reportiori.ge - „ამქვეყნად იმიტომ გავჩნდი, რომ „ფესვები“ შემექმნა!“ - გუგული მგელაძის ცხოვრების ფილმი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:04
ინტერვიუ
„ამქვეყნად იმიტომ გავჩნდი, რომ „ფესვები“ შემექმნა!“ - გუგული მგელაძის ცხოვრების ფილმი
ავტორი:
04 დეკემბერი, 2015. 12:47


„ერთმა კაცმა დამირეკა, დიდხანს ემიგრაციაში ვიყავი და „ფესვები" რომ ვნახე, სამშობლოში დავბრუნდიო"

 

„ახლა 88 წლის ვარ და მოვიწყინე. ჩემი თაობის კოლეგებიდან ცოცხალი აღარავინ არის, ბოლოს რეზო ჩხეიძე წავიდა... ჩემს შემოქმედებაში მთავარი ფილმი „ფესვებია", - ამბობს ცნობილი რეჟისორი გუგული მგელაძე.


- კრიტიკოსები ვერ ხვდებიან, რა არის „ფესვების" მთავარი იდეა - მხოლოდ საქართველოში შეიძლება, მთელი სოფელი დახვდეს 60 წლის წინ წასული ემიგრანტის ნეშტს... წელს ამერიკაში წაიღეს ფილმები და „ფესვები" ამოაგდეს. დავურეკე ნანა ჯანელიძეს და ვუსაყვედურე, თქვენ ოსტატობით ვერავის გააკვირვებთ, ეს ფილმიც უნდა წაგეღოთ, ფილმის მთავარი იდეა რაც არის, ამით უნდა იამაყოთ-მეთქი... მიპასუხა, მართალი ხარო, მაგრამ რაღა აზრი აქვს... ალბათ, შეეშინდათ, რომ სხვა ფილმებს გადაფარავდა. „ფესვები" საქართველოსა და ქართველებზე ლაპარაკობს და არა კინოზე. ტრაბახი გამომდის, მაგრამ „ფესვები"" რომ ნახა, გიგა ლორთქიფანიძემ დამირეკა, ამ ფილმის ფინალი სხვის 15 ფილმს მირჩევნიაო. ხომ გახსოვთ, როგორ უყურებს ლევან აბაშიძე სოფელში შეკრებილ მდუმარე ხალხს!.. არ შეიძლებოდა, ყვირილი აეტეხა, ვაიმე, ეს რა ხდებაო... მსახიობის დიდი ოსტატობა იყო საჭირო, რასაც ლევანმა არაჩვეულებრივად გაართვა თავი!



- მუსიკა როგორ შეარჩიეთ?

 

- მუსიკა ალექსანდრე რაქვიაშვილმა დაწერა. გადასარევი კომპოზიტორია ნუგზარ ვაწაძეც, რომელმაც ჩემი ფილმები გააფორმა, მაგრამ ალბათ, იღბალი იყო, რაქვიაშვილს რომ შევთავაზე თანამშრომლობა. მთხოვა, მასალა მეჩვენებინა. ორი კვირის შემდეგ დამირეკა, მობრძანდით, მოისმინეთო. საბურთალოზე იყო სტუდია „მელოდია", სადაც 4 დარბაზში მიმდინარეობდა ჩაწერები.


ერთი დარბაზიდან ისეთი მუსიკა მომესმა, რომ ცრემლები ღაპა­ღუპით წამომივიდა. ვინატრე, ნეტავ, ეს იყოს ჩემი ფილმის მუსიკა-მეთქი. შევაღე კარი და... რაქვიაშვილი დირიჟორობდა.


- შეუძლებელია ფილმის აუღელვებლად ყურება. თქვენც გიტირიათ?


- ხანდახან მავიწყდება, მე რომ გადავიღე და ვტირი. სხვა ფაქტორებიც მოქმედებს - ლევან აბაშიძე და დოდო აბაშიძე აღარ არიან, ის წლები და ახალგაზრდობაც გაფრინდა... ალბათ, ამქვეყნად იმიტომ გავჩნდი, რომ „ფესვები" შემექმნა.


