reportiori.ge - მაია ბათიაშვილი: სინამდვილე და თავისუფლება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 06:57
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
მაია ბათიაშვილი: სინამდვილე და თავისუფლება
ავტორი:
06 დეკემბერი, 2015. 02:59



სინამდვილე და თავისუფლება


(ინგმარ ბერგმანის ფილმი "სირცხვილი")

არის თუ არა სირცხვილი თავისუფლების განცდა და რა არის თავისუფლება? სად იწყება და როდის კვდება სირცხვილის გრძნობა? რა არის სირცხვილი - ლეღვის ფოთოლი თუ კულტურული კანონის ერთ-ერთი სუბსტრატი? ეს კითხვები ინგმარ ბერგმანის ნაკლებად პოპულარულ ფილმს "სირცხვილი" ეკუთვნის.

მართალია, ფილმი კინოხელოვანთა მიერ რეჟისორის სუსტ ნამუშევრადაა მიჩნეული, მიუხედავად ამისა, ჩემში როგორც ფსიქოლოგში და მაყურებელში, ფილმმა დიდი ინტერესი გამოიწვია. ადმიანის შიგნით დადუღებული გრძნობები, გაქვავებული დოგმები, სულიერი ძვრები, გარდასახვა და დაცლილი სხეულები - ბერგმანის ღრმა ცოდნა ადამიანის ბუნებისა, დაუოკებელი სწრაფვა დაარღვიოს საზღვრები და ხელით შეეხოს გაშიშვლებულ პირველმყოფადობას, ჩაგახედოს და დაგაფიქროს, კვლავ და კვლავ აღტაცებაში მოჰყავს მაყურებელი.

ფილმის სიუჟეტი ქალაქს მოწყვეტილ სოფელში ვითარდება. სოფელი წყლით გარშემორტყმულ კუნძულს წარმოადგენს (საინტერესოა და ნიშანდობლივი კუნძულის, გარიყულობის არსობრივი დატვირთვა ბერგმანის ფილმში).

ფილმის მთავარი გმირები ქალაქის სისხლსავსე ცხოვრებას გამოქცეული მუსიკოსები არიან. ისინი რამდენიმე წლის მანძილზე განმარტოებით ცხოვრობენ ამ პატარა კუნძულზე. გარე სამყაროზე გულაცრუებულებს არაფერი აინტერესებთ ამ ქვეყნად, გარდა სათბურში საათობით გატარებული რიგითი დღეებისა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ისინიც ხელოვნურად იყვნენ გამოყვანილნი. ევა და იანი დროდადრო გემით გადადიან ქალაქში საჭირო საყიდლებზე და, მიუხედავად ქვეყანაში არსებული პოლიტიკური არეულობისა, სამხედროების და პარტიზანთა თარეშისა, თითქოს არ იმჩნევენ სამოქალაქო ომის მთელ საშინელებას და უწინდებურად განაგრძობენ სოფელში ცხოვრებას.

"ჩვენ სირაქლემებივით ვცხოვრობთ", - ათქმევინებს მთავარ გმირს რეჟისორი და ასეც არის, იან და ევა როზენბერგებმა ასეთი ცხოვრება აირჩიეს: ჩაურევლობა და ქედმაღლური ინდიფერენტულობა. თავიდან თითქოს გვეჩვენება, რომ ისინი ყოველივე იმაზე რაც ხდება, მაღლა დგანან და ინტელიგენტური მიმტევებლობით თავისებურად ემიჯნებიან მომხდარს: საუბრობენ მუსიკაზე, ევას ესპანური ენის შესწავლა სურს, ბავშვის ყოლასაც გეგმავენ ( ქუჩაში კი სამხედრო მანქანები დაქრიან და ჯარისკაცები მარშირებენ), მაგრამ ეს განსაკუთრებულობის, მე ვიტყოდი, ნევროტული განცდით შექმნილი და ხელოვნურად შენარჩუნებული ზეპიროვნულ სიმშვიდის ილუზია სხვა არაფერია, ცნობიერების მიერ შელამაზებული თავდაცვის ინსტიქტის გარდა. უსუსურობა, უუნარობა, შიში და აქედან გამოწვეული აგრესია, ბრძოლა გადარჩენისთვის - ეს ის რეალობაა, რომლის დაფარვასაც უშედეგოდ ცდილობენ ნიღბებმორგებული ფილმის გმირები. ერთი შეხედვით იდეალისტი, ინფანტილურობამდე რომანტიკული იანი და ევა ფილმის ბოლომდე არ კარგავენ პრაქტიკული გადაწყვეტილების უნარს. რაც შეეხება იმას, არის თუ არა მათი არჩევანი "ნების მექანიზმებით განპირობებული, ამაზე ქვემოთ ვისაუბრებთ.

