საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მესტიაში მდებარე 1 124 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები უსასყიდლოდ გადაეცა.
მთავრობის განკარგულება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
დოკუმენტის თანახმად, მართლმადიდებელ ეკლესიას უსასყიდლოდ გადაეცა დაბა მესტიაში მდებარე 1 124 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები №1, №2 (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: №42.06.40.050). განკარგულების შესრულების მიზნით, კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უნდა უზრუნველყოს.