8 დეკემბერს, მწერალთა სახლში ლიტერატურული ჟურნალის - „ფანტასტის" მეორე ნომრის პრეზენტაცია მოეწყობა. ჟურნალში წარმოდგენილია ჰოვარდ ლავკრაფტის, ასევე ქართველი ავტორების ფანტასტიკური ჟანრის ნაწარმოებები.
კლუბი „ფანტასტი" 2014 წლის სექტემბრიდან არსებობს (მიმდინარე წლის მარტში ოფიციალური სტატუსი მიიღო) და ფანტასტიკის რამდენიმე ათეულ მოყვარულს აერთიანებს - ძირითადად ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებს.
ჟურნალის პირველი ნომერი მაისის ბოლოს გამოვიდა. კლუბის დამფუძნებლისა და ჟურნალის მთავარი რედაქტორის, მწერალ ირაკლი ლომოურის განცხადებით, „ფანტასტი" ლიტერატურული სახელოსნოს ფუნქციას ასრულებს. „ესაა სასწავლო-შემოქმედებითი სტუდია, სადაც ახალბედა ფანტასტების დაოსტატება ხდება. მათ ნაწერებს ერთობლივად ვარჩევთ და საუკეთესოებს ვაქვეყნებთ კიდეც. სწორედ ამიტომ ვერასოდეს შევეშვებით ამ საქმეს, რადგან ახალგაზრდების ანთებულ თვალებს ვხედავთ",- აღნიშნავს ლომოური.
პრეზენტაცია მწერალთა სახლში 18:00 საათზე დაიწყება