მიუხედავად იმისა, რომ ცოლ-ქმარი როზენბერგები ხელისუფალთა მიმართ შესამჩნევ ზიზღს განიცდიან, გადარჩენისა და ხელშეუხებლობის მოსაპვებლად მათთან თანამშრომლობას თანხმდეიან.

"არ გიყვარს ხელისუფლება?" - სარკასტული გულისტკივილით შესჩივლებს ევას სწორედ ის ჩინოვნიკი, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობდა მის დაპატიმრებას, მოგვიანებით კი ოჯახის მეგობარი გახდა. დამაფიქრებელი და მნიშვნელოვანია ევასთან მისი ორაზროვანი მონოლოგი.

"მცნობ? ვერ მცნობ?.. არ გამომდის ურთიერთობა ხალხთან. სულ ვიტანჯები. შიში, მხოლოდ მარტოობის შიში..." - რამ ათქმევინა ეს აღსარება ხელისუფლებაში მყოფ ადამიანს, რომელსაც გარკვეული ძალაუფლება უპყრია? რისი ეშინია ან რა ცვლილებებს გრძნობს მისი გონება?

უმწეობა, რომელიც საზოგადოებაში განსაკუთრებული სიმწვავით პოლიტიკური და სოციალური პრობლემების დროს აისახება, როგორც რიგით ობივატელში, ასევე ინტელიგენციის ფენაში უიმედობისა და უუნარობის კომპლექსად ყალიბდება.

ინგმარ ბერგმანის გენიალობა ალბათ ისაა, რომ მის მიერ ფილმებში ასახული ზოგადსაკაცობრიო პრობლემები კინოფირიდან წყვეტილი სიგნალებით გარეთ გადმოდის და მაყურებელში კრისტალიზდება. "ნების" ფაქტორის დეფიციტი არა მხოლოდ რეჟისორის აღქმაში გვეძლევა, არამედ მსგავსი შეგრძნებები საერთო საკუთრება ხდება. მართალია, ფილმის კადრები დეგრადირებული ინტელიგენციის უხერემლობაზე მიგვითითებს, მაგრამ სიუჟეტის თანდათანობით განვითარებასთან ერთად ბუნდოვნად იკვეთება რაღაც უფრო დიდი, გაცილებით ღრმა, დამთრგუნველი გღძნობა, ვიდრე ეთიკური პრობლემაა - თანამედროვე ადამიანის ფსიქიკაში მაშინაც კი, როცა მთლიანი მობილიზაცია ხდება "ნებისა", "ნების" მიერ განხორციელებული ქცევა ძირშივე განწირულია. ნიჰილისტური დამოკიდებულება საკუთარი ძალებისადმი, შინაგანი უსასოობის შეგრძნება, "ნებელობითი" მექანიზმების რღვევა კაცობრიობის, ალბათ, ერთ-ერთ ყველაზე საშიშ პროლემას წარმოადგენს.

რაღაცას გრძნობს ჩემი სხეული." - ამბობს ევა.

მაინც რას გრძნობს მისი სხეული?

ინდივიდუუმის, ისევე, როგორც ჯგუფის, ფსიქიკურ ველში ჩაბეჭდილია არა მხოლოდ კოლექტიური ცნობიერი, რომელსაც კულტურული კანონი, ცივილიზაციის უმაღლეს ფასეულობათა სისტემა, ზნეობა და მორალი წარმოადგენს, არამედ კოლექტიური არაცნობიერი თავისი შიშებით, ზეპიროვნულის მარადიული ყოფნის შეგრძნებით, განპირობებულობისა და თავისუფლების გაორებული განცდით.

ერთი, რომელიც ქმნის და აყალიბებს ადამიანის კულტურულ სახეს. მეორე კი მის რაობას წარმოადგენს, სადაც მუდმივად წინასწარ განისაზღვრება და მზადდება განვითარების ახალი გზები, რევოლუციები, განახლების პროცესები, გარდასახვები.

