„ჩემამდე საქართველოს ნაკრებში მსოფლიო დონის მწვრთნელებმა - ტოპმიოლერმა და კუპერმა იმუშავეს და მიაღწიეს რამეს?!" - ამის შესახებ თემურ ქეცბაიამ „კვირის პალიტრას" განუცხადა. საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელის თქმით, მათთან შედარებით, მას გაცილებით უკეთესი შედეგი ჰქონდა.
„კუპერს 16 მატჩში 12 წაგება და 4 ფრე ჰქონდა, ჩემი მუშაობის პირველი წელი კი, საერთოდ წაუგებლად ჩავამთავრეთ. მაგრამ მერე, ნაკრები გამოცდილმა ფეხბურთელებმა დატოვეს...
როცა ვნახეთ, რომ ჯგუფიდან გასვლის შანსი აღარ იყო, აქცენტი ახალი გუნდის შენებაზე გავაკეთეთ. გამოცდილი ფეხბურთელები წავიდნენ, ახალგაზრდა ბიჭები კი არ აღმოჩნდნენ მზად ეროვნული ნაკრებისთვის... ეროვნული გუნდის ფეხბურთელი სათამაშო პრაქტიკას ნაკრებში რომ იღებს, რაღაზეა ლაპარაკი?! ასეთი რამ სხვაგან არსად ხდება. ნაკრებში უნდა თამაშობდნენ ფეხბურთელები, რომლებიც კონკრეტულ მომენტში საუკეთესო ფორმაში არიან. ჩვენ კი, წლების განმავლობაში გვიწევდა თამაში მოთამაშეებით, რომლებსაც კლუბში სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდათ... ფეხბურთის თამაში ვიცითო, რომ გავიძახით, კი, 20-30 წლის წინ მართლაც ვთამაშობდით, მაგრამ ახლა... 2-3 გამონაკლისის გარდა, ნორმალურ ევროპულ კლუბში ფეხბურთელი აღარ გვყავს, ჩემპიონთა ლიგაში მოთამაშე ქართველზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ფეხბურთის თამაში ჭამა-სმა არ არის, ამაში რომ შევეჯიბროთ ვინმეს, თანამედროვე ფეხბურთში სხვა მოთხოვნებია!" - ამბობს ქეცბაია.
წყარო: გაზეთი „კვირის პალიტრა"
(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)