reportiori.ge - რა დაპირებები მიიღო საქართველომ NATO-ს მინისტერიალზე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 23:24
პრეს-დაიჯესტი
რა დაპირებები მიიღო საქართველომ NATO-ს მინისტერიალზე
ავტორი:
03 დეკემბერი, 2015. 13:40



NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების თავყრილობაზე, ბრიუსელში, როგორც მოსალოდნელი იყო, კვლავაც უპასუხოდ დარჩა შეკითხვა - როდის შესრულდება 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება და როდის გახდება საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი, თუმცა, დასკვნით დეკლარაციაში მინისტრებმა წერტილი დაუსვეს საქართველოში არსებულ ვარაუდებს იმის თაობაზე, რომ ქვეყანას NATO-ში გასაწევრიანებლად შესაძლოა სულაც არ დასჭირდეს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP).


რა უნდა გააკეთოს საქართველომ NATO-სთან დასაახლოებლად, რას ჰპირდება მას NATO და რა იმედები ჩაუსახა საქართველოს მონტენეგროს მაგალითმა?


ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების თვალთახედვით, საქართველოს ურთიერთობა NATO-სთან მოიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს ქვეყნის სამომავლო გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად და ისინი ასევე მოუწოდებენ საქართველოს, სრულად გამოიყენოს ალიანსთან დაახლოების შესაძლებლობები, რომლებსაც მას აძლევს: NATO-საქართველოს კომისია, ყოველწლიური ეროვნული პროგრამა, გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორის (Enhanced Opportunities Partner) როლი, ალიანსის თავდაცვითი შესაძლებლობების მშენებლობის ინიციატივა (Defence Capacity Building Initiative) თუ NATO-საქართველოს არსებითი პაკეტი. მინისტერიალის ფარგლებში დამტკიცებულ ერთობლივ დეკლარაციაში ასევე ნახსენებია გაწევრიანების სამოქმედო გეგმაც (MAP), როგორც აუცილებელი ინსტრუმენტი ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების, ანუ NATO-ში საქართველოს გაწევრიანების დაპირების, აღსასრულებლად. ამ საკითხზე 2 დეკემბერს გამართულ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმაც ილაპარაკა:


იენს სტოლტენბერგი:

ჩვენ ვაღიარებთ, რომ საქართველო პროგრესის მიღწევას განაგრძობს... კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მიერ მანამდე მიღებულ გადაწყვეტილებებს, რაც ასევე გულისხმობს MAP-ის საჭიროებას. მუდმივად ასეთია ჩვენი მიდგომის ნაწილი. MAP იგულისხმება იმ პროგრესის მოთხოვნებში, რომლის მიღწევასაც ჩვენ საქართველოსთან ერთად ვაპირებთ".


ის, რაზეც იენს სტოლტენბერგი ლაპარაკობს და რაც მინისტერიალის ფარგლებში დამტკიცებულ დეკლარაციაშიც არის ასახული, თავისებურად ოპტიმისტურად აღიქვეს თბილისში. მაგალითად, როგორც ცალკეულმა თანამდებობის პირებმაც აღნიშნეს და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშიც არის აღნიშნული, MAP-ი „ფაქტიურად ხდება საქართველოს NATO-ში გასაწევრიანებლად მიწვევის თაობაზე მისაღები პოლიტიკური გადაწყვეტილების ნაწილი".


2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების თანახმად, NATO-ში გასაწევრიანებლად საქართველოს MAP აუცილებლად რომ დასჭირდება, ამაში ეჭვი არასოდეს ეპარებოდა დამოუკიდებელ ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძეს და, აქედან გამომდინარე, ის არასოდეს ეთანხმებოდა ვარაუდებს NATO-ში MAP-ის გვერდის ავლით გაწევრიანების შესაძლებლობის თაობაზე. სხვათა შორის, ასეთი შესაძლებლობა დაშვებული იყო თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის ბოლო პერიოდის ცალკეულ კომენტარებშიც. ზაალ ანჯაფარიძეს ჩვენთან საუბარში მონტენეგროს მაგალითიც მოჰყავს და აღნიშნავს, რომ MAP-ის აუცილებელ ეტაპს ვერც ჩვენ გადავაბიჯებთ:


„ჩვენ აუცილებლად უნდა გავიაროთ ეს სტადია, უნდა მივიღოთ MAP და შევასრულოთ მის მიერ გათვალისწინებული მოთხოვნები და ამის შემდეგ უკვე დაიწყება უშუალოდ ჩვენი წევრად მიწვევის პროცედურა, რაც მოხდა მონტენეგროს შემთხვევაში. მონტენეგრომ 2009 წელს მიიღო MAP და, შესაბამისად, NATO 6 წელიწადი მუშაობდა მონტენეგროსთან MAP-ის ფარგლებში, რათა ის მოემზადებინა წევრობისთვის".


მნიშვნელოვანია ასევე NATO-ელ მოკავშირეებთან თავსებადობის საკითხი, მათ შორის, იმ საერთო ღირებულებების შესრულების კუთხით, რაც დემოკრატიის საფუძველია - რამდენად პროგრესს მივაღწიეთ ამ კუთხით...


