გუშინ სომხეთში რეფერენდუმი ჩატარდა. მონაწილეთა უმრავლესობამ საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლას დაუჭირა მხარი. რეფერენდუმის ოფიციალური შედეგები 13 დეკემბერს გამოქვეყნდება.
სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით, კონსტიტუციურ ცვლილებას არჩევნებში მონაწილეთა 63,35%-მა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო 32,35%.
სომხეთის პარლამენტმა მიმდინარე წლის ოქტომბერში საკონსტიტუციო რეფორმების ის პაკეტი დაამტკიცა, რომელიც ქვეყნის საპარლამენტო სისტემაზე ფაქტობრივ გადასვლას გულისხმობს.
რეფორმების თანახმად, სომხეთის პრეზიდენტს 5-ის ნაცვლად 7 წლით, დეპუტატები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები აირჩევენ. პრეზიდენტი არ უნდა იყოს რომელიმე პარტიის წევრი და მას პოსტის დაკავება მხოლოდ ერთხელ შეუძლია. პრეზიდენტს ასევე, უფლებამოსილება ეძლევა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი წარადგინოს.
საკონსტიტუციო რეფორმების თანახმად, ხელისუფლების აღმასრულებელი ორგანო მთავრობა იქნება, რომელიც შეიმუშავებს და გაატარებს შიდა და საგარეო პოლიტიკას. სომხეთის შეიარაღებული ძალები ასევე მთავრობის დაქვემდებარებაში გადავა, ქვეყნის მთავარსარდალი კი, ომის დროს პრემიერ-მინისტრი იქნება.