თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ იგი საგამოძიებო უწყებას მიმართავს, შეისწავლონ აღნიშნული განცხადება, რომლის მიხედვითაც ე.წ.კორტების სპეცოპერაციის საქმეზე გასამართლებულების ახლობლები მას ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ და თუკი გამოიკვეთება დანაშაული, დადგეს შესაბამისი პასუხისმგებლობის საკითხი.
„გადაწყვეტილი მაქვს, მივმართო საგამოძიებო ორგანოს, სათანადო რეაგირებისთვის. არავისთვის გასაკვირი არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ უზომოდ შეურაცხყოფილი ვარ ასეთი უსინდისო და შეურაცხმყოფელი ინფორმაციის გავრცელებით, რომელშიც მსჯავრდებულთა ოჯახის წევრებთან ერთად სამწუხაროდ, მონაწილეობდა ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი. მან ნაცვლად იმისა, რომ კარგად შეესწავლა საქმის მასალები და სამართლებრივი გზებით ეზრუნა კლიენტის ინტერესების დასაცავად, ასეთი ბინძური კამპანიის წარმართვა გადაწყვიტა, რაც სხვა არაფერია, თუ არა მოსამართლეზე ერთგვარი შურისძიება მის მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გამო", - განაცხადა ბადრი კოჭლამაზაშვილმა.
მისი თქმით, თუკი მიზანმიმართულ ცილისწამებასთან არ გვაქვს საქმე და თუ ამ დეზინფორმაციის გამავრცელებელი პირები მიზნად არ ისახავენ მოსამართლისა და სასამართლოს დისკრედიტაციას, მაშინ მათ მიერ დასმულ ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა მათ თავისუფლად შეეძლოთ მოსამართლის ქონებრივ დეკლარაციასთან დაკავშირებით.
„მათ შეეძლოთ, ჩემს ქონებრივ დეკლარაციაზე დაყრდნობით, ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა თავისუფლად. დეკლარაციაში მითითებულია ჩემს მიერ აღებული კრედიტის ოდენობა, რომელიც ავიღე 2011 წელს და მას მერე წლების განმავლობაში ვფარავ ყოველთვიურად. ასევე დეკლარაციაში მითითებულია ჩემი ყოველწლიური შემოსავალის ოდენობა, რომელიც ბევრად აღემატება ჩემს მიერ წინმსწრებად გადახდილი თანხის ოდენობას. არავითარი ორი სესხი მე არ მაქვს. მქონდა ერთი სესხი ორჯერ გამოყენებული იპოთეკით. რაც განპირობებული იყო კრედიტის თავდაპირველად დოლარში აღებით და მოგვიანებით ლარში გადატანით.
მსჯავრდებულების ახლობლების განცხადება ქრთამის აღებასთან დაკავშირებით, ლოგიკას არ ექვემდებარება. საინტერესოა, ვისგან უნდა მიმეღო ქრთამი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანაში? ალბათ ან დაზარალებული მხარისგან ან პროკურატურისგან, მაგრამ მათ თავად გამორიცხეს პროკურატურის წვლილი. რაც შეეხება დაზარალებულებს, მე შეგახსენებთ, რომ ჩემს მიერ გამოტანილი განაჩენი მათთვის დარბაზის დატოვების საფუძველი გახდა. მათ მიიჩნიეს, რომ ჩემს მიერ გამოტანილი განაჩენი მსჯავრდებულებთან მიმართებაში ჰუმანური იყო", - განაცხადა ბადრი კოჭლამაზაშვილმა.