საქალაქო სასამართლოში გიორგი ოქროპირიძის წინააღმდეგ საქმის არსებითი განხილვის დაწყებამდე, მისმა ადვოკატმა დავით მოდებაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გიორგი ოქროპირიძის მიმართ არ დამდგარა გამამტყუნებელი ვერდიქტი და ვერც ნაფიცი მსაჯულების ახალი შემადგენლობის პირობებში დადგება.
მოდებაძის განცხადებით, ბრალდების მხარემ საკუთარი მტკიცებულებები გააბათილა და სიმართლე მიჩქმალა.
„შესაბამისად, არ დამდგარა გიორგი ოქროპირიძის მიმართ გამამტყუნებელი ვერდიქტი პირველი შემადგენლობის პირობებში და არც ნაფიცი მსაჯულების ახალი შემადგენლობის პირობებში დადგება გამამტყუნებელი ვერდიქტი", - განაცხადა დავით მოდებაძემ.
რაც შეეხება დღევანდელ პროცესს, ადვოკატის თქმით, დღეს დაცვის მხარე წარადგენს ახალი მტკიცებულებების ერთ ტომს, რომლის დასაშვებობას მოითხოვს. ამასთან ერთად დღეს მხარეები, მათ შორის ბრალდებული ოქროპირიძე შესავალ სიტყვებს წარმოთქვამენ.
საქალაქო სასამართლოში ნაფიცი მსაჯულების პირობებში გიორგი ოქროპირიძის წინააღმდეგ საქმის განხილვის ვიდეო-აუდიო ჩაწერა მოსამართლის გადაწყვეტილებით მედიისთვის აიკრძალა. მოსამართლემ მიიჩნია, რომ აღნიშნული ზეგავლენას მოახდენს ნაფიც მსაჯულებზე. თუმცა დაინტერესებულ პირებს დარბაზში დასწრების შესაძლებლობა ეძლევათ.
პროცესის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა საქმის ერთ-ერთმა პროკურორმა თორნიკე ნადირაძემაც. მისი თქმით, ბრალდების მხარეს აქვს მოლოდინი, რომ დადგება გამამტყუნებელი ვერდიქტი ოქროპირიძის წინააღმდეგ, რომელსაც ბრალად ედება ლაშა მახარაძის განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში.