პასუხის პასუხი - ბოტანიკური ბაღის ყოფილი დირექტორი ნინო გოცაძე თბილისის ვიცე-მერ ირაკლი ლექვინაძის განცხადებას პასუხობს. ბოტანიკური ბაღის ყოფილი დირექტორი სვამს კონკრეტულ შეკითხვებს და კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ თანამდებობიდან წასვლა მისი სურვილით არ მომხდარა:
„ვეხმაურები ბატონი ირაკლი ლექვინაძის წერილს, რომელიც ეხება ჩემი დირექტორობიდან წასვლას.
მინდა, შევახსენო ბატონ ირაკლის კონსტრუქციულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიიღეს ჩემგან დამოუკიდებლად, ყოველგვარი წინასწარი მოლაპარაკებების და შეთანხმების გარეშე და მე დავდექი ფაქტის წინაშე. ზეწოლა გამოიხატება იმაში, რომ ხმამაღლა განმიცხადეს, რომ აზრი არ ჰქონდა შეწინააღმდეგებას, მაინც მოხდებოდა ჩემი გაგდება და ჩემგან პროტესტს აზრი არ აქვს. დაფიქრების საშუალებაც არ მომეცა, წინ დამიდეს განცხადება ხელის მოსაწერად, მიუხედავად ჩემი მხრიდან არაერთი თხოვნისა. მისი დაპირება იყო ის, რომ მე უნდა დავრჩენილიყავი ბაღში, გამეგრძელებინა მუშაობა და მეხელმძღვანელა სამეცნიერო მიმართულებისთვის. ახალი დირექტორი თამაზ დარჩიძე კი გაუწევდა ზოგად მენეჯმენტს სამი სტრუქტურის მართვას და ფინანსურ მხარეს. მისი მხრიდან შემოთავაზება გაურკვეველ პოსტზე კი მოხდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც რეალურად აღმოჩნდა, რომ დაპირებების და მყარი გარანტიების მიუხედავად, დავრჩი მოტყუებული და მოვთხოვე პასუხი დანაპირების შესრულებაზე.
აქვე დავძენ, რომ მე არ მიფიქრია პოსტიდან საკუთარი ნებით წასვლა. უფრო მეტიც, მქონდა ბევრი გეგმა და სამომავლო პროექტი ბაღის განვითარებასთან დაკავშირებით. ამ პროექტებზე არაერთგზის მისაუბრია შესაბამის პირებთან და მათ განხორციელებას ვგეგმავდით ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურთან ერთად. მომზადებული მაქვს ბიომრავალფეროვნების გლობალურ სტრატეგიაზე დაყრდნობით ბოტანიკური ბაღის განვითარების სტრატეგია, რომლის პრეზენტაციას უახლოეს მომავალში ვგეგმავდი. დეკემბრის პირველივე კვირაში დაგეგმილი მქონდა და შეთანხმებული ეთნობოტანიკური გამოფენის მოწყობა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოწვევა ბაღში.
რაც შეეხება შენიშვნებს ჩემს მიმართ, რაზეც ბატონი ირაკლი აღნიშნავს, მე მზად ვიყავი კომუნიკაციისთვის, არაერთხელ დამირეკავს, რომ ჩემგან მოესმინა ბაღის პრობლემები და მასთან ერთად გადამეჭრა ყველა საკითხი. თუმცა, მისი პოსტზე დანიშვნის შემდეგ, უმეტეს შემთხვევაში იგნორირებას უკეთებდა ჩემს ზარებს, როცა ვხვდებოდი და ეს მოხდა მხოლოდ რამდენჯერმე, მაშინაც პირადად საუბრის საშუალება არ მეძლეოდა.
და თუ რამე ვერ კეთდებოდა ისე, როგორც მე მინდოდა და საჭირო იყო, ან მერიის წარმომადგენლებს არ მოსწონდათ, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მთელი წლის მანძილზე მქონდა ხელისშეშლა. ამის დამადასტურებელი კორესპონდენცია არსებობს ბაღში, ერთი საკითხის გადაჭრას მათი მხრიდან 3-4 თვე სჭირდებოდა და მიწევდა ყოველდღიურ რეჟიმში მათთან ამ საკითხებზე ჭიდილი. ხელის შეშლის მიუხედავად, ქალაქში ბაღის ცნობადობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და საშუალოდ 40-50 %-ით მოიმატა ვიზიტორთა რიცხვმა. განხორციელდა უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი. ეს ყველაფერი მომზადებული მაქვს წლიურ ანგარიშში. ბოლო ორი თვის მანძილზე რამდენჯერმე ვთხოვე ბატონ ირაკლის, უზრუნველყოფა გაეკეთებინა, რომ მოესმინა ქალაქის მთავრობას ჩემი მუშაობის წლიური ანგარიში, რასაც ვერ მივაღწიე.
დასტური იმისა, რომ მე ხელის შეშლა მქონდა მერიის მხრიდან, არის თუნდაც ის, რომ ნუგზარ კახნიაურმა და ირაკლი ლექვინაძემ პირადად მომახალეს, რომ ახალ დირექტორს ექნება მათი მხრიდან მაქსიმალური ფინანსური და მორალური მხარდაჭერა და მოქმედების სრული თავისუფლება. ეს ახალმა დირექტორმაც დაადასტურა. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ფაქტს, რომ მიზანმიმართულად მოხდა ჩემი მოტყუებით და ცრუ დაპირებებით თავიდან მოცილება, რადგან ჩემი სახით ხედავენ საფრთხეს, რომ ხელს შევუშლი მათი სამომავლო გეგმების განხორციელებას.
