„NATO-ს მინისტერიალზე გამოჩნდა, რომ საქართველოს ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივა არსებობს, თუმცა, არ არსებობს ამის განხორციელების ვადა", - ამის შესახებ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში მამუკა არეშიძემ განაცხადა. ექსპერტის თქმით, ვიდრე არსებობს რუსეთის აგრესიული პოლიტიკა მისი მეზობლების მიმართ, NATO-ს წევრი ქვეყნები, განსაკუთრებით კი საფრანგეთი და გერმანია, ამ ნაბიჯს არ გადადგამენ.
„ბოლო დროს მქონდა საშუალება, შევხვედროდი და მესაუბრა იმ პირებთან, რომლებიც NATO-ს პოლიტიკის შექმნასა და წარმართვაში მონაწილეობენ. ესენი არიან ჩვენი პოლონელი და ბალტიისპირელი პარტნიორები. მათ გვითხრეს, რომ NATO-ს წევრთა შორის ხმალამოღებული ბრძოლაა ალიანსის გაფართოებისა და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებზე. ხმები ფაქტობრივად, 50/50-ზე იყოფა. ეს მხოლოდ საქართველოს არ ეხება. ბოლო ხანს გამოიკვეთა ტენდენცია, რომ NATO-ს წევრი ქვეყნების ერთი ნაწილი აშშ-ის წინადადებებს მაინცდამაინც ანგარიშს აღარ უწევს, ბევრმა უკვე დამოუკიდებელი თამაში დაიწყო. დღეს მსოფლიო წესრიგი შეიცვალა, მიმდინარეობს მისი ახლებურად დალაგების მეტად მტკივნეული პროცესი და ცხადად ჩანს, რომ ეს კარგა ხანს გაგრძელდება. ამ არეულ ვითარებაში პასუხისმგებლობის აღება ყველას უჭირს. მოკლედ, ამ მინისტერიალზეც გვითხრეს, NATO-ში გაწევრიანება გეკუთვნით, მაგრამ არ გეკუთვნითო", - განაცხადა არეშიძემ.
წყარო: გაზეთი „კვირის პალიტრა"
(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)