მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე სიცრუეს უწოდებს შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის ალეკო ელისაშვილის განცხადებას, სადაც ელისაშვილი საუბრობდა, რომ მას და ყოფილ მთავარ პროკურორ გიორგი ბადაშვილს იმ პოლიტიკოსების სახელები და გვარები მიაწოდა, რომლებიც კონკრეტული პატიმრების შეწყალებით არიან დაინტერესებულნი.
„ალეკო ელისაშვილის განცხადება არის სრული სიცრუე. მე მას მართლაც შევხდი, თუმცა ეს ეხებოდა მისი სკოლის მასწავლებელს თუ დირექტორს, რომელიც ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეში იყო დაზარალებული და პროკურატურისგან კუთვნილი თანხის დაბრუნებაში ითხოვდა დახმარებას. ამ შეხვედრას ესწრებოდა იმ რაიონის პროკურორიც, რომელიც აღნიშნულ საქმეზე ახორციელებდა ზედამხედველობას. ასევე ესწრებოდა ჩვენი სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. გუშინაც ვესაუბრე გიორგი ბადაშვილს. სხვა შეხვედრა ჩვენ მასთან არ გვქონია და შესაბამისად, მისი განცხადებები, რომ მოგვაწოდა რაიმე ინფორმაცია კონკრეტული სახელებისა და გვარების შესახებ, ან იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელზეც თავად საუბრობს, არის სიცრუე", - განაცხადა გოგაძემ.
ალეკო ელისაშვილის მტკიცებით, „ქართული ოცნების" ზოგიერთი მაღალჩინოსანი კონკრეტული პატიმრების შეწყალებით არის დაინტერესებული, რის გამოც ისინი შეწყალების კომისიის თავმჯდომაროების პერიოდში მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ.
ალეკო ელისაშვილის განცხადების საფუძველზე დაწყებულია გამოძიება, რომელიც 339-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით, ზეგავლენით ვაჭრობა მიმდინარეობს.