ექპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე გაზეთ „ახალ თაობასთან" ინტერვიუში ქართული სპეცსამსახურების მუშაობაზე და მათი დაფინანსების გაზრდის აუცილებლობაზე საუბრობს.
„სპეცსამსახურები გააქტიურდნენ და ბევრი სწორი ნაბიჯი გადადგეს და მე არ შემიძლია, ეს არ შევაფასო დადებითად. მაგალითად, ჩამოდის აზერბაიჯანის მოქალაქე, გარეგნულად არაფერი ეტყობა და მიდის თურქეთში. თუ ჩვენ ყველა მათგანს დავაკავებთ და არ გავუშვებთ, არ ვიქნებით სწორი. ამით დავარღვევთ ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ფუნქციის იდეას. მე სატრანზიტო ფუნქციას ვგულისხმობ.
ადრე ხშირად ვსაყვედურობდი სპეცსამსახურებს მათი მუშაობის გამო. 2015 წლიდან სპეცსამსახურების მუშაობა უფრო თანმიმდევრული გახდა ამ მიმართულებით. მე უკვე 20 წელია, ამ თემით ვარ დაკავებული და თუ 2000-იანების დასაწყისს არ გავიხსენებ, სხვა შემთხვევაში სპეცსამსახურების წაყრუებით ხდებოდა ეს ყველაფერი.
დღეს სხვა სიტუაციაა, სპეცსამსახურები გააქტიურდნენ და ბევრი სწორი ნაბიჯი გადადგეს და არ შემიძლია, ეს არ შევაფასო დადებითად. პროფილაქტიკა ამ მიზნით აუცილებელი და მნიშვნელოვანია. ამ ფსევდოყურადღებამ და ფსევდოფასეულობებზე დაყრდნობამ ზოგ შემთხვევაში მოგვიტანა უკუშედეგი და ეს საფრანგეთის მაგალითზე კარგად ჩანს.
სპეცსამსახურები რომ შეზღუდული იყვნენ თავის ქმედებაში, მე ეს აუცილებლად მეცოდინებოდა. ნამდვილად არ არიან შეზღუდულები და აქედან გამომდინარე მათი უფლებების გაზრდა აღარ არის საჭირო. უბრალოდ, მე ვურჩევდი ხელისუფლებას, რომ სპეცსამსახურის დაფინანსება გაიზარდოს", - ამბობს არეშიძე.
წყარო: „ახალი თაობა"