reportiori.ge - კოლეგა კოლეგის შესახებ - ბომბი უჰიჯაბო კაბაში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 07:03
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
კოლეგა კოლეგის შესახებ - ბომბი უჰიჯაბო კაბაში
04 დეკემბერი, 2015. 13:18


დღევანდელობის უმწვავესი პრობლემები რადიკალურ ისლამს უკავშირდება: ამიტომ ჩავაკვეხე სათაურში ჰიჯაბი, თორემ ამ წერილს გლობალურ ტერორიზმთან არავითარი კაშვირი არ აქვს.


არც ჯიჰადისტ ქალებთან, რასაკვირველია.


ცოტა წავიხულიგნე, რადგან დღევანდელი პრესის ერთ-ერთი გამორჩეული ნიშანი სათაურის აყვირებაა.


ყვირილი არც ყოველდღიურ ურთიერთობაში გვაკლია, არც - მიტინგებზე, ტელეეკრანი ხომ დაბზარა და დაამსხვრია.


აფეთქდა, აგრიალდა, აალდა! შეძრა საქართველო გამოთავისუფლებულმა მუხტმა ენერგიისამ: ათასი ატომი და გადაგრუხუნება!


აწრიალდა, შეშფოთდა, აღიგზნო დამოუკიდებელი ქვეყნის საზოგადოებრივი აზრი. ობივატელმა კედელზე იწყო სიარული თავდაღმა.


აფეთქების ტალღამ ვიღაცის იმედის ნავს იალქნები დაუფლითა და ცისფერი ფრინველი მძევლად გაატანა ქარბორბალას.


აყმუვლდა სოცქსელები, აყეფდა, აიძაგრა: „იმედის" ეკრანზე „რეაქცია" დაიწყო!


დასაშვებ სიხშირეს მრავალგზის აღმატებული დეციბელები ისე ურტყამდა ყურის ბარაბანს, როგორც პიედესტალიდან ჩამობრძანებული „სპილენძის მხედრის" ცხენის ფლოქვები ნევის პროსპექტის ქვაფენილს.


ასეთი აპოკალიფსური მეორედ მოსვლა ჩვენს ტელემაყურებელს კვირაში ერთხელ ჰქონდა გამოწერილი.


იყო ასე.


ვიღაცას მოსწონდა, ვიღაცას - არა. ზოგი მზად იყო, ინკვიზიციის კოცონზე დაეწვა ამ პროგრამის წამყვანი მრისხანე ამორძალი, როგორც ორლეანელი ქალწული. პრესას მიკედლებული ზოგი ჟურნალისტი კი თავს იმით იწონებდა, რომ კოლეგები ბეჭდვითი მედიის ინგა გრიგოლიას უწოდებდნენ.


ოპა! წამომცდა, რადგან კიდევ დიდხანს ვაპირებდი ინგასავით გადაცემის დასაწყისში - ჯერ რაღაცას რომ მოგვიყვებოდა და ბოლოს რომ გვეტყოდა - გამარჯობათ! - მეც ასე მინდოდა გამეწელა ჩემი ჰიპერბოლიზებული შესავალი.


მაგრამ - სად დავკარ და სად გასკდაო...


ასე იყო თუ ისე, ყველანი - ამრეზილებიც და მეხოტბენიც, უკლებლივ ყველანი მიუსხდებოდნენ ეკრანს, როცა მისი გადაცემა დაიწყებოდა...


და: ერთი ხანია, დამშვიდდა საქართველო, გამოვიდა ყოველკვირეული სტრესიდან. ინგა გრიგოლია ეკრანიდან წავიდა. მიიწვიეს „TV პირველზე" მთავარ პროდიუსერად (თუ არ ვცდები).


არა მგონია, რომ ან ეს მიწვევა ხელმძღვანელ თანამდებობაზე, ან შეთავაზებული პირობები (უკეთესი, უთუოდ) იყო მიზეზი იმისა, რომ რეიტინგის მწვერვალს მიღწეულმა გადადგა ასეთი მკვეთრი ნაბიჯი იმ მომავლისკენ, რომელიც მაინცდამაინც გარკვეული არ იყო. მიატოვა რეალური წარმატება ისეთი პერსპექტივისთვის, რომლის ჯერ მხოლოდ იდეა არსებობდა.


