საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონალურ დირექტორს ჰენრი კერალს და მსოფლიო ბანკის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მიზანს საქართველოსთან პარტნიორობის ოთხწლიანი გეგმის მომზადება და პრიორიტეტების განსაზღვრა წარმოადგენდა.
დავით ნარმანიამ სტუმრებს სამინისტროს 2014-2017 წლების სამოქმედო გეგმა გააცნო.
„მსოფლიო ბანკი მუშაობს ქვეყნის პარტნიორობის მომდევნო 4 წლის სამოქმედო გეგმაზე და მნიშვნელოვანია, მასში ჩვენი სამინისტროს ძირითადი აქტივობები მოხვდეს, მითუმეტეს, რომ ჩვენი სამინისტრო მსოფლიო ბანკის პროგრამების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი განმახორციელებელია. ჩვენ მივაწოდეთ სტუმრებს დეტალური ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა პრიორიტეტები გვექნება მომდევნო 4 წლის განმავლობაში. ეს გაწერილია ჩვენი სამინისტროს 2014-2017 წლების სტრატეგიაში, რომელზეც მუშაობა ახლახანს დავასრულეთ. ჩვენთვის მთავარია, მსოფლიო ბანკის მხრიდან არ შეგვიმცირდეს ინფრასტრუქტურული პროექტების პორტფელი, პარალელურად, ვიმუშაოთ რეგიონულ განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
როგორც სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა აღნიშნა, შეხვედრამ შედეგიანად ჩაიარა.
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან დღეს საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა. მსოფლიო ბანკი ამჟამად საქართველოსთან ურთიერთთანამშრომლობის სტრატეგიის განხილვის პროცესშია. ეს მოიცავს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერის პროგრამას 4 წლის განმავლობაში. ჩვენთვის საინტერესო იყო იმის გაგება, თუ რა სფეროებია პრიორიტეტული და რომელი საკითხებია ყველაზე მნიშვნელოვანი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის. მსოფლიო ბანკი მხარს დაუჭერს სამინისტროს იმ პროექტების განხორციელებაში, რომელიც რეგიონების განვითარებას შეუწყობს ხელს და საქართველოს სიღარიბის დაძლევაში დაეხმარება", - განაცხადა ჰენრი კერალმა.