კომპანიის დამფუძნებლის მიხეილ კვეტენაძის თქმით, კომპანია მოემსახურება როგორც ბროკერებს, ასევე, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვით დაინტერესებულ ადამიანებს.
როგორც კვენეტაძემ „Event Hall"-ში შეკრებილ სტუმრებს განუცხადა, მომხმარებელს, რომელიც უძრავ ქონებას ყიდულობს, შეუძლია, დარეგისტრდეს „2X2.ge"-ზე რამდენიმე წუთის განმავლობაში და რეგისტრაციის შემდეგ, მას შეეძლება ვაჭრობის პროცესში ჩაერთოს.
„დღეს გვაქვს დემონსტრაცია ახალი პლატფორმის. „2X2" ეს არის ახალი პლატფორმა, რომელიც დაეხმარება ბროკერებს თავიანთი პროფესიული საქმიანობის გამარტივებაში, ასევე გამყიდველებს, რომ უფრო მარტივად გაყიდონ, მყიდველებს, რომ შესაბამისი ნივთი დროულად შეიძინონ. ეს არის დინამიკური ვაჭრობის მექანიზმი, სადაც თქვენ დინამიკაში კონკურენტებთან ერთად შეგიძლიათ დაადგინოთ ფასი. ასეთი ვაჭრობის მექანიზმი დღემდე საქართველოში არ ყოფილა. ეს არის პირველი მცდელობა, იმედი გვაქვს, რომ წარმატებული იქნება. კომპანიას განსხვავებული აუქციონის ფორმატი ექნება. ეს არის „დაღმავალი აუქციონი", „ივ სეილი", „განვადებით გაყიდვა", „შორტ სეილი". დღეს უძრავ-მოძრავი ქონების განთავსება მფლობელს მხოლოდ გაზეთში შეუძლია, ან ბროკერს უნდა დაუკავშირდეს, დანარჩენი მექანიზმები ბაზარზე არ არსებობს. ამ მხრივაა სწორედ ინოვაციური ჩვენი კომპანია", - განუცხადა კომპანია „2X2"-ის დამფუძნებელმა მიხეილ კვეტენაძემ "პირWელს".
საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის კონსტანტინე სულამანიძის განცხადებით, მსგავსი კომპანიის გაჩენა ბაზარზე კარგი ინიციატივაა.
„კარგი ინიციატივაა. ძალიან მისასალმებელია, რომ უძრავი ქონების გარიგებები მოხდება უფრო თანამედროვე ტექნოლოგიებით. ხელს უწყობს ფასის მაქსიმალური პირობის დადგენას ორივე მხარისთვის. რაც ასევე მნიშვნელოვანია, ამ გარიგებაში მონაწილეობს ქართული ლარი. ტრანზაქციები განხორციელდება ლარში, რაც ხელს შეუწყობს უძრავი ქონების ბიზნესში ლარის, როგორც ვალუტის გამყარებას და ლარისადმი ნდობის გამყარებას. კარგი პროექტი ჩანს და ალბათ მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. დღესდღეობით რაც ჩანს, ყველა ოპერაცია ბროკერების საშუალებით იქნება წარმართული. ბროკერებზეა დიდი როლი, თუმცა, სამომავლოდ შეიძლება ორივე მხარე ყოველგვარი შუამავლის გარეშე დააკავშიროს, ასე ვხედავ, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის და გააიაფებს ამ პროდუქტს", - აღნიშნა სულამანიძემ.
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „სმარტ ფინანსის" წარმომადგენლის თამარ რეხვიაშვილის თქმით, ჯერჯერობით მიკროსაფინასო ორგანიზაციები პროექტში ჩართულები არ არიან, თუმცა მომავალში, კომპანიის დამფუძნებლის თქმით, ეს დაგეგმილია.
„ეს უკვე ჩემი კომპანიის ხელმძღვანელობაზეა დამოკიდებული, რა როლი გვექნება სააუქციონო კომპანიასთან ურთიერთობაში. როგორც მისმა დამფუძნებელმა განმარტა, ჩართულობა შესაძლებელია ისეთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, რომლებიც უშუალოდ მუშაობენ უძრავ ქონებაზე. მომეწონა თვითონ პრეზენტაცია. მთელი გულით ვუსურვებ წარმატებას, რადგან ყოველი სიახლე თოთოეულ ჩვენგანს უნდა გვიხაროდეს. ონლაინ-აუქციონი, ეს არის ძალიან ეფექტური და ბროკერების საკითხი, რაც განიხილა ბატონმა მიხეილმა პრეზენტაციაზე, ყველამ ვიცით, რომ პრობლემური საკითხია. არ არის ეს მიმართულება სწორად ჩამოყალიბებული, ამიტომ რეგულირებადი იქნება ამ კომპანიის საშუალებით ეს ურთიერთობა და საკმაოდ დამაფიქრებელია", - განაცხადა რეხვიაშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციის" თავმჯდომარე გურამ ადამაშვილი კი მიიჩენვს, რომ კომპანია ამ სფეროში მიმდინარე პროცესებს მოაწესრიგებს.
„ძალიან საინტერესო კომპანიაა, რომელმაც ძალიან საინტერესო შინაარსი გადმოგვცა დღეს და აქ დამსწრე საზოგადოება მივხვდით, რომ ძალიან საინტერესო საქმეების გაკეთებას გეგმავს. ვფიქრობ, დღევანდელ უძრავ-მოძრავი, ყიდვა-გაყიდვის ბაზარს ნამდვილად სჭირდება დახვეწილი კომპანია, რომელიც მოაწესრიგებს ამ სფეროში მიმდინარე პროცესებს. წარმატებებს ვუსურვებ „პოზიციის" სახელით", - განაცხადა ადამაშვილმა.
ბროკერ დენის დორჟიევის თქმით, საქართველოს ბაზარზე აღნიშნული კომპანია ახალი პროდუქტია.
„ახალი პროდუქტია საერთოდ საქართველოს ბაზარზე. მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა. ვფიქრობ, ცოტა დრო დასჭირდება, რომ ამუშავდეს. დღეს გამყიდველს უჭირს კლიენტის მონახვა. შეზღუდულია ფიზიკური პირი. ვინც ყიდის, შეუძლია მხოლოდ განათავსოს ინტერნეტსივრცეში განცხადება და ასევე რამდენიმე გაზეთში. შესაბამისად, შეზღუდულია კლიენტის მოძიებაში. ეს კომპანია დაეხმარება მათ, რომ შესთავაზოს უფრო ფართოდ უძრავი ქონება. ამ საიტზე განცხადების განთავსების შემდეგ, მას უფრო მეტი ადამიანი ნახავს, რომელიც შეიძლება დაინტერესდეს და უფრო კარგ ფასში და სწრაფად გაიყიდოს. კომპანია ასევე უფრო დაცულს გახდის ბროკერის საქმიანობას. იმიტომ, რომ ექსკლუზივი არ მუშაობს. ამ საიტზე ფიზიკური პირი თვითონ ვერ განათავსებს განცხადებას, ბროკერის მეშვეობით უნდა განათავსოს. ბროკერთან თუ არ ექნება ექსკლუზიური ხელშეკრულება, ამას ვერ შეძლებს. შესაბამისად, ეს არის შეკრული წრე. არის დაცული როგორც ბროკერის მუშაობა, ასევე გამყიდველისაც", - განაცხადა დორჟიევმა.