ისე ჩანს, რომ პაუზა აიღო იმის სრული შეგნებით, რომ კარგზე უკარგესმაც მობეზრება იცის; შეგნებით იმისა, რომ მასობრივი ტელემაყურებლისთვის თავი დაევიწყებინა გარკვეული დროით. კარგად გათვლილი მანევრი იყო: დავიწყებული ბოლოს და ბოლოს უბრუნდება პირველსაწყისს. სანატრელი ხდება.


უშეცდომო ალგორითმი.


რადგან ადრენალინი, რომელზეც ყოველთვის დიდი მოთხოვნაა და ხალხს სჭირდება, დღეს ტელეეკრანიდან მოდის. ისეთი, როგორიც ცარიელ აუზში გადამხტარი გიჟებისთვის წყლის ჩასხმის დაპირება: თუ კარგად მოიქცევითო.


აკრიტიკებდნენ-მეთქი. მწარედაც, მაგრამ არასოდეს ისე, როგორც მის ზოგიერთ კოლეგას - ღვარძლიანად, ცინიკურად: „პუშკინის ზღაპრების ყვავი", „ყანის კალია", „ბებერი ჯადოქარი კინოფილმიდან „ცისკარა" და სხვა - უარესი.


არ იყო ყალბი.


იბრძოდა. თუმცა ზოგჯერ მაინცდამაინც არა იმ სიმართლისთვის, რომელიც მასებს გულსა ფხანს და რომლის გაგებაც ხალხს სურს.


გინდა-არგინდა, მიკერძოებულიც იყო, რაც იღლიაში ამოდებული ნაქურდალი მამლის კუდივით ჩანდა.


„არ შეხედავ, არ დაინახავ"...


მაგრამ არსებობს კი სტერილური ობიექტურობა?!


ზურგს უკანაც აკრიტიკებდნენ, იმიტომ, რომ შურდათ. უფრორე იმიტომ, რომ დროდადრო გამოჟონავდა ინფორმაცია მისი ფანტასტიკური ხელფასების შესახებ (სხვადასხვა არხზე, სხვადასხვა დროს). თუმცა არც თვითონ დაუმალავს მაინცდამაინც.


ჯიბეგამოხეული ჟურნალისტები იყვნენ უმეტესად „მწუხარენი სხვისა სიკეთესა ზედა" (საბა). მაგრამ არანაკლებ ნიჭიერები.


და მაინც განუმეორებელია ინგა გრიგოლია. ეს მაშინაც გამოჩნდა, როცა მასთან ერთად „რეაქციის" კვირადღის გამოშვებაში შეკრბა მის გარშემო ლაშქარი წამყვანებისა.


გაფერმკრთალდნენ!


„საზოგადოებრივი მაუწყებლის" (ახლა ხომ ასე ჰქვია) ერთმა ხელმძღვანელმა თავის დროზე, როცა ინგა იმ არხზე მუშაობდა, განაცხადა: „ინგასნაირი ორი-სამი ჟურნალისტი რომ მყავდეს..." აქ გაიხსენეთ „არაჩვეულებრივი გამოფენის" ფინალი: ფოროსის მარმარილოს ფონზე ამხტარი ბიჭის გაშეშებული კადრი, რომელსაც ყმაწვილის აღფრთოვანებული შეძახილი ედება: „მე ამისგან გავაკეთებ!.."


„დასასრული".


P. S. ახალი წლიდან, რომლის დადგომამდე რაღა დარჩა, ქალბატონი ინგა გრიგოლია ახალ პროგრამას გვპირდება.

 

ვუსურვოთ წარმატება!

 

ოღონდ რესპონდენტებს პასუხის გაცემა აცალოს და პატრუქს დაუწიოს ცოტა, რადგან ზედმეტი აალება ლამფის შუშას ჭვარტლავს.


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016