reportiori.ge - რეკომენდაციები მშობლებს წინასაახალწლოდ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 05:59
სხვადასხვა
რეკომენდაციები მშობლებს წინასაახალწლოდ
ავტორი:
09 დეკემბერი, 2015. 20:27



პიროტექნიკის გამოყენება - პროცესი, რომელსაც ქართული კანონმდებლობა ვერ არეგულირებს


ახალი წლის დადგომასთან ერთად, ბაზარზე საახალწლო პიროტექნიკა, ანუ ასაფათქებელი მოწყობილობები შემოდის. მისი გაყიდვა და მოხმარება ამ ეტაპზე არანაირი კანონმდებლობით არ რეგულირდება. პიროტექნიკის შეძენა ყველა ასაკის წარმომადგენელს შეუძლია. არადა, საკმაოდ სახიფათო „ასაფეთქებლებს" ყოველწლიურად ადამიანთა ჯანმრთელობა და ხანდახან სიცოცხლეც კი ეწირება.


როგორც ჩანს, სახელმწიფო მხოლოდ მომხმარებლის მიერ გამოჩენილ გონიერებასა და სიფრთხილეზეა დამოკიდებული. თუმცა, რამდენად სწორია ეს დამოკიდებულება, როცა პიროტექნიკის შეძენა მცირეწლოვან ბავშვებსაც შეუძლიათ, ხოლო თავად პროდუქციას ხშირ შემთხვევაში გამოყენების ინსტრუქცია ქართულ ენაზე არ ახლავს. ახალი წელი ახლოვდება და ჩვენ პრევენციის მიზნით შევეცადეთ მაქსიმალურად ბევრი ინფორმაცია, კომენტარი და რეკომენდაციები მივაწოდოთ მკითხველს. მითუმეტეს, როცა რამდენიმე დღის წინ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლს თვალი დაუზიანდა. ის ბავშვების მიერ გადაგდებული ე.წ. ასაფეთქებლის მსხვერპლი გახდა.


როგორც სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი, გუგა ქაშიბაძე ამბობს, საახალწლო სეზონის დადგომისთანავე ცენტრში უკვე პიროტექნიკით დაზიანებულმა რამდენიმე პაციენტმა მიაკითხა.


„მეტრონომი": ბატონო გუგა, ახალი წლის პერიოდში საახალწლო პიროტექნიკით  დაზიანებული ბევრი მოგმართავთ დამწვრობის ცენტრში?


გუგა ქაშიბაძე: წელს საბედნიეროდ სულ რამდენიმე შემთხვევა იყო, მაგრამ ახალი, თუ ძველით ახალი წლის პერიოდი ჯერ კიდევ წინ არის. შარშან 80-მა პაციენტმა მოგვმართა ხეჩინაშვილის კლინიკას, საიდანაც აქედან 20-ს დასჭირდა სტაციონალური მკურნალობა, ანუ დაწვენა, ხოლო 12-ს დასჭირდა ქირურგიული ჩარევა.


- რა დაზიანებები აღენიშნებოდა უმრავლესობას?


- უმრავლესობას ჰქონდა დაზიანებები მარჯვენა მტევანზე, სახეზე და ქუთუთოებზე.


- დაზიანებულ პაციენტთა შორის ბავშვების რაოდენობის პროცენტული მაჩვენებლი რამდენია?


- შარშან პაციენტების საერთო რაოდენობიდან 60 % ბავშვები გახლდათ. წელს ჯერ სულ 6 შემთხვევა იყო და პაციენტები ბავშვებიც იყვნენ და მამაკაცებიც.


 - დაზიანების  ძირითად მიზეზებზე თუ საუბრობენ ხოლმე პაციენტები?