შეფასების კრიტერიუმებით თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება სწორედ მორალს გარეთ მყოფი ადამიანები აღმოჩნდნენ არსებული ეპოქის რეალობის ჭეშმარიტი გამომხატველნი. ამის თვალსაჩინო მაგალითია ფილმის მთავარი გმირები, რომლებშიც ამ ორმა ფსიქიკურმა სუბსტრატმა, ერთი შეხედვით დაუმთავრებელი, ქაოტური სახით მოიყარა თავი, მაგრამ უკეთ თუ ჩავუკვირდებით რაღაც განსხვავებულს, შესაძლოა ჩვენთვის მიუღებელ, მაგრამ დროში გამართლებულ თავისთავადობას, ახლის დაბადბას დავინახავთ ( სამყაროში არც ერთი დაბადება, არც ერთი ახალი ნახტომი, ფსიქიკურ თუ ბიოლოგიურ დონეზე, აქამდე არ ყოფილა გაუმართლებელი. მხოლოდ აწმყოს გადმოსახედიდან შეიძლება მოგვეჩვენოს ის მიუღებლად და მტკივნულად. მომდევნო ინდივიდი, უკვე სრულიად ახალი მგრძნობელობის მქონე, ალბათ, ამას სრულიად კანონზომიერად აღიქვამს).

ფსიქოლოგი-რეჟისორი ამ ფილმშიც არ ღალატობს სიმბოლოებისადმი სიყვარულს. ზარების ხმა, მუსიკალური ფიგურა, ძველი სურათები, ქათქათა თეთრ კაბაში ჩაცმული გოგონას უსულო სხეული ფილმში შთამბეჭდავ სახეს იძენს.

დასაწყისში ორივე გმირი რეჟისორის იდეალისტ პიროვნებებად ჰყავს წარმოდგენილი. მათი დიალოგები ღიმილითა და სიყვარულითაა გაჯერებული იმ დროს, როცა ქალაქი შიშს, არეულობას მოუცავს, ისინი მთელი ძალით ცდილობენ გაემიჯნონ სინამდვილეს, ყიდულობენ საუკეთესო ღვინოს და სახლის ეზოში "პიკნიკს" იწყობენ. საერთოდ ბერგმანის დამოკიდებულება წარსულთან ყველაზე ნათლად და, ვიტყოდი, გარკვეული სევდით ამ ფილმში გამოიხატა. ძველ სურათებსა და ანტიკვარულ ნივთებში ჩაფლული მეღვინე-ფილიპეს ოთახი რაღაც წინასწარ განწირულობაზე ჩაგვაფიქრებს.

"უსულო საგნებში ყოფნამ სრულიად უსუსური გამხადა." - ამბობს ფილიპე. ეს სიტყვები თითქოს ფილმის გმირების ბედისწერად გაისმის. ისინი წარსულით ცხოვრობენ. რეალობა ტალახში პირქვე დამხობილი გოგონას სხეულით შემოიჭრა მათ ოჯახში.

"ხოდა, ვირთხებივით ხაფანგში გავებათ, არა?" - ისტერიულად ეკითხება იანი მეუღლეს და თავმოყვარეობაშელახული, შეშინებული ცდილობს წონასწორობის აღდგენას, კედლის კუნჭულში შემალული ბეთჰოვენზე და ვიოლინოზე ესაუბრება ევას.

"ზოგჯერ მგონია, რომ სიზმარში ვარ, არა ჩემს, სხვისაში. როცა მას გაეღვიძება, შერცხვება." თეთრკაბიანი, ინფანტილურობით აღსავსე იდეალიზმი სირცხვილით ემშვიდობება ინსტინქტების სარდაფში თავშეფარებულ გმირებს.

შემთხვევითი არ არის, ალბათ, რეჟისორის მიერ ფილმის მთავარი გმირების ეთიკურ შეხედულებათა ჩვენება. პრინციპი - "ჯობს არაფერი იცოდე ამ ქვეყნად"; "შენ იტირე, ეგებ გვეშველოს ამით"; "არჩევანი გავაკეთე, რადგან აქტიური ცხოვრება არ მინდოდა". - ჩვენი საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან, სასიცოცხლო პრობლემას წარმოადგენს. იანისა და ევას პიროვნებაში გამოკვეთილი "ნებასა" და "გადაწყვეტილებას" შორის არსებული წინააღმდეგობრიობა წარმოადგენს არა მხოლოდ ამ ფილმის პერსონაჟების პიროვნულ კრიზისს, ეს არის იმ საუკუნის ფსიქოლოგიური ძვრებისა და ფასეულობათა გადატრიალების, ღირებულებათა შეცვლის გამოხატვის მცდელობა, რომელშიც არა მხოლოდ რეჟისორი და მისი ფილმების გმირები ცხოვრობენ, არამედ ყვლა ჩვენთაგანი.

