ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არჩილ გამზარდიას საათები „20/30"-ში მუშაობის რამდენიმე თვეს ეწირება. გაზაფხულის სემესტრიდან ილიაუნი ბიზნესსკოლის ლექტორს ხელშეკრულებას შეუწყვიტავს.
არჩილ გამზარდია მიმდინარე პროცესებს პოლიტიკურ სიმპათიებსა და მის „GDS"-ში მუშაობას უკავშირებს.
არჩილ გამზარდია: „ბოლო წლებში 36 საათი მქონდა დატვირთვა, წინა სემესტრი მქონდა 25 საათი, ამ სემესტრში მაქვს 18 საათი, გაზაფხულის სემესტრი ადმინისტრაციამ ამომიგდო, ამიტომ გაზაფხულზე, სავარაუდოდ, არც ერთი საათი არ მექნება. ილიაში გარკვეული სიახლეებია ბოლო პერიოდში, მაგალითად, შეიცვალა რექტორი, გიგი თევზაძე აღარაა, გიგა ზედანიაა, ხარისხის სამსახურის უფროსი ბატონი ზურაბ ჭიაბერაშვილია. მე მაინც დავუკავშირე იმას, რომ ჩემი GDS-ზე მუშაობის შემდგომ ადმინისტრაცია პოლიტიკური მოტივებით მიიჩნევს, რომ მე მათთან არ უნდა ვიყო. მე რომ „20/30"-დან წამოსვლის შემდეგ ყოფილი მმართველებისადმი სიმპათია გამომეხატა, დარწმუნებული ვარ, მსგავსი რამ არ მოხდებოდა. ილიას უნივერსიტეტი აკადემიური თავისუფლებით ვეღარ დაიკვეხნის", - ამის შესახებ არჩილ გამზარდიამ „პრაიმტაიმნიუსს" განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ არჩილ გამზარდია მეცხრე წელია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მოწვეული ლექტორია და ხელშეკრულებას ყოველსემესტრულად აფორმებს.