- ამის გამოკითხვა ჩვენი მხრიდან არ მიმდინარეობს, მაგრამ ძირითადი მიზეზი  გაუფრთხილებლობაა. ეს არის ტრავმა, რომლის თავიდან აცილება თავისუფლად შეიძლება. თუ, რა თქმა უნდა, ვინმე ძალით სახლში არ შემოგიგდებს პიროტექნიკა, ისევე როგორც ცოტა ხნის წინ საწყალ მძღოლს შეუგდეს ასაფეთქებელი მანქანაში ბავშვებმა და თვალი დაიზიანა. ბუნებრივია, მას არ შეეძლო ამის თავიდნ აცილება. მაგრამ როცა უსაფრთხოების ზომებს არ დაიცავ და ხელში აგიფეთქდება, ეს რა თქმა უნდა, გაუფრთხილებლობის შედეგია.


- რა უნდა გააკეთოს ადამიანმა პირველად, თუ პიროტექნიკით დამწვრობა მიიღო?


-ასეთი პაციენტები ბუნებრივია მხოლოდ დამწვრობის ცენტრში არ ხვდებიან. ისინი დაზიანების მიხედვით, თვალის კლინიკაში და სხვადასხვა ქირურგიულ კლინიკებში თავსდებიან. დამწვრობის შემთხვევაში საჭიროა გამდინარე ცივი წყალი იმ წუთშივე, ანტიბაქტერიული მალამო და ექიმთან ვიზიტი.


მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ნელი ნაჭყებია ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ მიუხედავად საკანონმდებლო დონეზე დაყენებული საკითხისა, ნებისმიერ პროდუქციას  შემცველობის თუ გამოყენების შესახებ ქართული ეტიკეტი უნდა ჰქონდეს დართული. ეს ვალდებულება კომერციული პირების მიერ ხშირად ირღვევა.


ნელი ნაჭყებია: სურსათის უვნებლობის სააგენტომ შეიმუშავა კანონი, რომლის მიხედვითაც ქართული ეტიკეტი აუცილებლად უნდა იყოს დართული ნებისმიერი სახის პროდუქციაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში რეალიზატორი 400 ლარით ჯარიმდება. მიუხედავად ამისა, უმეტესობას არ აქვს ეს კანონი დაცული და ეს ეხება პიროტექნიკასაც. პირადად მაქვს ნანახი ქართული ეტიკეტის გარეშე ეს პროდუქცია.




თბილისის მერია და შინაგან საქმეთა სამინისტრო პიროეტექნიკის გამოყენებასა და რეალიზაციას ვერ აკონტროლებს. მათი პრესსამსახურების განცხადებით, რაც შეუძლიათ, მხოლოდ მოქალაქეებისთვის სიფრთხილისკენ მოწოდებაა.


მერიის პრესსამსახური: როგორც შარშან, წელსაც  განცხადებას გავავრცელებთ, რომ მოქალაქეებმა დაიცვან უსაფრთხოება. მერია ამას ვერ აკრძალავს, ამის ბერკეტი არ აქვს.


შსს-ს პრესცენტრი: პოლიცია ყურადღებას აქცევს უსაფრთხოებას. რაც შეგვიძლია არის ის, რომ მოვუწოდებთ მოქალაქეებს მაქსიმალურად ფრთხილად გამოიყენონ ნებისმიერი საახალწლო პიროტექნიკა. გაყიდვების კონტროლს ჩვენ ვერ ვახდენთ. ეს ფინანსურ პოლიციას ეხება ალბათ. სიფრთხილისკენ ყოველთვის მოვუწოდებთ მოქალაქეებს და ამაზე განცხადებას გავაკეთებთ.


ჩვენი რესპონდენტების უმრავლესობამ პრობლემად ქცეული საახალწლო გართობის შესახებ ზუსტი პასუხის მისაღებად, საკანონმდებლო ორგანოსკენ მიგვითითა. ფრაქცია „ქართული ოცნების" დეპუტატმა, ანი მიროტაძემ „მეტრონომის" მიერ დასმულ საკითხს აქტუალური და შესაბამისად, აუცილებლად სამსჯელო უწოდა. თუმცა, როდის მიიღებს მთავრობა ამ საკითხზე ქმედით გადაწყვტილებას, გამოცანად რჩება.


