ტრანსპორტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მთავრობის ახალი ინიციატივა, დადებითი და უარყოფითი მხარეეები, პრობლემები დედაქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურებაში, ევროპული მაგალითები - ამ თემებზე მოძრაობის უსაფრთხოების ექსპერტმა, საკრებულოს „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" დეპუტატმა შალვა ოგბაიძემ ვახო სანაიას გადაცემაში „სოციალური პოლიტიკა" ისაუბრა .
- ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება საარჩევნო წელს ემთხვევა, რამდენად სარისკო შეიძლება იყოს ასეთი ნაბიჯი?
- პირველად შევესწარი იმას, რომ საარჩევნო წლის მოახლოებასთან ერთად ხელისუფლებამ მკვეთრი და მტკივნეული რეფორმის განსახორციელებლად გადადგა ნაბიჯები. ეს მისასალმებელია. რაც შეეხება პაკეტს და სიახლეებს, ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ მივისწაფვით ევროპისაკენ, პირველ რიგში, რაც მოსაწონია, სწორედ ესაა ევროპული გადაწყვეტილება. ლაპარაკია პრინციპზე, რომ დაჯარიმების შემთხვევაში ადამიანი ფულად ჯარიმას გადაიხდის, მაგრამ მას ამავდროულად ჩამოაკლდება ერთი წლის განმავლობაში მიცემული საჯარიმო ქულების, კრედიტის გარკვეული ნაწილი. 4-5 სერიოზული დარღვევა საკმარისი იქნება, რომ ის დაემშვიდობოს მართვის მოწმობას. ეს სამართლიანია.
- სამინისტრო ამბობს, რომ მზადაა, ამ ინიციატივას რამე დაუმატოს ან მოაკლოს. საკითხის განხილვა მალე პარლამენტშიც დაიწყება. თქვენ რა შენიშვნები გექნებოდათ, მაგალითად, უკონტაქტო პატრულთან დაკავშირებით?
- არის რამდენიმე საკითხი, რაც პოზიტიურ განწყობასთან ერთად, დავას იწვევს და აზრი ორად არის გაყოფილი. ძალიან კარგია, რომ ჩვენ ამაზე ვმსჯელობთ. გეტყვით გერმანიის მაგალითს, როდესაც მე ჩემს შვილთან ერთად დავდივარ ავტომობილით, ის ხაზგასმით მაფრთხილებს, რომ ვერიდო ე.წ. ბლიცს. შუქნიშანთან დამონტაჟებულ კამერას და ვერიდო დახურულ მიკროავტობუსს ან ძველ ტაქსს, რომელიც გზის გვერდულზე დგას ვითომ დაზიანებული. როგორც წესი, გერმანიაში და ევროპის ბევრ ქვეყანაში გამოყენებულია უკონტაქტო ვიდეოპატრულირების მონიტორინგის ასეთი სქემა. ამიტომ იმ ქვეყანაში მძღოლები SMS-ების წერას და სოციალური ქსელების დათვალიერებას, როგორც წესი, ვერ ბედავენ და ძალიან კარგია. გერმანიაში ქალაქის პირობებში, ადამიანი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო პრაქტიკულად აღარ იღუპება. იქ კანონის შიში საგზაო უსაფრთხოების ინდექსის აწევას განაპირობებს.
- ალბათ, ხელსუფლებას სერიოზული საინფრომაციო კამპანია ექნება ჩასატარებელი. როდესაც უკონტაქტო პატრულირებაზე იყო საუბარი, გაჩნდა კიდევ მომიჯნავე ტერმინი „ფარული პატრულირება". თქვენ იცით, ჩვენ საზოგადოებაში როგორ სენსიტიურად აღიქმება ეს საკითხი..
- ერთია გარკვეული ოპერატიული ინფორმაციის გამო გარკვეული ადამიანის მიყურადება და მეორეა მონიტორინგი. როდესაც ადამიანს ამ უკონტაქტო ვიდეოს მონიტორინგით მიუვა ვიდეოჯარიმა, მას უნდა ჰქონდეს გაპროტესტების უფლება. გერმანიაში ნანახი მაქვს ამ ხერხით გადაღებული ფოტოები, ძალიან მაღალი ხარისხის არის. ადამიანი ვერ იტყვის, რომ საჭესთან ის არ იჯდა. ერთ მაგალითს გეტყვით, გერმანიში ჩემს შვილს მოუწია წითელზე გავლა, რადგან სატვირთო მანქანა ეფარებოდა და ვერ დაინახა. აღმოჩნდა, რომ იქ წითელზე გავლა დიფერენცირებულია, თუ ნულიდან ერთ წამამდე გადიხარ, ხშირ შემთხვევაში გპატიობენ, მაგრამ როდესაც შუქნიშანი წუთნახევარი ანთია და 45-ე წამზე გაივლი, ეს ნიშნავს, რომ თავხედი მძღოლი ხარ. ანუ იქ დიფერენცირებულია ეს საკითხები და თუ ჩვენ გვინდა ევროპა, აი ეს არის.
