შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული შავლეგ კ. და 1980 წელს დაბადებული პაპუნა ქ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ პაპუნა ქ-მ ცეცხლსასროლი იარაღები შეიძინა და შავლეგ კ-ს საცხოვრებელ სახლში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა.
სამართალდამცველებმა, შავლეგ კ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, „კალაშნიკოვის" კონსტრუქციის „ა-კა-74"-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, „თშ 870"-ის მოდელის გლუვლულიანი სანადირო თოფი, ჰორიზონტალურად მოძრავი ჩამკეტით და ცილინდრული ფორმის მჭიდით, ასევე, სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 38 საბრძოლო ვაზნა, 1 მჭიდი, ხელთათმანები და შავი ფერის ქუდი ამოიღეს.
ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად ბრალდებულებს ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის მოხმარების ფაქტი დაუდგინდათ. დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).