reportiori.ge - „ხანდახან მავიწყდება, „ფესვები“ მე რომ გადავიღე და ვტირი“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 23:11
პრეს-დაიჯესტი
„ხანდახან მავიწყდება, „ფესვები“ მე რომ გადავიღე და ვტირი“
ავტორი:
04 დეკემბერი, 2015. 10:42


ქართული კინემატოგრაფიის ერთ-ერთ გამორჩეულ ფიგურა, რომლის სახელს არაერთი ცნობილი ფილმი უკავშირდება, უკანასკნელ გზაზე გააცილეს.


ეს ის შემთხვევაა, როცა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გამიმართლა. ჟურნალისტური ეგოიზმი, თორემ ამ გამართლებასაც თავისი გამართლება აქვს. რესპონდენტი, რომელიც ორი კვირის წინ ჩავწერე, რამდენიმე დღის წინ მოულოდნელად გარდაიცვალა.


„ახლა 88 წლის ვარ და მოვიწყინე. ჩემი თაობის კოლეგებიდან ცოცხალი აღარავინ არის, ბოლოს რეზო ჩხეიძე წავიდა... ჩემი შემოქმედებიდან მთავარი ფილმი „ფესვებია", - მითხრა და გამიღიმა. ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ...


„...ტრაბახი გამომდის, მაგრამ „ფესვები" რომ ნახა, გიგა ლორთქიფანიძემ დამირეკა, ამ ფილმის ფინალი სხვის 15 ფილმს მირჩევნიაო. ხომ გახსოვთ, როგორ უყურებს ლევან აბაშიძე სოფელში შეკრებილ მდუმარე ხალხს!.. არ შეიძლებოდა, ყვირილი აეტეხა, ვაიმე, ეს რა ხდებაო... მსახიობის დიდი ოსტატობა  იყო საჭირო, რასაც ლევანმა არაჩვეულებრივად გაართვა თავი!......ხანდახან მავიწყდება, „ფესვები" მე რომ გადავიღე და ვტირი. სხვა ფაქტორებიც მოქმედებს - ლევან აბაშიძე და დოდო აბაშიძე აღარ არიან, ის წლები და ახალგაზრდობაც გაფრინდა..."- ამბობდა რეჟისორი...


გუგული მგელაძის გარდაცვალებამ ძალიან დასწყვიტა გული მისი თაობის კოლეგებს...


გიორგი შენგელაია, რეჟისორი:


- გუგული მგელაძე ჩემზე უფროსი იყო, მაგრამ განსაკუთრებით მიყვარდა. მე, ელდარ შენგელაიამ, ოთარ იოსელიანმა, საშა რეხვიაშვილმა და გუგული მგელაძემ ერთი სკოლა - ВГИК (მოსკოვის გერასიმოვის სახელობის კინემატოგრაფიის ინსტიტუტი) გავიარეთ და ე.წ. ვგიკელები ძალიან ვმეგობრობდით... გუგული კარგი პიროვნება და რეჟისორი იყო. ზუსტად ისეთი, როგორსაც მე განსაკუთრებით ვაფასებ - ერუდირებული, აზროვნების ფართო სპექტრით... დასანანია, ქართული კინოს ასეთი ოსტატები რომ მიდიან. მისი ფილმები საუკეთესოა. კარგი ფილმის შეფასების კრიტერიუმიც ხომ ის არის, რამდენად დიდხანს რჩება ხალხის შემეცნებაში. გუგულის ფილმები ძალიან უყვარს ხალხს, განსაკუთრებით - „ფესვები". ასეთი იყო ძველი კლასიკური კინო - კარგი მსახიობები, კარგი რეჟისორი და კარგი თემა... არ შეიძლება, კაცი არ ააღელვოს „ფესვებმა". მე სოფელ დიღომში ვცხოვრობ და ვიცი უბრალო ადამიანების დამოკიდებულება ამ ფილმის მიმართ... ახალგაზრდა თაობამ ხშირად უნდა ნახოს ის ფილმები, რომლებსაც გუგული მგელაძე ქმნიდა. სამწუხაროდ, დღეს კლასიკური ფილმების ნიში ტელევიზიებში უგემოვნო შოუებს აქვს დაკავებული...


ჩვენმა თაობამ ქართულ კინემატოგრაფიაში ეპოქა შექმნა და გული მწყდება, როცა ასეთი გამოჩენილი ადამიანები მიდიან. ერთ დღეს წავიდნენ გუგული მგელაძე და ელდარ რიაზანოვი... ქართული და რუსული კინემატოგრაფიის წარმომადგენლები ხომ ერთი დიდი ოჯახის წევრები ვიყავით.


გუგული მგელაძე დიდი ოჯახის სიძე გახლდათ - პავლე ინგოროყვას სიძე იყო, რაც დიდ გავლენას ახდენდა მასზე და დიდ კულტურას მატებდა ამ არაჩვეულებრივ, ინტელიგენტ პიროვნებას. მისი შვილი - გიო მგელაძეც ძალიან ნიჭიერი და წარმატებული რეჟისორია.



ლანა ღოღობერიძე:


- გუგული მგელაძე ჩვენი თაობის კინემატოგრაფისტების ღირსეული წარმომადგენელი იყო. ძალიან უბრალო და კაცთმოყვარე ადამიანი, მისგან მხოლოდ სიკეთე და კეთილგანწყობა მახსოვს. გუგულის შემოქმედებას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართული კინოს ისტორიაში. ერთ დღეს წავიდნენ გუგული მგელაძე და ელდარ რიაზანოვი. ეს კანონზომიერია, მაგრამ ძნელია შეეგუო... ელდარ რიაზანოვსაც კარგად ვიცნობდი. ვიცი, მას ძალიან უყვარდა საქართველო და ქართული კინო!



წყარო: „კვირის პალიტრა", მანანა გაბრიჭიძე 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016