reportiori.ge - მერაბ ხაჩიძე: ჩვენი ბავშვობა იქ და იმ დროს დამთავრდა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 06:53
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
მერაბ ხაჩიძე: ჩვენი ბავშვობა იქ და იმ დროს დამთავრდა!
07 დეკემბერი, 2015. 01:32


... მერე მოხდა ის, რისი გახსენებაც აუცილებლად გათქმევინებს, რომ შენი თბილისი ყველაზე თბილი და ლამაზი ქალაქია დედამიწის ზურგზე!

 


  უკვე „დიდი ბიჭები" ვიყავით, მეხუთე-მეექვსე კლასში,  კვირა დღეს სასტუმრო „ივერიის" სახინკლეში შესვლით ვიწყებდით. 


 ხინკალი, ქაბაბი და  ...ლიმონათი. იქიდან გამოსულები, წყურვილის გამო კი არა, ისე ტრადიციისთვის,  გზად თითო ჭიქა  „ლაღიძესაც"  დავაყოლებდით  და მერე ვიწყებდით ახალი ფილმის ძებნას. ასეთი იყო მაშინ, სამოციან წლებში, თბილისელი პატარა ბიჭების დიდი ნაწილისთვის შაბათ-კვირის განრიგი. იმ ხანად, სიტყვა ელიტა მთლად მოდაში, როგორც სჩანს არ იყო. ყველა დიდი და ცნობილი მსახიობი, რეჟისორი, მწერალი და მეცნიერი იმ სახინკლეში ვნახე პირველად.


 დრო გადიოდა. მაღალი მუხის მაგიდები ისე დაპატარავდნენ, რომ ზედ უკვე იდაყვის „კაცურად" ჩამოდებაც შეგვეძლო. იცვლებოდა ყველა და ყველაფერი - თაობა, კონტინგენტი, ქალაქის იერიც. უცვლელად რჩებოდა მხოლოდ სახინკლის ორი მებუფეტე და დროში გაწელილი ჩვენი ძველი მენიუ - ხინკალი, ქაბაბი და...ლიმონათი! 


 სკოლას ყველა ამთავრებს და ჩვენ რა ღმერთი გაგვიწყრებოდა?!  პირველ წელს უნივერსიტეტში ნახევარი ქულა დამაკლდა და შემოდგომაზე კინოსტუდიაში გამამწესეს მუშად. „ქუჩაში" არც სხვები დარჩენილან. ზოგი სწავლობდა, ზოგიც მუშაობდა.  ჰოდა, ზაფხულის მერე „მონატრებული ძმაკაცობა" სად უნდა აღგვენიშნა, თუ არა „ივერიაში"?! შევაღეთ სამმა ძმაკაცმა კარგად  ნაცნობი კარი. მივედით დახლთან და შევუკვეთეთ, ხინკალი, ქაბაბი, ლიმონათი,  ...ლუდი და „სტალიჩნი"!  დიდი დრო არ დასჭირვებია და მოგვაწოდეს ყველაფერი, ლუდისა და არყის გარდა!  გვეგონა დაავიწყდა, მაგრამ როცა ბომბორა მებუფეტემ, ჩვენს შეკითხვას მოაყოლა: - არაყი ჯერ მამაშენმა დაგალევინოსო - ცხადი და ნათელი გახდა, რომ ისევ იქ ვეგონეთ, ანუ სკოლაში. მთელი თბილისი არა, მაგრამ რაც იმ დაწესებულებაში ბავშვი შედიოდა, იმათ დამახსოვრება ხომ უნდოდა.


 ვახსოვდით, უკლებლივ ყველა, თორემ მე და ჩემი მეგობრები, არც ქცევით და არც სიგრძე-სიგანით სხვებისგან არ გამოვირჩეოდით.


...ბიჭებმა სტუდბილეთები  ამაყად დააძვრეს ჯიბიდან, მე ჩემი მუშაობის დამადასტურებელი საბუთი დავუდე დახლზე გაღიმებულმა. ყურადღებით დაათვალირა, დაგვიბრუნა და მერე მოხდა ის, რისი გახსენებაც აუცილებლად გათქმევინებს, რომ შენი თბილისი ყველაზე თბილი და ლამაზი ქალაქია დედამიწის ზურგზე!


...ჩვენი ბავშვობის განუყრელ მენიუს გვერდით ლუდი და არაყი მიუდგა, მიცემული ფული ლანგარზე დადებული თეფშის ქვეშ შეაცურა და გვითხრა: - კაცობაში შეგიდგამთ ფეხი, ერთი დაპატიჟება ამიტომ, ჩემგანაც გეკუთვნითო! 


 მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდით, რომ ჩვენი ბავშვობა იქ და იმ დროს დამთავრდა! დამთავრდა და დაიწყო რაღაც ახალი, რასაც ადამიანური ვალი ჰქვია და რასაც იმდროინდელ თბილისში, იერარქიული მდგომარეობის გარეშე, ყველა ერთი გადასახედიდან უყურებდა. არც ის ვიცოდით ჯერ, რა პასუხისმგებლობა აიძულებდა ამ ადამიანს, წლების მანძილზე, ჩვენთვის და ათუხთუხებული ქვაბისთვის ერთდროულად მიექცია ყურადღება!


 ...და ჯერ კიდევ არ ვიცოდით ყველაზე მთავარი!  ასეთი კაცების იმედად გვიშვებდნენ მაშინ ქუჩაში ჩვენი მამები!


 სახელიც ერთი ერქვათ, თანდართული ტიტულების გარეშე - „თბილისელი"!


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016