გიორგი მუჩაიძე:

„მონტენეგრომ, საგარეო საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილებით, 2 დეკემბერს მიიღო ოფიციალური მიწვევა NATO-ში გასაწევრიანებლად და ის ალიანსის 29-ე წევრი გახდება. NATO-ს ღია კარის პოლიტიკამ იმედი გაუჩინა არაერთ ქვეყანას და მათ შორის არის საქართველოც. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, „ამ გადაწყვეტილებით მოკავშირეებმა კვლავ დაადასტურეს ერთგულება „ღია კარის" პოლიტიკის მიმართ, რამაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ევროპაში უსაფრთხოების განმტკიცებას და მის დემოკრატიულ განვითარებას".


მონტენეგროს მაგალითმა სამომავლო იმედები გაუძლიერა ანალიტიკოსების ერთ ნაწილსაც და ამ ნაწილს მიეკუთვნება, მაგალითად, ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მუჩაიძე. როგორც მან უთხრა „რადიო თავისუფლებას", „ინფლაციური მოლოდინის" შექმნა გაუმართლებელია, მაგრამ 2 დეკემბერს მონტენეგროსთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით, რამაც რუსეთი მეტად უკმაყოფილო დატოვა, NATO-მ კიდევ ერთხელ თქვა, რომ ალიანსის გაფართოების გასაღები მოსკოვში არ დევს და რომ რეალურ გადაწყვეტილებებს ბრიუსელი იღებს, ამა თუ იმ ქვეყნის მზადყოფნის შესაბამისად:


„რა თქმა უნდა, არსებობს სტრატეგიული კონტექსტი, - სტრატეგიული და პოლიტიკურია ეს (გაფართოების შესახებ) გადაწყვეტილება, საბოლოო ჯამში, - მაგრამ ამ მხრივაც მხარდაჭერის კრიტიკული მასა გროვდება, გამომდინარე იქიდან, თუ რამდენად ვართ ჩვენ ალიანსის მტკიცე მოკავშირეები (რაც ვართ და ამას ვადასტურებთ სერიოზული კონტრიბუციით NATO-ს ეგიდით გამართულ სამშვიდობო ოპერაციებში) და, მეორე, მნიშვნელოვანია ასევე NATO-ელ მოკავშირეებთან თავსებადობის საკითხი, მათ შორის, იმ საერთო ღირებულებების შესრულების კუთხით, რაც დემოკრატიის საფუძველია - რამდენად პროგრესს მივაღწიეთ ამ კუთხით".


მედიის თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის კუთხით ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს შეინარჩუნოს იმპულსი თავისი მრავალმხრივი რეფორმების განხორციელების ძალისხმევაში, რასაც ჩვენ კვლავაც დავუჭერთ მხარს...


დეკლარაციის ტექსტი


მინისტერიალის გადაწყვეტილებებმა კმაყოფილი დატოვა თბილისი. მაგალითად, ქართული მხარე მიესალმება გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რომ „ვარშავის სამიტისთვის, NATO-ს მიერ განხილული იქნება ახალი პრაქტიკული საშუალებები არსებითი პაკეტის იმპლემენტაციისკენ მიმართული ძალისხმევის გასამყარებლად, მათ შორის, მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგისა და, ასევე, თავდაცვის და სტრატეგიული კომუნიკაციის სფეროებში გაზრდილი თანამშრომლობის მეშვეობით". ეს აქცენტი ხაზგასმულია საგარეო უწყების მიერ 2 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.


NATO-ს გენერალურმა მდივანმაც აღნიშნა ოთხშაბათს ბრიუსელში გამართულ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე და საგარეო საქმეთა მინისტრების საბოლოო დეკლარაციაშიც არის ნათქვამი, რომ საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს დემოკრატიული განვითარების კუთხით - იქნება ეს კანონის უზენაესობის განმტკიცება, სასამართლო სისტემის რეფორმირება, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროების მოდერნიზება თუ სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობა. თუმცა მინისტერიალის საბოლოო დეკლარაციის ტექსტში დასმულია აქცენტი, რომელიც მეტის გაკეთების აუცილებლობაზე მიანიშნებს და, სავარაუდოდ, „რუსთავი 2"-ის ბოლოდროინდელ საქმეს უკავშირდება:


„მედიის თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის კუთხით ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს შეინარჩუნოს იმპულსი თავისი მრავალმხრივი რეფორმების განხორციელების ძალისხმევაში, რასაც ჩვენ კვლავაც დავუჭერთ მხარს".


NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ მიღებული დეკლარაციის 14-პუნქტიან ტექსტში, სადაც 4 პუნქტი შეეხება საქართველოს, ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ NATO კვლავაც მყარად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, უკანონოდ მიიჩნევს მოსკოვის მიერ სოხუმთან და ცხინვალთან გაფორმებულ ე. წ. ხელშეკრულებებს და მოუწოდებს რუსეთს უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის -დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების გადაწყვეტილება. დეკლარაციის ტექსტში გამოხატულია მადლიერება საქართველოს მისამართით გლობალური მშვიდობის უზრუნველყოფის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.



წყარო: radiotavisupleba.ge, ლელა კუნჭულია


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016