- მარჯვენასჭიან ავტომობილბზე ვისაუბროთ, სრულად ეთანხებით შსს-ს ინიციტივას თუ შენიშვნები გაქვთ?
- „ფეისბუქზე" ჩემს 5000-მდე ვირტუალურ მეგობარს შეკითხვით მივმართე, რა ვუყოთ ამ მარჯვენასაჭიან ავტომობილებს-მეთქი? ოთხი შესაძლო პასუხი დავუწერე. პირველი - არაფერი არ შეიცვალოს, მეორე - აიკრძალოს უპირობოდ, მესამე - აიკრძლოს რეგისტრაცია, მაგრამ შემოყვანა გაგრძელდეს, რაც პირინციპში შსს-მ შემოგვთავაზა და მეოთხე -ავტომობილების შემოყვანა სამი პირობით ა)აიკრძალოს საჭის გადატანა ბ)დაევალოს ფარების მოწესრიგება და გ) მარჯვენასაჭიანი ორკარიანი მანქანით აიკრძალოს ტაქსაობა. გამოკითხვის შედეგად საზოგადოებაში აზრი ორად გაიყო. ერთნი უპირობოდ ეთანხმებიან შსს-ს, მეორენი -ეწინააღმდეგებიან. ისინი ეუბნებიან სამინისტროს - თქვენ დათვლილი გაქვთ, რამდენი ავარია აქვს მოხდენილი ამ მარჯვენასაჭიან მანქანებსო? მაგრამ პრობლემა მარტო ავარიები არ არის.
დაახლოებით ათი წლის წინ ჩვენ ერთხმად დავუჭირეთ მხარი, რომ არ აკრძალულიყო მარჯვენასაჭიანი მანქანები. იმიტომ რომ ასეთი მანქანები ეკონომიურია და მოწესრიგებული, მაგრამ რაღაც კრიტიკული ზღვარი დადგა. მოძრაობაში სირთულეებს ქმნიან ახალი მძღოლები, არა აქვს მნიშვნელობა, ქალბატონია თუ ყმაწვილი, მათ ტარება ისწავლეს კალათბურთისხელა მოედანზე და ამით აიღეს მართვის მოწმობა. ამ ადამინებს არ აქვთ უნარ- ჩევევები, თუნდაც 40 კმ/სთ სიჩქარით იარონ. აქედან გამომდინარე, მათ, ვინც მართვის მოწმობა ახლახან აიღო, გამოარჩევთ იმით, რომ ის ძალიან ფრთხილად დადის. იმდენად ფრთხილად, რომ ხშირ შემთხვევაში ნაკადს ანელებს.
არ არის ცუდი მარჯვენსაჭიანი ავტომობილები, მაგრამ თუ მათი რაოდენობა გადააჭარბებს, ჩვენ უნდა გადავხედოთ, როგორი მოძრაობის ქვეყანა უნდა იყოს საქართველო. შერეული - ეს არის კატასტროფა, ამიტომ ერთ-ერთი უნდა დავტოვოთ. რატომ ეტანება ადამიანი იაფფასიან მარჯვენასაჭიან ავტომობლებს? იმიტომ რომ თბილისს ემსახურება მოძველებული ყვითელი ავტობუსები. საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალაქში საკმარისი არ არის. ყვითელი მიკროავტობუსები, დიდი ავტობუსები და მეტროც ხშირ შემთხვევაში მათი მარშრუტები ერთმანეთს აზის და ერთმანეთის შემავსებელი კი არა, კონკურენტები არიან.
გამოდის, რომ ერთი მხრივ სახელმწიფოს შემოაქვს რეგულაციები, მაგრამ მეორე მხრივ კეთდება კი რამე იმისთვის, რომ სწორედ ეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახდეს უფრო პოპულარული, გზები მოწესრიგდეს საერთოდ , საცობების საკითხი მოგვარდეს?..
თბილისელებმა უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა იმ არჩევანზე, რაც გავაკეთეთ გასული ადგილობრივი არჩევნების დროს. მომდევნო არჩევნებში გაიმარჯვებს ის კანდიდატურა, ის ქალაქის მერი, რომელიც NATO-ში შესვლას და MAP-ის მიღებას კი არ დაჰპირდება მოსახლოებას , არამედ რომელიც მოაწესრიგებს ჩვენს დედაქალაქში საცობებს. პოპულარულს გახდის საზოგადოებრივ ტრანსპორტს და ამ ურბანულ ვანდალიზმს შეწყვეტს, რაც დედაქლაქში ხდება.
წყარო: politcommersant.ge