საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი, რომ სუსმა გურიასა და აჭარაში ოთხი პირი დააკავა. დაკავებულ პირებს ისლამური სახელმწიფოს იდეოლოგიის გაზიარებაში ადანაშაულებენ.
როგორც გაირკვა, აღნიშნულ პირებს ნათესაური კავშირები აქვთ იმ მუქარის ვიდეოს ავტორებთან, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინტერნეტსივრცეში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ისლამურ სახელმწიფოსთან შესაძლო კავშირის ბრალდებით დაკავებული ერთ-ერთი პირი, ლაშა გობაძე, ამავე ტერორისტული ორგანიზაციის სახელით გავრცელებული ვიდეომუქარის ავტორის, ხვიჩა გობაძის დეიდაშვილია.
ტერორიზმის საფრთხე დღეს მთელი მსოფლიოს გადაუჭრელი პრობლემაა. რა საფრთხე ემუქრება ამ კუთხით ჩვენს ქვეყანას?
როგორც ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე აცხადებს, მსოფლიოში სალაფიტური მოძრაობა ასოცირდება პოლიტიკურ ისლამთან და აქედან გამომდინარე, ტერორიზმთან.
- ადამიანები, რომლებიც ამ საქმესთან არიან დაკავშირებული, პოტენციურად განიხილებიან როგორც ტერორისტული ორგანიზაციის წევრები. ჩვენ ვიცით, რომ ეს ადამიანები თავისით არ მისულან ამ რელიგიურ მიმდინარეობასთან", - ამბობს მამუკა არეშიძე.
- ვინმე დაეხმარათ?
- მათთან მუშაობენ უცხოური რელიგიური ორგანიზაციები, რომლებიც, როგორც წესი, პოლიტიკური მიზნების მიღწევას ცდილობენ საზოგადოებაზე ზემოქმედების მეშვეობით. საქართველოში დღეს ბევრია ისეთი ადამიანი, რომელიც სალაფიტური ისლამის მომხრეა, მაგრამ ყველა ხომ არ დაუპატიმრებიათ?! დაპატიმრებული არიან ის ადამიანები, რომელთა მიმართაც კითხვებია და რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან კანონსაწინააღმდეგო და სახელმწიფოს საწინააღმდეგო საქმიანობაში.
- ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ისინი უდანაშაულოები არიან.
- მე არ მინახავს ოჯახის წევრი, რომელსაც ეთქვას, ჩემი ოჯახის წევრი სამართლიანად დააპატიმრესო. ყველაფერს გამოძიება დაადგენს და შემდეგაც გაგრძელდება ეს პროცესი.
- ამ ფონზე რამდენად კარგად მუშაობენ ჩვენი სპეცსამსახურები?
- მე ადრე ხშირად ვსაყვედურობდი სპეცსამსახურებს მათი მუშაობის გამო. 2015 წლიდან სპეცსამსახურების მუშაობა უფრო თანმიმდევრული გახდა ამ მიმართულებით. მე უკვე 20 წელია, ამ თემით ვარ დაკავებული და თუ 2000-იანების დასაწყისს არ გავიხსენებ, სხვა შემთხვევაში სპეცსამსახურების წაყრუებით ხდებოდა ეს ყველაფერი.
დღეს სხვა სიტუაციაა, სპეცსამსახურები გააქტიურდნენ და ბევრი სწორი ნაბიჯი გადადგეს და არ შემიძლია, ეს არ შევაფასო დადებითად. პროფილაქტიკა ამ მიზნით აუცილებელი და მნიშვნელოვანია. ამ ფსევდოყურადღებამ და ფსევდო ფასეულობებზე დაყრდნობამ ზოგ შემთხვევაში მოგვიტანა უკუშედეგი და ეს საფრანგეთის მაგალითზე კარგად ჩანს.
- იმის თქმა გინდათ, რომ ეს ფასეულობები ფსევდოა?
- არავითარ შემთხვევაში! მე არ ვამბობ, რომ ევროპული ფასეულობები ფსევდოა, ზოგ შემთხვევაში ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიკეთეა, მაგრამ ამ ფასეულობების არასწორად გამოყენება და არასწორად შეფასება იწვევს მათ დევალვაციას. ტოლერანტობასთან დაკავშირებული რაც არის, გადაჭარბებული არაფერი ვარგა. საფრანგეთმა მიიღო ის, რაც დაუშვა. ამ ტიპის ფასეულობებს შეეწირა ქვეყნის უსაფრთხოება. მე არ მინდა, რომ იგივე განმეორდეს საქართველოშიც. ამიტომ სპეცსამსახურების აქტიურობა ამ კუთხით მისასალმებელია.
- როდესაც ასეთი დაძაბული ვითარებაა, სპეცსამსახურებს უფლებამოსილებას უზრდიან, ჩვენთან კი ამ თემაზე არავინ საუბრობს. რატომ?