ადამიანის "ნებისა" და "არჩევანის" გაკეთების გამორჩეული უნარი, მისი ტრადიციული საფუძვლები მნიშვნელოვნად შერყეული აღმოჩნდა. იმის ცოდნა, რომ კაცობრიობის ქცევასა და მოტივაციას არაცნობიერი ლტოლვები, შფოთვები, შიშები და მთელი რიგი ინსტინქტები განაპირობებს, იმის აღიარება, რომ "ლტოლვა" და "იძულება" უფრო გვამოძრავებს, ვიდრე "ნება", "ნების" ფენომენის შესამჩნევმა გაუფასურებამ, ადამიანის საკუთარ თავზე შეხედულებათა ნგრევა გამოიწვია. მითი ადამიანის მმართველ უპირატესობაზე საპნის ბუშტივით გასკდა და კაცობრიობაც მმართველი მდგომარეობიდან მართვად პოზიციაზე დაბრუნდა. "ფსიქიკური თავისუფლებისა და არჩევანის ღრმად ჩაკირული რწმენა," - წერს ზიგმუნდ ფროიდი - "...სრულიად არამეცნიერულია და ადგილი უნდა დაუთმოს დეტერმინიზმის დაფუძნებას, რომელიც მართავს ფსიქიკურ ცხოვრებას."

"მე დეტერმინისტი ვარ." - განაჩენივით გაიელვებს კინოფირზე იანის სიტყვები და ეს უაზროდ ნათქვამი არ უნდა იყოს.

"დეტერმინიზმი" ლათინური სიტყვიდან "Determinare" გამომდინარეობს და ნიშნავს "განსაზღვრას". ფილოსოფიური თვალსაზრისით, ეს არის საყოველთაო ობიექტური კანონზომიერების, ბუნებასა და საზოგადოებაში ყველა მოვლენის მიზეზობრივი განპირობებულობის აღიარება.

არაფერი ამ ქვეყნად არ არის შემთხვევითი და არაფერი თავისუფლად არ არსებობს. ყველაფერი მკაცრად არის განსაზღვრული.

საკუთარი თავის, როგორც დეტერმინიზმის შედეგის პოზიციიდან განხილვის ტენდენციამ მეოცე - ოცდამეერთე საუკუნის თანამედროვე ადამიანში უკიდურესი სახე მიიღო. ამ მდგომარეობის გაცნობიერებამ ბევრ ინტელექტუალში დაბადა დილემური კითხვა: ხომ არ არის თანამედროვე, რაღაც წილად იდეალისტი, ჰუმანური ადამიანი მოძველებული?

მართალია, ინგმარ ბერგმანის ფილმში ამ პრობლემამ სხვადასხვა ელფერით შეფერადებულმა გაიჟღერა, მაგრამ ფილმს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ლაიტმოტივად სწორედ ძველი შეხედულებების ნგრევა და ახალი, სრულიად უცხო, სხვა მგრძნობელობის ადამიანის დაბადების წინასწარმეტყველება გასდევს. ადამიანი შეიძლება სულ სხვა ფსიქო-ფიზიკურად დატვირთულ ყოფიერებაში მოექცეს, სადაც ძველი ფორმით წარმოდგენილ იდეალიზმსა და რომანტიკულობას ადგილი აღარ გააჩნია.

ამის დასტურია ფილმის ფინალიც: წყლის სტიქიაში მარტოდ დარჩენილი ხალხით სავსე ნავი, ევას სიზმრისეული ინტუიცია - მდინარეში ცეცხლმოკიდებული ვარდები და ნავის გარშემო მოტივტივე გვამები. შთამბეჭდავია იანის ქცევაც. იგი ნიჩბით წევს ზედაპირზე ამოსულ გვამებს და ცდილობს გაარღვიოს ლპობის სუნში გახვეული ჰაერი, გზა გაიკვლიოს ცხედრებით სავსე წყალში. დამაფიქრებელია ის ფაქტიც, რომ რეჟისორი ფინალს ღიად ტოვებს და მაყურებელი ოსტატურად დაგებულ კითხვათა ლაბირინთებში შეჰყავს.

შეიძლება ადამიანი, რომელშიც ყოველივე დეტერმინირებულია, იყოს თავისუფალი, ან არის თუ არა არჩევანის გაკეთება თავისუფლების საწინდარი? და თუ ასეა, არის კი არჩევანი თავისუფალი ნების განცდით გაპირობებული?

