პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთის დამაკავშირებელი, 28კმ-იანი გზის მშენებლობა დაიწყო. როშკა-არხოტის დამაკავშირებელი გზა აქამდე არ არსებობდა და გადაადგილება მხოლოდ ფეხით, ცხენითა და ვეტმფრენით იყო შესაძლებელი. გზის მშენებლობაზეა დასაქმებული ადგილობრივი მცხოვრები ომარ ჯაბუშნური, რომელი ამბობს, რომ გზის გაყვანით ხალხი დაუბრუნდება მთას.
„პირიქითა ხევსურეთში, ახიელში ვცხოვრობ. მცხოვრებს იმას ვეძახი, ვინც ოჯახითაა აქ. მე მარტო ვარ, არავისთან ერთად არ ვცხოვრობ. არხოტში თითო სოფელში თითო ოჯახი ცხოვრობს. ამღა, ახიელი, ჭირღაა არხოტის სოფლები. იმედიანად ვარ. იმედი არასდროს დამიკარგავს. ყველა იმას გვეუბნებოდა, 3 ოჯახის გულისთვის გზას ვინ გაგიკეთებს. და აი, უღელტეხილზე ვართ უკვე ასულები. ამ გზის მშენებლობაზე ვარ დასაქმებული. პროექტის დაწყებიდან დღემდე ამ საქმეში ვარ ჩართული. მივყვები ამ გზას. გაგვყავს და უკან მოგვყვებიან დამბრუნებლები", - გვიყვება ომარ ჯაბუშნური.
ჯაბუშნური გზის ტურისტულ და სტრატეგიულ მნიშვნელობაზე საუბრობს.
„ძალიან დიდი დატვირთვა ექნება. დიდი ურთიერთობა მაქვს შატილელებთან. აქ რომ დადის არხოტში ტურისტი, ყაზბეგის მხრიდან, ჯუთა, აბუდელაური, შატილიდან გადმოდიან. ყოველ ზაფხულს არის დატვირთული მოძრაობა. ძალიან დიდი ნაკადი მოდის ტურისტების. ყველა, ვისაც შევხვდი და ველაპარაკე, ამბობს: ასეთი ლამაზი კუთხე ხევსურეთს მეორე არ აქვსო. ძალიან დიდი დატვირთვა ექნება, ტურისტულადაც, სტრატეგიულადაც, ყველანაირად.
ეს სადავო გვაქვს ინგუშეთთან და თუ ხალხისგან დაგვეცალა, აქ რომ არავინ იცხოვრებს, ერთი სიტყვა უნდათ. . . აი, არხოტი დაცლილია, 11 კილომეტრში რუსეთის საზღვარი გვაქვს ინგუშეთთან. თუ ზურგი გაუმაგრეს, ამოვლენ და ჩვენ მაგ მხარეს დავკარგავთ. თუ ხალხს არ ჩავასახლებთ! სასაზღვრო დგას, მაგრამ სად ფორმიანი და სად ადგილობრივი მცხოვრები?! ამიტომ უნდა დავაბრუნოთ ხალხი! ბევრს აქვს დაბრუნების სურვილი. უხარიათ, ელოდებიან გზის გაკეთებას. მომავალი გაზაფხულიდან ყველა ადგილობრივ ხევსურს ჩავრთავთ გზის მშენებლობაში. ძალიან მასშტაბური სამუშაოები გვექნება. ბევრს აქვს სურვილი, ჩამოვიდეს და იმუშაოს", - ამბობს ჯაბუშნური.
უგზოობის გარდა, ომარ ჯაბუშნური იმ პრობლემებზეც გვიყვება, რომელთან შეჯახებაც ყოველდღიურად უხდება ხევსურეთის მაცხოვრებელს.
„ოჯახებია, შვილები ჰყავთ, მაგრამ სკოლა არ გვაქვს. მეუღლეებს შვილები მოჰყავთ, კაცები იქით რჩებიან. საქონელს უვლიან. ექიმი არ ჰყავთ. გასულ ზაფხულს უექიმობით დაიღუპა ერთი ადამიანი. ძალიან ცუდი სიტუაცია შეიქმნა. ორი ოჯახი იყო მარტო. ვერ დაძრეს და ცხედარი ცხენს გადაჰკიდეს. არხოტში ახიელადან გადმოასვენეს ცხენით როშკაში - ხურჯინივით გადაკიდებული. ბევრი პრობლემა გვაქვს, უპირველესია უგზოობა. მაგრამ ეს კეთდება და ძალიან იმედიანად ვართ. ვმუშაობთ ზღვის დონიდან 3 ათას მეტრზე. იმხელა იმედია, რომ სიცივესაც ვერ ვგრძნობთ!
ჯერ გზა არ იყო დაწყებული, როშკაში ტრაქტორი რომ მოვიდა და გასულ ზაფხულს 3 სახლი აშენდა არხოტში. აშენდა რა, გადახურეს სახლები. ხალხს იმედი აქვს, უხარია, როგორ არ დაბრუნდება. მივყვები, მივყვები ამ გზას და აღარ მოვტრიალდები, როგორც კი ჩავალ არხოტში, ყველაფერს იქ მოვიწყობ", - აცხადებს არხოტის მცხოვრები.
როშკადან არხოტამდე თუ გზა არ იყო, არც როშკამდე მისასვლელია კარგ მდგომარეობაში. როგორც ომარ ჯაბუშნური ამბობს, ამაზეც მიიღო დაპირება პარლამენტიდან, რომ რეაბილიტაციას განახორციელებენ.
„ზამთარში როშკაშიც 4 ოჯახი რჩება. აქაც რეაბილიტაციას საჭიროებს გზა. ძლივს ამოვიყვანეთ ტექნიკა. პარლამენტში ვიყავი და მაგაზეც ვთხოვე დახმარება. ისე არ გამოგვივიდეს, როშკა-არხოტი კარგი გზა იყოს და როშკამდე მისასვლელი გზა არ გვქონდეს-მეთქი. დადებითი პასუხი მომცეს. იდეა მოეწონათ და გავაკეთებთო.
ერთი სიტყვით, ძალიან დიდი იმედით და ხალისით ვმუშაობთ. არხოტს დაგახვედრებთ, დაგპატიჟებთ. ამჟამად ცხოვრობს 3 ოჯახი, ზაფხულში რომ გადმოხვალთ, უკვე ბევრი დაგვხდებათ და თვითონ დაელაპარაკებით", - ჩვენც გვაიმედებს არხოტის მცხოვრები.
წყარო: Ipress.ge