„სამწუხაროდ, ქართული ფეხბურთი ისეთ მდგომარეობაშია, ძნელია წარმატებაზე ფიქრი", - ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ „კვირის პალიტრას" განუცხადა.
ნანობს თუ არა, რომ საქართველოს ნაკრების გაწვრთნას დათანხმდა, ქეცბაია პასუხობს:
„არა, რადგან თავიდანვე ვიცოდი, სად მივდიოდი და როგორი რთული საქმე მელოდა... ჩვენც, ფეხბურთელებსაც, ჩვენს გარეშემო მყოფებსაც ძალა არ დაგვიშურებია და რაც შეგვეძლო, გავაკეთეთ ნაკრებისთვის, უკეთესობისკენაც შეიცვალა რაღაცები, მაგრამ... სამწუხაროდ, ქართული ფეხბურთი ისეთ მდგომარეობაშია, ძნელია წარმატებაზე ფიქრი. თუ შევადარებთ, როგორ ვითარებაში ჩავიბარეთ გუნდი, ფაქტია, რომ გაცილებით მეტი შევძელით, ვიდრე ჩვენმა წინამორბედებმა. ამ ტენდენციას ჩვენი შემცვლელებიც გააგრძელებენ თუ არა, დრო გვიჩვენებს! მეც ძალიან მწყდება გული, ყველა გეგმა რომ ვერ განვახორციელეთ, ქომაგს იმედი გავუცრუეთ, მაგრამ სურვილი ერთია და შესაძლებლობა - მეორე!" - განაცხადა ქეცბაიამ.
წყარო: გაზეთი „კვირის პალიტრა"
(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)