიწყო."- იხსენებს გუგული მგელაძე.
საქართველოს სახალხო არტისტი, კინორეჟისორი და სცენარისტი გუგული მგელაძე 29 ნოემბერს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.
http://sputnik-georgia.com/columnists/20151201/229316684.html#ixzz3tC3zL800