სანდრო გირგვლიანისა და სულხან მოლაშვილის საქმეების მოსამართლის ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლედ შესაძლო დანიშვნამ საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოწვია. მურუსიძე 2005 წელს უზენაესი სასამართლოს 4 მოსამართლის უკანონოდ გათავისუფლებისა და 2012 წელს „ქართუ ბანკის" გაკოტრების საქმეშიც ფიგურირებდა.
დღეს მურუსიძე ფიქრობს, რომ კანონიერ გადაწყვეტილებას იღებდა. მათ შორის გირგვლიანის საქმეზე, როცა მსჯავრდებულებს სასჯელი შეუმცირა.
„კანონიერი გადაწყვეტილება გამოვიტანე, თუმცა კანონიერსა და სამართლიანს შორის დიდი განსხვავებაა. როდესაც უზენაესში შემოვიდა საქმე, დანაშაულში მონაწილე 4 პირი უკვე პასუხისგებაში იყო მიცემული. შესაბამისად, ორი ვარიანტი გვქონდა - ან ეს პირები გაგვემართლებინა, ან გადაწყვეტილება ძალაში დაგვეტოვებინა. სასამართლოს უფლება არ ჰქონდა, საქმე ხელახალ გამოძიებაში დაებრუნებინა. თანაც ამ პერიოდში კანონში განხორციელდა ცვლილება, თუ პირის ტანსაცმლის ღირებულება 150 ლარს არ აღემატება და ის დაზიანდა, ეს არ ითვლებოდა მნიშვნელოვან დანაკარგად. სწორედ ამიტომ მსჯავრდებულებისთვის აღნიშნული მუხლი უნდა მოგვეხსნა, შედეგად ოთხივე პიროვნებას პატიმრობა 6 თვით შევუმცირეთ. იმის გამო, რომ საზოგადოება განსხვავებულად ფიქრობდა, კანონიერი გადაწყვეტილება არ უნდა მიმეღო?!" - განაცხადა ლევან მურუსიძემ.
წყარო: გაზეთი „კვირის პალიტრა"
(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)