ზურაბ ჟვანიას საქმეში პროკურატურამ დაჰკითხა მოწმეები, რომლებიც ჟვანიას სიკვდილის განსხვავებულ გარემოებებზე საუბრობენ. ზოგი ავითარებს ვერსიას, რომ ბლაგვი საგნით არის მოკლული, ერთი მოწმე იმასაც ამბობს, რომ დაინახა, როგორ გაჩერდა ჟვანიას ავტომანქანა და გაიგონა გასროლის ხმა. რით ხსნის ასეთ წინააღმდეგობრივ ჩვენებებს გარდაცვლილი პრემიერის ძმა გოგლა ჟვანია - ამ საკითხზე ის „კვირის პალიტრას" ესაუბრა:
„ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე გეტყვით: ხშირად ჩვენი ოპონენტების მიერ ცრუ ჩვენებების შემოგდება მიზანმიმართულად ხდება, რათა საქმის გამოძიება უფრო გართულდეს, გაჭიანურდეს და არასწორი მიმართულებით გაგრძელდეს.
ერთ-ერთი მოწმე, ვინც ზურას დახვრეტის ვერსიაზე საუბრობდა, ვანო მერაბიშვილთან იყო დაკავშირებული და ეს გამოძიების პროცესში გაირკვა", - აცხადებს ჟვანია.
კითხვაზე, მერაბიშვილი აგზავნის ცრუ მოწმეებს? - ჟვანია პასუხობს: „მე ვამბობ, რომ ასეთი შემთხვევა ნამდვილად იყო. თუმცა, გარწმუნებთ, როცა ახალ გარემოებებზე ვსაუბრობ, ცრუ მოწმეთა ჩვენებებზე მყარი მტკიცებულებები მაქვს მხედველობაში. ვიმეორებ, ზურაბ ჟვანიას საქმეში ახალი გარემოებებია, რომელთა გამჟღავნება გადატრიალებას მოახდენს. გამოძიება გრძელდება და ვფიქრობ, მალე დასრულდება! საზოგადოება ახალ ინფორმაციებს მალე მიიღებს და მის ყველა კითხვას პასუხი გაეცემა", - განაცხადა ჟვანიამ.
წყარო: გაზეთი „კვირის პალიტრა"
(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)