რამდენიმე დღის წინ „ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გოკა გაბაშვილისა და მისი ძმის, ლადო გაბაშვილის სატელეფონო საუბარი გავრცელდა, რომლის თანახმად, პარტიაში გიგა ბოკერიასა და სააკაშვილ-ადეიშვილის გუნდი ცალ-ცალკე ფლანგებად გამოიყო.
ჩანაწერების ავთენტურობას პარტიაში ადასტურებენ, თუმცა „კვირის პალიტრასთან" საუბრისას „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ მაჭავარიანი ამტკიცებს, რომ ჩანაწერები ძველია.
„ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ინტერნეტში გავრცელებული ფარული სატელეფონო ჩანაწერები, უკანონოდ, რუსეთის ФСБ-სთან თანამშრომლობითაა მოპოვებული, რაც კიდევ ერთხელ აქარწყლებს განცდას, რომ ხელისუფლება აღარ გვისმენს. რაც შეეხება კონკრეტულად საუბრის შინაარსს, ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ჩანაწერები ძველია, ივნისში უნდა იყოს ჩაწერილი. ამ პერიოდში პარტიიდან ოთხი წევრი, მათ შორის, აღმასრულებელი მდივანი წავიდა და მის ჩასანაცვლებლად შიდა არჩევნები დაინიშნა", -განაცხადა მაჭავარიანმა.
რაც შეეხება პარტიაში ორი ფლანგს - ბოკერიასა და სააკაშვილ-ადეიშვილის გუნდებს შორის დაპირიპირებას - მაჭავარიანი ამბობს, რომ არჩევნების შემდეგ გუნდის წევრებს შორის დაპირისპირება ჩვეულებრივი მოვლენაა.
„ვადასტურებ, რომ მსგავსი საუბრები პარტიაში მართლაც იყო, მაგრამ ამ ჩანაწერების შემდეგ პარტიის წევრები კიევში სააკაშვილსა და დანარჩენ ლიდერებს შევხვდით და შევთანხმდით, რომ ამ ეტაპზე, ყველა პრობლემას გვერდზე გადავდებდით და საერთო მიზნისთვის ერთ გუნდად ვიბრძოლებდით... დიახ, აღმასრულებელ მდივნად შერჩევის პროცესში დაძაბულობა არსებობდა, სერგო რატიანთან ერთად, აღმასრულებელი მდივნის კანდიდატად გიორგი ვაშაძეც იყრიდა კენჭს, მაგრამ მსგავსი კონფლიქტები ხომ ოჯახებშიც ხდება?!" - აცხადებს მაჭავარიანი.
დეპუტატის მტკიცებით, კოფლიქტი ამოიწურა.
„ვიმეორებ, კონფლიქტი ამოიწურა. ამ სატელეფონო საუბრის შემდეგ გიგი უგულავაც ციხიდან ერთი დღით გამოვიდა და მიხეილ სააკაშვილთან გაურკვევლობის თემაც ამოიწურა", -განაცხადა მაჭავარიანმა.
წყარო: „კვირის პალიტრა"
(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)