ვისზე გადანაწილდა 715-ათასიანი პრემიები უზენაესი სასამართლოს აპარატში და რა კავშირი აქვთ პრემირებულ პირებს ნინო გვენეტაძესთან - ამ თემით გაზეთი „პრაიმტაიმი" დაინტერესდა. ბეჭდვითმა გამოცემამ უზენაესი სასამართლოს აპარატის თანამშრომლებზე გაცემული პრემიებისა და დანამატების შესახებ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა სცადა. როგორც გამოცემა წერს, აღნიშნული ინფორმაციის გაცემაზე სასამართლომ უარი განაცხადა და არგუმენტად აპარატის თანამშრომლების პერსონალური მონაცემები მიუთითა. „თანამშრომლების პრემიის შესახებ ინფორმაცია დაკავშირებულია პირის ფინანსებთან და წარმოადგენს პერსონალურ მონაცემს, რისთვისაც საჭიროა პირის თანხმობა. ეს კი მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი არ არის", - განმარტავს სასამართლო.
უზენაესი სასამართლოს არგუმენტს უსაფუძვლოს უწოდებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" იურისტი თეო ზაქარაშვილი.
„ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც საუბარია ბიუჯეტის სახსრებით დაფინანსებული პირის ხელფასზე, პრემიაზე ან დანამატზე, ეს ვერ ჩაითვლება პირის პერსონალურ მონაცემად. ნებისმიერ მოქალაქეს, მათ შორის ჟურნალისტს, აქვს შესაძლებლობა, მიიღოს ინფორმაცია ბიუჯეტიდან გაცემული თანხების შესახებ, იქნება ეს უზენაესი სასამართლოს აპარატის თანამშრომელი თუ სხვა ნებისმიერი პირი, რომელიც ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან", - განმარტავს იურისტი.
„პრაიმტაიმი" უზენაესი სასამართლოს წერილობით უარს საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრებს და შეეცდება, სასამართლოს მიერ დაბლოკილი ინფორმაცია ისევ სასამართლოს გზით გამოითხოვოს.
წყარო: გაზეთი „პრაიმტაიმი"
(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)