ანი მიროტაძე, დეპუტატი, ფრაქცია „ქართული ოცნება":  თუ პეტიცია შემოვა, აუცილებლად მოხდება მისი დარეგისტრირება. პარლამენტში არსებობს პროცედურები, რომელიც უნდა გაიაროს პეტიციამ, ამიტომ ჯერ, როცა არც პეტიცია არსებობს, ვერ გეტყვით დაჩქარებულად ვიმსჯელებთ საახალწლო პიროტექნიკის კანონის გამკცარების შესახებ თუ არა.


- თქვენი პირადი აზრი როგორია?


- რაც საფრთხის შემცვლელია და ჯანმრთელობას ხელს უშლის, გადასახედია. ბავშვმა არ იცის, რა საკვირველია, რა საფრთხე შეიძლება ახლდეს იმ გასართობს, რასაც იყენებს.  მშობლებმა, უფროსებმა, ვინც ამას ყიდულობს, ხომ იცის რომ ეს ასაფეთქებელი საშუალება არის სახიფათო ჯანმრელობისთვის. თუ კანონი გასამკაცრებელია, ვფიქრობ, რომ უნდა გამკაცრდეს. ამ დრომდე მე ამ საკითხთან დაკავშირებით არ მიმუშავია. რადგან თემა აქტუალურია, რა თქმა უნდა, უნდა იყოს მსჯელობა.


როგორც „მეტრონომისთვის" ცნობილი გახდა, საქართველოში საახალწლო პიროტექნიკის გაყიდვისა და მოხმარეების საკანონმდებლო დონეზე მკაცრი რეგულაციისთვის პეტიცია მზადდება, რომელიც უახლოეს დღეებში შევა პარლამენტში. მანამდე კი ჩვენს მკითხველს სიფრთხილისკენ მოვუწოდებთ და პიროტექნიკის გამოყენების რამდენიმე წესს გაგაცნობთ, რომელიც მიუხედავად წარმოუდგენელი სიმარტივისა, მომხარებელთა  იმ ნაწილმა არ დაიცვა, რომელიც დაზიანდა:


* მიაქციეთ ყურადღება საახალწლო პიროტექნიკის ვადას - ეს მნიშვნელოვანია.


* აუცილებლად გაეცანით პროდუქტზე აღნიშნულ მოხმარების წესებს (თუ ის საერთოდ გააჩნია... )


* ასაფეთქებლად გამზადებულ პიროტექნიკას ხელში ნუ დაიტოვებთ. აუცილებელია ე.წ. „ასაფეთქებელი" ცეცხლის წაკიდებიდან იმ წამსვე გადაგდოთ, რა თქმა უნდა, ადამიანებისგან თავისუფალ სივრცეში.


* ე.წ. „მაშხალები", რომელსაც ახალი წლის პერიოდში სახლიდან ისვრიან, სახიფათოა! მათი უმრავლესობის მოხმარების წესი გულისხმობს მიწაზე დამაგრებას და ადამიანის რამდენიმე მეტრით მოშორებას.


* თუ მაინც სახლიდან „ისვრით" „ასაფეთქებელს" და მას ცეცხლი არ წაეკიდა, ან ჩაქრა, ნუ ჩაიხედავთ პიროტექნიკაში იმის შემოწმების მიზნით, თუ რა არის ცეცხლის ჩაქრობის მიზეზი. შესაძლოა თვალი დაიზიანოთ.


* ბინაში ნუ აანთებთ და ნუ გამოიყენებთ საახალწლო პიროტექნიკას. ნურც მეზობელს შეუგდებთ ასაფეთქებლებს. ყველა შემთხვევაში, მივმართავთ მშობლებს, რომ ბავშვები მარტო არ დატოვონ ასაფეთქებელ მოწყობილობებთან.


ცნობისთვის, შეერთებულ შტატებში საახალწლო პიროტექნიკის გამოყენება მკაცრად რეგულირდება. რიგ შტატებში ის საერთოდ აკრძალულია, სხვა შტატებში კი მხოლოდ გარკვეული ნაწილის გაყიდვა-მოხმარება შეიძლება.


წყარო: metronome.ge, მანა ნოდია



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016