ფსიქიკაში არსებული გაორება მუდმივად მეორდება შვედი რეჟისორის ფილმებში. მისი სურათების ყურებისას მაყურებელი ხედავს, თანდათანობით როგორ იცვლება რეჟისორის შეხედულებები ამ საკითხთან დაკავშირებით.

"რიტუალში" თავისუფლების ცნება ერთადერთ თავშესაფარს ხელოვნებაში ჰპოვებს. "სირცხვილში" კი ბერგმანი ამ მოსაზრებას ეჭვქვეშ აყენებს: "ხელოვნების ღვთაებრივი თავისუფლება თუ ხელოვნების ღვთაებრივი უძლურება?" რას უნდა ნიშნავდეს ეს კითხვა? რეჟისორს არსებული ფსიქიკური მდგომარეობის ანტაგონისტური განცდა ძალზე საინტერესოდ და იშვიათი ინტუიციით აქვს გადმოცემული "შემოდგომის სონატაში" და "სურათები ცოლ-ქმრული ცხოვრებიდან". ამ ფილმებში თავისუფლების ფენომენი საყოველთაო ფსიქო-ფილოსოფიური ჭვრეტის საგანი ხდება. მის გარშემო არსებული კითხვები, ვაცნობიერებთ ამას ჩვენ თუ არა, მუდმივად არსებობს ადამიანში და ხშირ შემთხვევაში ინდივიდის ქცევის მოტივაციის ერთ-ერთ განმსაზღვრელ პირობად გვევლინება. ხოლო თავისუფლების პრობლემა ადამიანის აზროვნების დაბადებიდან იღებს სათავეს და ისევე უძველესია, როგორც სხვა არქაული გრძნობები. ის ისევე ღრმად ზის კაცობრიობის არაცნობიერში და მისი ქმედების პირველწყაროს წარმოადგენს, როგორც "ლიბიდო". მეტიც, ისინი ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულნი და ხშირად ურთიერთმიმართულნიც არიან.

თავისუფლების თემა სხვა და სხვა ინტერპრტაციით და დატირთვით თითქმის ყველა გამოჩენილი რეჟისორის ფილმებში იკითხება (ბუნუელი, უელსი, ვისკონტი, ფორმანი, ბერგმანი, კუსტორიცა...) და ამის მიზეზია სწორედ ის გარემოება, რომ თავისუფლების გაორებული განცდა - "მე მინდა ვიყო თავისუფალი" და "მე არ მინდა ვიყო თავისუფალი" (ამის საუკეთესო მაგალითია "პირველი ცოდვის" ფაქტორი - სამოთხიდან გასვლა და შემდგომ ამისა კაცობრიობისთვის ტანჯვად ქცეული დაუოკებელი სურვილი უკან დაბრუნების) არა დროთა განმავლობაში შეძენილი ან რაღაცით განსაზღვრული მოვლენაა, არამედ პირველმყოფადი, ადამიანის არსებობის საწყისშივე ჩადებული სუბსტრატია, რომელიც თავად ხდება მიმთითებელი და განმსაზღვრელი.

ერთ ფსიქიკურ ენერგიაში არსებული ამ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო განცდის გაწონასწორება და ჰარმონიულ მთლიაობაში მოქცევა წარმოადგენს, ალბათ, თავისუფალი ადამიანის ჭეშმარიტ არსს. მისი ქონა თუ არ ქონა დამოკიდებულია არა მხოლოდ საზოგადოებრივ გრადაციაზე - იტელიგენციაზე, არისტოკრატიასა თუ ჩვეულებრივ ობივატელზე, არამედ ამასთან გონებრივ თუ სულიერ განვითარების უმაღლეს მონაცემზე. თავისუფლება, მხატვრულად რომ გამოვხატოთ, კულტურის დღესასწაულია და ჯგუფსა და ინდივიდში უპირველესად "ნების" მექანიზმებით აპელირებს, რისი მოშლაც მასში სულიერ დისჰარმონიას და, ხშირ შემთხვევაში, ნევროტულ და ფსიქოზურ მდგომარეობას იწვევს, რაც გამძაფრებულად და ზოგჯერ დამახინჯებული ფორმით სწორედ სოციალურ-პოლიტიკური კრიზისის დროს ვლინდება.


მაია ბათიაშვილი


 

 

 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016