იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი მდივანი ლევან მურუსიძე შესარჩევ კონკურსში მონაწილეობას გეგმავს და აცხადებს, რომ სურვილი აქვს, სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ დაინიშნოს. „მურუსიძის საწინააღმდეგო პიროვნულად არაფერი მაქვს, მაგრამ ის იყო მოსამართლე, რომელიც ძალიან ცუდად არის დაკავშირებული ბევრ გახმაურებულ საქმესთან, მაგალითად, გირგვლიანის და მოლაშვილის", - აცხადებს ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე, რომელიც მურუსიძის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნის წინააღმდეგია. მისი თქმით, მოლაშვილის და გირგვლიანის საქმეებში არსებობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებშიც წერია, რომ დაზარალებულებს საქართველოში სამართლიანი სასამართლოს უფლება უხეშად დაერღვათ.
„ამ ყველაფრის შემდეგ, უბრალოდ, ცინიზმია იმაზე ლაპარაკი, რომ მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლედ უნდა დაინიშნოს. ეს ქართველი ხალხის დაცინვა და სამართლიანობის პრინციპების ფეხქვეშ გათელვა იქნება. მე, როგორც ადვოკატი, როგორც „ქართული ოცნების" წევრი, ვეუბნები ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი ღარიბაშვილს - მურუსიძის მოსამართლედ დანიშვნა არ შეიძლება. იგი ამას არანაირად არ იმსახურებს!" - განაცხადა ხაჭაპურიძემ.
წყარო: გაზეთი „ასავალ-დასავალი"
(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)