- სპეცსამსახურები რომ შეზღუდული იყვნენ თავის ქმედებაში, მე ეს აუცილებლად მეცოდინებოდა. ნამდვილად არ არიან შეზღუდულები და აქედან გამომდინარე მათი უფლებების გაზრდა აღარ არის საჭირო. უბრალოდ, მე ვურჩევდი ხელისუფლებას, რომ სპეცსამსახურის დაფინანსება გაიზარდოს.
- არ აქვთ საკმარისი დაფინანსება?
- არაა საკმარისი. ოპერატიული რეაგირებისთვის საჭიროა უახლესი ტექნიკა, რადგან ჩვენ გვყავს მოწინააღმდეგე, რომელიც თვითონ არის აღჭურვილი საუკეთესო და უახლესი საშუალებებით. აუცილებელია დაფინანსების გაზრდა.
- გურიაში დააკავეს ერთი ჯგუფი, სხვაგანაც არის მსგავსი კერები?
- როგორ არ არის. აჭარაშიც არის, ალბათ გურიაშიც არის დარჩენილი. განსაკუთრებით ქვემო ქართლია ამ კუთხით საინტერესო. პანკისში დღეს შედარებით სტაბილური ვითარებაა. იქ არ არის ერთიანი პოზიცია, დაუჭირონ თუ არა მხარი ისლამურ ხალიფატს.
- საუბარია, რომ საზღვრებზეც გამკაცრებულია ვითარება, თუმცა ოპოზიცია სულ საყვედურობს ხელისუფლებას, რომ ბევრი მებრძოლი გადაუშვეს საზღვარზე. ასეა?
- არც ასეა საქმე, საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც იბრძვიან ხალიფატის რიგებში, არ არის ის რაოდენობა, რომ ამან ისტერიკაში ჩაგაგდოს. ვიღაცას პოლიტიკური ამბიციებისთვის სჭირდება ამის გამოყენება. მათი რაოდენობა, სულ რომ გაჭიმო, არის 120 კაცი.
- ტრანზიტად იქნა გამოყენებული ჩვენი ტერიტორიაო.
- მე არ გამოვრიცხავ, რომ ტრანზიტად იყენებდნენ, მაგრამ რა ქნან?! მაგალითად, ჩამოდის აზერბაიჯანის მოქალაქე, გარეგნულად არაფერი ეტყობა და მიდის თურქეთში, თუ ჩვენ ყველა მათგანს დავაკავებთ და არ გავუშვებთ, არ ვიქნებით სწორი. ამით დავარღვევთ ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ფუნქციის იდეას. მე სატრანზიტო ფუნქციას ვგულისხმობ.
ასევე კავკასიელებისთვის საზღვარი ჩვენ თვითონ გავხსენით, გამოვაცხადეთ, რომ არის უვიზო მი-მოსვლა. ან უვიზო მიმოსვლა უნდა შევზღუდოთ, ან უნდა მოვდოთ ბადე და ყველა უნდა გავაჩეროთ. ძალიან რთულია ამის გარკვევა. თუ ორიენტირი ზუსტად არ არის მოცემული, ძალიან რთულია ამ ადამიანების გაჩერება.
- დაძაბულია ურთიერთობა რუსეთსა და თურქეთს შორის, როგორ აისახება ეს ყველაფერი ჩვენს ქვეყანაზე? საფრთხე რამდენად რეალურია?
- თუ საომარი ვითარება დაიწყო რუსეთსა და თურქეთს შორის, ეს იქნება რეგიონალური კატასტროფა, აღარ ვლაპარაკობ მსოფლიო კატასტროფაზე. ამ შემთხვევაში, რასაკვირველია, ჩვენ მოვლენების განვითარების ეპიცენტრში აღმოვჩნდებით. არა მარტო ჩვენ, არამედ მთლიანად სამხრეთ კავკასია. ეს ყველაფერი მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანს.
ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ ეკონომიკური აქტივობა სამხრეთ კავკასიაში გაჩერდება. არ არის გამორიცხული, ფართო მასშტაბით განახლდეს ყარაბახის კონფლიქტი. გარდა ამისა, არ არის გამორიცხული, რუსეთმა მოინდომოს საქართველოს ტერიტორიაზე გავლით თავისი ბაზის მომარაგება.
- ანუ სიტუაცია სახიფათოა?
- ძალიან სახიფათოა, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, საქმე აქამდე არ მივა. თუ მოხდება ფრაგმენტული დაპირისპირება რუსეთსა და თურქეთს შორის, ეს იქნება სირიის ტერიტორიაზე. რასაკვირველია, ამ შემთხვევაშიც არ არის სასიამოვნო ვითარება, მაინც ჩართულები აღმოვჩნდებით, ოღონდ უკვე სხვა ხარისხით.
შეიძლება პარადოქსულად ჟღერდეს, მაგრამ რუსეთისა და თურქეთის დაპირისპირების ფონზე, თუ სწორად მოვიქეცით, შეიძლება ეკონომიკური სარგებელი ვნახოთ. ხოლო სამხედრო დაპირისპირების ფონზე, დაღუპულები ვართ.
ნონა ცაბაძე
გაზეთი „ახალი თაობა"