ფილმი ერთხელ სხვა ქვეყანაში რომ ვაჩვენე, დასრულების შემდეგ მთხოვდნენ, ცოტა დრო მოგვეცი, აზრზე მოვიდეთ, შოკში ვართო...


- დღეს არა გაქვთ გადაღების სურვილი?


- უკვე 88 წლის ვარ და თითქოს მოვიწყინე. ჩემი თაობის კოლეგებიდან ცოცხალი აღარავინ არის, ბოლოს რეზო ჩხეიძე წავიდა... ჩემი შვილი და შვილიშვილიც რეჟისორები არიან. შვილიშვილი ჰოლივუდში იღებს საკურსო ფილმს. თურმე ხალხს ჩემი დრამატული და კომედიური ჟანრის ფილმებიც აჩვენა. გაჰკვირვებიათ, ერთმა რეჟისორმა როგორ გადაიღო ორივე ჟანრშიო? მიხარია, მიუხედავად იმისა, რომ გადამეტებული ქება-დიდება გამომდის.


- რთული პერიოდები გამოიარეთ.


- ასეა... მამა დახვრიტეს... ერთი წელი მოსკოვში უკაპიკოდ ვიყავი. არ ვიცი, როგორ ვცხოვრობდი, მაგრამ რუსი ხალხი კეთილია... უბრალოდ, საბჭოთა სისტემა იყო საშინელი და მის ჩამოყალიბებაში ქართველებმაც მივიღეთ მონაწილეობა. ბინა არ მქონდა, ზოგჯერ თეატრში მეძინა. შემდეგ სომხის როლზე ამიყვანეს. გამიმართლა, ჯამაგირს ავიღებდი, თან ფილმში ცნობილი რეჟისორი - გერასიმოვი გადამიღებდა... მე და სამი სომეხი გაგვსინჯეს და როლზე მე დამამტკიცეს. სერგო ფარაჯანოვი გაბრაზდა, შენ რატომ აგიყვანეს სომხის როლზეო? ხუმრობით ვუპასუხე, ალბათ, სომეხი რომ გამეკეთილშობილებინა-მეთქი... ფილმის გადაღება რომ იწყებოდა, იმ დროისთვის უკვე საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდი. თურმე ადრე თავლა ყოფილა და მეოთხე კედელი არ ჰქონდა. პროდუქტებსაც იქ ინახავდნენ და ვირთხაც მრავლად იყო. გადაღება 9 საათზე იწყებოდა და დილის 6 საათზე რომ გამეღვიძა, გულზე გოჭივით ჩასუქებული ვირთხა მაჯდა. ლამის გავგიჟდი, მოვიშორე და ისევ ჩამეძინა. ახლა მიკვირს, რამ დამაძინა, მაგრამ ახალგაზრდობაც ეგ არის...


რომ გამეღვიძა, უკვე დღის პირველი საათი იყო. თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი. მთელი სტუდია და გერასიმოვი მე მელოდებოდნენ. ხმა არავის ამოუღია, შეტრიალდნენ, წავიდნენ და მეც გავყევი. პირველი ეპიზოდი მე უნდა მეთამაშა. ამ ერთი დაგვიანებისთვის ყოველ თვეში 20 პროცენტს მიქვითავდნენ. კიდევ კარგი, სულ არ გამაგდეს...


- სომხის როლი კარგად მოირგეთ?


- კი, არ ვიყავი ცუდი ბიჭი! ცოტამ თუ იცის, სომეხი რომ დამეხმარა „ფესვების" გადაღებაში. მოსკოვიდან ხუთჯერ უარით გამომისტუმრეს. მერე ქუჩაში ჩემს მეზობლად გაზრდილი ლევან ონიკოვი შემხვდა. გაგიჟდა, ქუჩაში იდგა და „გუგული, გუგულიო", ყვიროდა. ცეკაში მუშაობდა, ბრეჟნევის მოადგილე გახლდათ. ძალიან დამეხმარა „ფესვების" დამტკიცებაში. შემდეგ თენგიზ აბულაძემ შემიწყო ხელი, წამიყვანა ცეკაში საშა ჩიკვაიძესთან. ბევრი ფული მოგვცეს და პარიზში გაგვიშვეს ფილმის გადასაღებად.


