შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილის განცხადებით, სასწრაფოს, სახანძროსა და პოლიციის მანქანისთვის გზის არდათმობა, მართვის მოწმობის ჩამორთმევის ნაცვლად, შესაძლოა, 300-ლარიანი ჯარიმით შეიცვალოს.
მისი თქმით, აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი „საგადასახადო კოდექსში" ცვლილებებს ითვალისწინებს. მისივე თქმით, ახალი მიდგომის შემუშავება ფინანსთა სამინისტროსთან ერთად მოხდა და ეს ახალისებს ახალი ავტომობილების შემოყვანას და ძველი ავტომობილების განბაჟებას უფრო მეტად ამკაცრებს.
ხუციშვილის განცხადებით, იმისთვის, რომ მოსახლეობის ნაკლებად შეძლებულ ფენებს არ გაუძვირდეთ სატრანსპორტო საშუალებებზე ხელმისაწვდომობა, მოტოციკლეტების, მოპედების განბაჟება მაქსიმალურად იაფი ხდება და ნაცვლად დამატებითი ღირებულების გადასახადისა, ისინი აქციზის მიხედვით განბაჟდებიან, როგორც ეს არის ავტომობილების შემთხვევაში.
მისი თქმით, ამ კანონპროექტის ნაწილია ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში", რომელიც რამდენიმე სიახლეს გულისხმობს.
„მაგალითად, დღეისთვის ჩვენ გვაქვს მდგომარეობა, როდესაც სასწრაფოსთვის გზის არდათმობა მართვის მოწმობის ჩამორთმევით ისჯება, თუმცა ამის სტატისტიკა გვაქვს სავალალო. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სასწრაფოსთვის, სახანძროსთვის და პოლიციის მანქანისთვის გზის არდათმობა ამდენად მკაცრი არ უნდა იყოს, თუმცა ადმინისტრირება უნდა გამკაცრდეს და მართვის მოწობის ჩამორთმევის ნაცვლად, ეს დაისჯება 300-ლარიანი ჯარიმით და ადმინისტრირება ამ მიმართულებით გამკაცრდება.
40 კილომეტრ/საათის ფარგლებში სიჩქარის გადაჭარბება 50-ლარიან სანქციას გამოიწვევს, ხოლო 40 კილომეტრ/საათზე ზევით სიჩქარის გადაჭარბება უფრო მკაცრად დაისჯება. მნიშვნელოვანი სიახლეა ასევე ღერძულა ხაზის გადაკვეთის შედეგად საპირისპირო ზოლში მოძრაობა. ალბათ, ბევრი შენიშნავდით, როდესაც თქვენ თქვენს ზოლში მოძრაობთ და ხედავთ, შუქნიშანზე გაჩერებულ ან საცობის შემთხვევაში, როგორ გადაკვეთს რომელიმე თავხედი მძღოლი და მოძრაობს პარალელურად საპირისპირო ზოლში იმისთვის, რომ გაასწროს ამ რიგს. ეს საკმაოდ დიდი პრობლემაა და ჩვენი ინფორმაციით, საცობების ერთ-ერთი მნიშვნელოვანია გამომწვევია, ამიტომ ამის მიმართაც გამკაცრდება და 300-ლარიანი ჯარიმით დაისჯება ასეთი შემთხვევები. ამ მიმართულებით ადმინისტრირებაც გამკაცრდება", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.