უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებს კიდევ ერთი ქართველი ემსხვერპლა. ირაკლი ქუთელია დონეცკის აეროპორტის მახლობლად საბრძოლო მანქანის ნაღმზე აფეთქების შედეგად დაიღუპა. მასთან ერთად გარდაიცვალა კიდევ ერთი და დაშავდა 7 მებრძოლი.
გავრცელებული ინფორმაციით, ქვეითთა საბრძოლო მანქანის აფეთქება, სადაც ქართველი მოხალისეც იმყოფებოდა, დასახლება ოპიტნოესთან მოხდა. მებრძოლები 93-ე ბრიგადაში მსახურობდნენ და ისინი დავალებაზე გადიოდნენ.
დაღუპული ირაკლი ქუთელია უკრაინის მოქალაქეა. მომხდარს ადასტურებს უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მიხეილ უკლება.
„როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, მანქანა ნაღმზე აფეთქდა და დაიღუპა ორი ადამიანი, მათ შორის ირაკლი ქუთელია. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ის უკრაინის მოქალაქეა", - განაცხადა მიხეილ უკლებამ.