საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის ალეკო ელისაშვილის განცხადებას პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა აფასებს. ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მან წელიწადნახევრის წინ მიაწოდა ინფორმაცია პროკურატურას, რომელშიც იმ მაღალჩინოსნების სახელები და გვარები იყო წარმოდგენილი, ვინც კონკრეტული პატიმრების ოჯახებისგან, შეწყალების სანაცვლოდ, თანხას იღებდნენ.
ლალი მოროშკინა საინფორმაციო პორტალ „პირველი ნიუსი საქართველოსთან" საუბარში ამბობს, გაუგებარია, თუკი ელისაშვილმა პროკურატურას წელიწადნახევრის წინ მიაწოდა მასალები, აქამდე რატომ არავინ გამოიძია.
„რატომ დუმდა მთელი წელი? თუ ეს ნამდვილად ასეა, მაშინ მე მიჩნდება კითხვა, რატომ არ იყო გამოძიებული აქამდე და ვთქვათ, დღეს რატომ ხდება ამ ყველაფრის ფორსირება.
როდესაც მე მაქვს პრეტენზია, კარებზე კაკუნს არ ვწყვეტ. თუ მას ჰქონდა რამე სათქმელი, რეალურად ძალიან დიდი დროა გასული. მას, როგორც დეპუტატს, ყოველთვის შეეძლო საჯარო განცხადების გაკეთება სოციალურ ქსელში, საინფორმაციო გამოშვებებში. სულ არ არის ამისთვის საჭირო მაიცდამაინც პროკურატურიდან ძალისხმევა. მე ძალიან კარგად მახსოვს, როდესაც მე მქონდა პრობლემა სასჯელაღსრულებაში მყოფ რამდენიმე პირთან, როცა არასწორად განკარგეს პრემიები, დააწინაურეს ზონდერები, მე არ მოვერიდე ხმამაღალ განცხადებებს, მიუხედავად იმისა, რომ თავადაც გუნდში ვიყავი და გუნდის წევრად ვთვლი დღესაც თავს.
სხვათაშორის, პროკურატურას გარკვეული მასალები მეც მივაწოდე ერთი წლის წინ და არც არავის დაურეკავს მას მერე, ოღონდ ამ შემთხვევაში არა კორუფციულ თემაზე, არამედ იმ პატიმრებზე, რომელთა განცხადებები განუხილველია, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მტკიცებულება ხელთ აქვთ.
იმედს ვიტოვებ, რომ ირაკლი შოთაძის ხელში ძალიან ბევრი რამე ამოძრავდება და ნახავს მზის შუქს. ირაკლი არის ის დადებითი პერსონა, რომლის სახელთანაც იქნება დაკავშირებული ბევრი ხმაურიანი, მივიწყებული ამბის გახსნა. მე ამის მჯერა. ასევე მჯერა, რომ ზუსტად ის საქმეები, რომელთა დაკავშირებითაც მე მქონდა პროკურატურაში ვიზიტები, ჩამოიღება თაროებიდან", - განაცხადა მოროშკინამ.
წყარო: 1news.ge