რაც შეეხება ბატონი ირაკლის განცხადებას, რომ დაგეგმილია სამეცნიერო მიმართულების გაძლიერება, როგორ ფიქრობთ, როგორ განხორციელდება ეს, როცა ხდება ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, ბოტანიკოსის, ბაღში დიდი სამუშაო გამოცდილების მქონე ადამიანის მოცილება და მის ნაცვლად არასპეციალისტის, კონკრეტულად ისტორიკოსის დანიშვნა, რომელსაც სამეცნიერო მუშაობის გამოცდილებაც კი არ აქვს და ბაღის კურატორი, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე, არის ასევე არასპეციალისტი, რომელსაც აქამდე არანაირი შეხება არ ჰქონია გარემოს დაცვასთან, ეკოლოგიასთან და მით უმეტეს, ბოტანიკურ ბაღთან, ანალიზი თქვენთვის მომინდვია", - ნათქვამია გოცაძის განცხადებაში.
გოცაძის ეს განცხადება პასუხია თბილისის ვიცე-მერ ირაკლი ლექვინაძის გუშინდელ განცხადებაზე, რომელშიც თბილისის მიცე-მერი ბოტანიკური ბაღის ყოფილი დირექტორის ნინო გოცაძის ბრალდებებს პასუხობდა (იხილეთ ნინო გოცაძის განცხადება - http://reportiori.ge/?menuid=3&id=83407 ). ირაკლი ლექვინაძის განცხადებას, რომელიც პრეს-სამსახურმა გაავრცელა, უცვლელად გთავაზობთ:
„ქალბატონ ნინო გოცაძესთან ბოლო პერიოდში, პრაქტიკულად, ყოველდღიური კომუნიკაცია გვქონდა. გვქონდა რამდენიმე შეხვედრა. ერთ-ერთ შეხვედრაზე ვიყავი ჩემი ადმინისტრაციის თანამშრომელთან ერთად. გუშინდელ დღემდე ძალიან კონსტრუქციული საუბარი გვქონდა.
როდესაც ქალბატონი ნინო საუბრობს ზეწოლაზე, შემიძლია, პირდაპირ გითხრათ, რომ ცრუობს. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, არანაირ მსგავსი ტიპის საუბარს ჩვენs შორის ადგილი არ ჰქონია. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ გვქონდა ძალიან კონსტრუქციული საუბარი მომავალ გეგმებზე. მათ შორის, ქალბატონ ნინოს ალტერნატიული სამსახური შევთავაზეთ.
ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ არანაირ ზეწოლას ან მსგავსი ტიპის საუბარს ადგილი არ ჰქონია. ჩვენ ძალიან კონსტრუქციულ რეჟიმში მივიღეთ გადაწყვეტილება და ქალბატონმა ნინომ თავად დაწერა განცხადება გადადგომის შესახებ. მის მუშაობასთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა გარკვეული შენიშვნები, სწორედ ამაზე იყო საუბარი შეხვედრებზე.
გარდა ამისა, ვფიქრობთ, რომ ბოტანიკური ბაღის წინაშე დგას ახალი გამოწვევები. თბილისში რამდენიმე სარეკრეაციო ზონის განვითარებას ვაპირებთ. გვინდა, რომ ამ სარეკრეაციო ზონებს ახალი მენეჯმენტი ჰყავდეს. ბოტანიკური ბაღი თბილისის ცენტრალურ უბანში მდებარე მნიშვნელოვანი ობიექტია, რომელსაც ისტორიული დანიშნულება აქვს და სამეცნიერო კუთხით მნიშვნელოვანია. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ ახალი მენეჯმენტის პირობებში უნდა მოხდეს ბოტანიკური ბაღის მეტად განვითარება. ასევე ვფიქრობთ ბაღის გაფართოებასა და სამეცნიერო პოტენციალის უკეთ გამოყენებაზე. ეს ყველაფერი გვინდა აისახოს ვიზიტორების ზრდაზე. სამწუხაროდ, როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ვიზიტორებს შორის ბოტანიკური ბაღი დიდი პოპულარობით არ სარგებლობს. ჩვენ გვინდა, რომ არსებული სამეცნიერო პოტენციალი გამოვიყენოთ უკეთესად. ასევე ვფიქრობთ იქ არსებული მცენარეების შენარჩუნებაზე. უნდა მოხდეს მათი განახლება. ის უწესრიგობები, რომელიც დღეს ფიქსირდება ბოტანიკურ ბაღში, იყოს მაქსიმალურად გამოსწორებული.
ბოტანიკურ ბაღში არანაირი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება არ იგეგმება. ჩვენ არ ვუყურებთ ბოტანიკურ ბაღს, როგორც ბიზნესის კეთების საშუალებას. ბოტანიკური ბაღისა და ახალი მენეჯმენტის წინაშე ორი მთავარი ამოცანა დგას: არსებული სამეცნიერო პოტენციალის უკეთ გამოყენება - იქ არსებული მცენარეული რესურსის შენარჩუნება და განახლება და ვიზიტორების ზრდის მიღწევა", - ნათქვამია ირაკლი ლექვინაძის საპასუხო განცხადებაში.