აი, ხომ ხედავთ, სულ ამ ფილმზე გესაუბრებით. ღამეც რომ მეღვიძება, სულ „ფესვებზე" ვფიქრობ. ჩემი სხვა ფილმებიც მიყვარს, მაგრამ ამან სხვა ემოცია გამოიწვია. ისევ ვტრაბახობ, მაგრამ ერთმა კაცმა დამირეკა, დიდხანს ემიგრაციაში ვიყავი და „ფესვები" რომ ვნახე, სამშობლოში დავბრუნდიო...


- დღევანდელობას როგორ უყურებთ?


- გიორგი მარგველაშვილი ჩემი შვილის მეგობარია, მაგრამ ახლოს არ ვიცნობ...  ჩემს დაბადების დღეზე ქუჩაში მივდიოდი და მობილურზე ვიღაცამ დამირეკა. ხმაურში არაფერი მესმოდა, ჩავყვირე, არაფერი მესმის, მერე დამირეკე, ვიღაცა ხარ-მეთქი. შინ რომ მივედი, გიომ მითხრა, პრეზიდენტი გირეკავდაო.

მომერიდა, მაგრამ რაღას გავხდებოდი? მისი მეუღლეც ძალიან მომწონს. ვფიქრობ, ნორმალურ ქვეყანაში ზუსტად ასეთი უნდა იყოს პრეზიდენტი!


„ეს დოდოს ბოლო როლი იყო..."


„ფესვების" გადასაღებად საფრანგეთში 11 კაცი თერთმეტი დღით ვიყავით წასული. ჩვენი სასტუმროს პირდაპირ იტალიელების რესტორანი იყო. ალბათ, იფიქრეს, რადგან კინოს იღებენ, მილიონერები იქნებიანო და ორი-სამი დღის განმავლობაში უფასოდ გვეპატიჟებოდნენ იმ იმედით, რომ მერე თვითონ დავიწყებდით იქ სიარულს. მაგრამ, ბოლოს, რომ დარწმუნდნენ, ჯიბეგამოფხეკილი საბჭოთა კინემატოგრაფისტები ვიყავით, ხელი ჩაიქნიეს. თუმცა, მერეც გვეპატიჟებოდნენ - დოდო აბაშიძე მოეწონათ ძალიან... სოსო ჯაჭვლიანი ბოლოს ისე გაშინაურდა, უკვეთავდა და უკვეთავდა ღვინოს, ფული კი არ ჰქონდა. მერე ფულიც გაგვიჩნდა... გადაღებებზე ორი-სამი კაცი მივდიოდით ხოლმე, დანარჩენები საყიდლებზე გარბოდნენ. ერთადერთი, ლევან აბაშიძე არ გაჰკარებია მაღაზიებს - ფრანგი გოგოები წაიყვანა რესტორანში და მთელი ფული მათ დაახარჯა.


„ფესვებში" დოდო აბაშიძემ თავისი ბოლო როლი ითამაშა. ფილმის პრემიერისას უკვე საავადმყოფოში იწვა. ეპიზოდი, სადაც დოდო ტაქსით პარიზის ქუჩებში შვილიშვილთან ერთად დადის და გურულ სიმღერას მღერის, კინაღამ ჩაიშალა, რადგან მსახიობმა განაცხადა, თავს შეუძლოდ ვგრძნობ და გადატვირთული მოძრაობის გამო საჭესთან ვერ დავჯდებიო... არადა, ეს მაშინ, როცა ჩვენი საფრანგეთში ცხოვრება უზარმაზარი თანხა ჯდებოდა. ერთი გამნათებელი გვყავდა, მივიდა დოდოსთან და ეუბნება: „ჩვენ აქ სამშობლოსთვის ვიღებთ ფილმს და რას გვიშვრები, არ გრცხვენიაო?" დოდომ მოუსმინა, მერე უხმოდ ჩაჯდა ტაქსიში და წავიდა..." - იხსენებს გუგული მგელაძე.



წყარო: „კვირის პალიტრა", მანანა გაბრიჭიძე



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016